LIFE

რეპეტიციისას კედელს სკამი ესროლა? - ადამ დრაივერი ლინა დანემის მძიმე ბრალდებებს პირველად გამოეხმაურა

რეპეტიციისას კედელს სკამი ესროლა? - ადამ დრაივერი ლინა დანემის მძიმე ბრალდებებს პირველად გამოეხმაურა

სერიალ „გოგონების“ შემქმნელმა, ლინა დანემმა მსახიობი ადამ დრაივერი გადასაღებ მოედანზე არაკორექტულ და აგრესიულ ქცევაში დაადანაშაულა. სკანდალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, დრაივერმა მომხდარს პირველად უპასუხა. ეს კანის კინოფესტივალზე, მისი ახალი ფილმის, „ქაღალდის ვეფხვის“ პრესკონფერენციაზე მოხდა.

დანემმა დრაივერთან მუშაობის მძიმე გამოცდილება თავის ახალ მემუარებში, „Famesick“, დეტალურად აღწერა. მსახიობი ამტკიცებს, რომ ადამი ხშირად იყო გაღიზიანებული, ავლენდა აგრესიას არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც. მისი თქმით, ერთხელ მსახიობმა მის გვერდით კედელს სკამიც კი ესროლა.

კანის კინოფესტივალზე დასმულ მწვავე კითხვას დრაივერმა სერიოზული განმარტებების ნაცვლად, იუმორით უპასუხა:

„ამ საკითხზე კომენტარი არ მაქვს. ამ ყველაფერს ჩემი საკუთარი მემუარებისთვის შევინახავ“, - თქვა მან, რასაც დარბაზში სიცილი და აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეცი“ - რას იხსენებს ლინა დანემი?

თავის წიგნში ლინა დანემი ერთ-ერთ კონფლიქტს საკმაოდ დრამატულად აღწერს. მისი თქმით, კამათის სცენის გადაღებისას დრაივერი პროცესში იმდენად "შეიჭრა", რომ კონტროლი დაკარგა:

„მახსოვს, ჩემს თრეილერში რეპლიკებს რეპეტიციას გავდიოდით, როცა მოულოდნელად სიტყვები დამავიწყდა. პირი გავაღე, მაგრამ მხოლოდ ენის ბორძიკი შევძელი. ადამმა კი დამიყვირა: “თქვი რამე, ჯანდაბას, გამოფხიზლდი! გული მერევა, როცა ასე ერთ წერტილს აშტერდები“ - და იქვე, კედელს სკამი ესროლა“.

მსახიობმა კოლეგას „ნახევრად ადამიანი, ნახევრად მხეციც“ კი უწოდა. მიუხედავად ამისა, დანემი ხაზს უსვამს, რომ დრაივერს დადებითი მხარეებიც ჰქონდა, რის გამოც მათ შემოქმედებითი პარტნიორობა სერიალის დასრულებამდე შეინარჩუნეს: „ის შეიძლება ყოფილიყო ფეთქებადი, სიტყვიერად აგრესიული, მაგრამ ამავე დროს - მზრუნველი და მოსიყვარულეც“.

სკარლეტ იოჰანსონის საპირისპირო პოზიცია

კანის პრესკონფერენცია რეჟისორ ჯეიმს გრეის ახალ ფილმს, „ქაღალდის ვეფხვს“ ეძღვნებოდა, სადაც დრაივერთან ერთად მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ლინა დანემისგან განსხვავებით, იოჰანსონი ადამთან და გადასაღებ ჯგუფთან მუშაობას დიდი სითბოთი იხსენებს.

მსახიობმა ღონისძიებაზე დასწრება პირადად ვერ შეძლო, თუმცა წერილი გაავრცელა:

„ჯეიმსთან და ამ არაჩვეულებრივ სამსახიობო გუნდთან მუშაობა ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება იყო. უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ გავხდი იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც ადამიანურ კავშირებსა და ღირებულებებზე მოგვითხრობს“.

ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა ლინა დანემის ბრალდებებს რაიმე სამართლებრივი გაგრძელება, თუმცა ფაქტია - ადამ დრაივერი სკანდალის გამო პანიკაში ჩავარდნას არ აპირებს და მასზე ხუმრობასაც ახერხებს.