LIFE

როგორ გავხდეთ ბედნიერები: 6 მარტივი ნაბიჯი, რომელიც ყველას ხელშია

როგორ გავხდეთ ბედნიერები: 6 მარტივი ნაბიჯი, რომელიც ყველას ხელშია

ბედნიერება ის მდგომარეობაა, რომლისკენაც ყველანი მივისწრაფვით, თუმცა ყველასთვის ინდივიდუალურია: ზოგისთვის ეს ოჯახია, ზოგისთვის - კარიერა, სხვებისთვის კი - ფინანსური თავისუფლება.

თანამედროვე სამყაროში ბედნიერებამ თითქოს მიმზიდველობა დაკარგა. შეხედეთ წიგნებსა თუ ფილმებს - პერსონაჟების ბედი მუდამ ტრაგედიითაა სავსე. შედეგად, ჩვენ თანაგრძნობას არა ბედნიერების, არამედ ტკივილის მიმართ ვსწავლობთ. კიდევ ერთი ბარიერი ჩვენივე მცდარი რწმენაა, თითქოს ბედნიერება წვალებით უნდა დავიმსახუროთ და რაც მარტივად მოდის, ნაკლებად ფასეულია.

მაინც, როგორ დავიბრუნოთ ცხოვრების გემო? ამისთვის 6 მარტივი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო:

1. განსაზღვრეთ თქვენი ბედნიერების კრიტერიუმები



ბედნიერებაც გარკვეული მიზანია. ჩამოაყალიბეთ, კონკრეტულად რა ნიშნებით მიხვდებით, რომ ბედნიერი ხართ. თუ თქვენთვის ბედნიერება სიყვარულია, დააკონკრეტეთ, როგორ გამოიხატება ის. რაც უფრო მეტ დეტალს განსაზღვრავთ, მით უფრო ნათელი გახდება მიზანი და მასთან მიმავალი გზაც.

2. ჩამოწერეთ, რა განიჭებთ სიამოვნებას



შეადგინეთ იმ პატარა აქტივობების სია, რომლებიც განწყობას უპირობოდ გიუმჯობესებთ: მეგობრებთან შეხვედრა, ახალი წიგნი, შოპინგი თუ თავის მოვლის რიტუალი. პერიოდულად გადახედეთ ამ სიას და აკონტროლეთ, რამდენად ხშირად აძლევთ საკუთარ თავს ამ სიამოვნების უფლებას. იქნებ დროა, უარი თქვათ რამდენიმე მოსაწყენ საქმეზე ამ პატარა სიხარულების სასარგებლოდ?

3. იცხოვრეთ აწმყოთი



ბედნიერი ვერ იქნებით გუშინ ან ხვალ - ეს მდგომარეობა მხოლოდ დღეს არსებობს. დააკვირდით თქვენს ფიქრებს: ხშირად ან წარსულს აანალიზებთ, ან მომავალზე ნერვიულობთ, აწმყოში კი საერთოდ არ ხართ. ისწავლეთ ბედნიერების განცდა აქ და ახლა. თუ დღევანდელი დღე არ განიჭებთ სიხარულს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალმა გაგაბედნიეროთ.

4. დაეყრდენით საკუთარ ძალებს



ბედნიერება აერთიანებს ორ სიტყვას: „მინდა“ და „შემიძლია“. მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, მზად უნდა იყოთ ქმედებისთვისაც. გადახედეთ თქვენს სურვილებს და აირჩიეთ ის, რისი გაკეთებაც დღესვე შეგიძლიათ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე. გახსოვდეთ: თითოეული ჩვენგანი საკუთარი ბედნიერების მთავარი არქიტექტორია.

5. მიიღეთ საკუთარი თავი

საკუთარ „მე“-სთან ჰარმონიაში ყოფნა ბედნიერების საძირკველია. ბედნიერების შენება მხოლოდ იმ წერტილიდან შეგიძლიათ, სადაც ახლა იმყოფებით. ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი ძლიერი მხარეები - ეს თქვენი დასაყრდენია. იქვე ჩამოწერეთ თქვენი ნაკლოვანებებიც და სცადეთ მათი პოზიტიურ თვისებებად ქცევა. მაგალითად: „მე ზანტი კი არ ვარ, უბრალოდ აუჩქარებელი და სტაბილური ვარ“.

6. შეინარჩუნეთ აქტივობა

ცხოვრება მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო მრავალფეროვან აქტივობებში ვართ ჩართულები. ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს: რაც უფრო ნაკლებადაა ადამიანი საქმით დაკავებული, მით მეტია ალბათობა, რომ ნეგატიურ ფიქრებში ჩაიძიროს. საყვარელი საქმე თუ ჰობი საუკეთესო წამალია შფოთვის წინააღმდეგ.

ბედნიერება რეალურად შინაგანი არჩევანია. ადამიანს აბედნიერებს არა გარე გარემოებები, არამედ მზაობა - დააფასოს ის, რაც უკვე აქვს. ბედნიერება არ ნიშნავს პრობლემების სრულ არარსებობას; ბედნიერ ადამიანებსაც აქვთ ჩავარდნები, თუმცა მათ აქვთ მთავარი - უნარი, მიიღონ ცხოვრების გამოწვევები და მაინც შეინარჩუნონ შინაგანი ჰარმონია.