LIFE

პაემანი იდეალური იყო, მაგრამ მეორე შეხვედრა აღარ გინდათ - რატომ გვიჩნდება უკან დახევის სურვილი?

პაემანი იდეალური იყო, მაგრამ მეორე შეხვედრა აღარ გინდათ - რატომ გვიჩნდება უკან დახევის სურვილი?

პაემანი შესანიშნავად ჩაიარა: საინტერესო საუბარი, საერთო ინტერესები, ურთიერთსიმპათია. თუმცა მეორე დღეს ხვდებით, რომ ამ ადამიანის ხელახლა ნახვა აღარ გსურთ. რატომ გვიჩნდება გაქცევის სურვილი მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის?

როცა ყველაფერი ზედმეტად კარგადაა

ადამიანებს ნაცნობი და პროგნოზირებადი გარემო გვირჩევნია. ამიტომ ახალმა ურთიერთობამ, თუნდაც სასიამოვნო ემოციები მოგვიტანოს, შესაძლოა შფოთვა გამოიწვიოს.

თუ პაემანი იდეალურად ჩაიარა, შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეთ: ნუთუ ყველაფერი მართლა ასე კარგადაა? იქნებ რაღაცას ვერ ვამჩნევ? იწყებთ ადამიანის ნაკლოვანებების ძებნას და ცდილობთ, შესაძლო იმედგაცრუებისთვის წინასწარ მოემზადოთ.

სიახლოვის შიში

ახალი ურთიერთობა ცვლილებებს მოითხოვს: საკუთარი სივრცის გაზიარებას, ემოციურ გახსნილობასა და პასუხისმგებლობას. ადამიანს, რომელიც მარტოობას არის მიჩვეული, ეს ყველაფერი შესაძლოა აშინებდეს.

ასეთ დროს უკან დახევა უფრო მარტივი გამოსავალი ჩანს. ნაცნობი მარტოობა უსაფრთხოა, ახალი ურთიერთობა კი გაურკვევლობასთან და შესაძლო ტკივილთან ასოცირდება.

შიშია თუ რეალური უინტერესობა?

ფსიქოლოგი გვირჩევს, გადაწყვეტილება არ ვიჩქაროთ და საკუთარ ემოციებს დავაკვირდეთ. სტატიის ავტორი ამისთვის სამდღიან პაუზას გვთავაზობს.

თუ რამდენიმე დღის შემდეგ ამ ადამიანის მიმართ გულგრილი ხართ და შეხვედრის არქონა შვებას განიჭებთ, შესაძლოა, უბრალოდ არ მოგწონთ. მაგრამ თუ მასზე ფიქრობთ, მისი ნახვა გინდათ და ამ სურვილს შფოთვა ახლავს, შესაძლოა, პრობლემა სიახლოვის შიში იყოს.

მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ჰკითხოთ: ნამდვილად არ მაინტერესებს ეს ადამიანი, თუ მეშინია, რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ურთიერთობას?

ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას

ნუ შეეცდებით, პირველივე პაემნის შემდეგ გადაწყვიტოთ, აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი. ზედმეტმა ფიქრმა და მოვლენების წინასწარ გათამაშებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ, რეალურად დაინახოთ ადამიანი და საკუთარი გრძნობები.

თუ შეხვედრამ სასიამოვნოდ ჩაიარა, მიეცით თავს კიდევ ერთი შეხვედრის შესაძლებლობა. დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს მის გვერდით და რას გეუბნებათ მისი ქცევა.

თუმცა გახსოვდეთ: კარგი პაემანი არ გაკისრებთ ვალდებულებას, ურთიერთობა გააგრძელოთ. მთავარია, გადაწყვეტილება შიშის გამო არ მიიღოთ და არც საკუთარ თავს დააძალოთ ის, რაც ნამდვილად არ გსურთ.