LIFE

როგორ შეხვდა ელისაბედ II პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას, ქალიშვილისთვის „ლილიბეტი“ დაერქმიათ

როგორ შეხვდა ელისაბედ II პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას, ქალიშვილისთვის „ლილიბეტი“ დაერქმიათ

სასექსის ჰერცოგებისა და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, პრინცი ჰარი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ეპყრობოდა ბებიას, დედოფალ ელისაბედ II-ს.

ეს ყველაზე მკაფიოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც წყვილმა მეორე შვილისთვის სახელის შერჩევა დაიწყო. ჰარიმ და მეგანმა არჩევანი შეაჩერეს ვარიანტზე, რომლითაც პატივი მიაგეს ჰარის ცხოვრებაში ორ უმნიშვნელოვანეს ქალს.

პატარა პრინცესას ლილიბეტი დაარქვეს - ელისაბედ II-ის ბავშვობისდროინდელი, შინაურული მეტსახელი, ხოლო მეორე სახელად, გარდაცვლილი ბებიის პატივსაცემად, დიანა შეურჩიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბუკინგემის სასახლეში ამ გადაწყვეტილების გარშემო უამრავი ჭორი და მითქმა-მოთქმა გავრცელდა, სამეფო ბიოგრაფები სულ სხვა რეალობაზე საუბრობენ.

ბებიის რეაქცია: „ოჰ, ეს მშვენიერია!“

დედოფლის ახლო მეგობრისა და ბიოგრაფის, ჯაილს ბრანდრეტის თქმით, ელისაბედ II-მ ეს სიახლე ისე მიიღო, როგორც ნებისმიერი მოსიყვარულე დიდი ბებია მიიღებდა.

„მე ვიცი, რომ როდესაც მან გაიგო, რომ ბავშვს ლილის დაუძახებდნენ, თქვა: „ოჰ, ეს მშვენიერია. ლილი - რა ლამაზია, არა?“ არანაირი გაუგებრობა არ ყოფილა. დედოფლის რეაქციის გასაგებად, ის უნდა წარმოიდგინოთ, როგორც თავისი თაობის ქალი და მოსიყვარულე ბებია. შესაბამისად, მისი პასუხიც ტიპური ბებიის პასუხი იყო“, - აღნიშნავს ბრანდრეტი.

პრინცესა ლილიბეტი 2021 წლის 4 ივნისს, კალიფორნიაში დაიბადა. მან თავისი ცნობილი დიდი ბებიის ნახვა მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის ივნისში, დედოფლის მმართველობის პლატინის იუბილეზე მოასწრო.

ნებართვა თუ უბრალო შეტყობინება?

სამეფო კულუარებში დიდხანს მსჯელობდნენ იმაზე, ჰკითხა თუ არა წყვილმა აზრი მონარქს სახელის დარქმევამდე. მოგონებები ამ ფაქტის შესახებ დღემდე განსხვავდება:

ჰარისა და მეგანის ვერსია: სასექსები ამტკიცებდნენ, რომ ჰარიმ ბებიას წინასწარ სთხოვა ნებართვა, გამოეყენებინათ მისი პირადი მეტსახელი.

სასახლის ვერსია: გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალს ფაქტი უბრალოდ „შეატყობინეს“ და აზრი არ უკითხავთ. თუმცა, თავად ელისაბედ II-მ ეს ნაბიჯი მადლიერებით მიიღო და აღიქვა როგორც კომპლიმენტი.

ბიოგრაფის თქმით, დედოფალი იმდენად კეთილი და ღირსეული ადამიანი იყო, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი, უარს არ იტყოდა.

განხეთქილება სამეფო ოჯახში

მიუხედავად თავად დედოფლის მშვიდი პოზიციისა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრები ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა. ბევრმა მათგანმა ჰარისა და მეგანის ეს ნაბიჯი „თავხედობად“ მიიჩნია, რადგან სახელი „ლილიბეტი“ ათწლეულების განმავლობაში ექსკლუზიურად მხოლოდ მონარქის პერსონასთან ასოცირდებოდა და ოჯახის ძალიან ვიწრო წრისთვის იყო განკუთვნილი.