ბრიუს უილისის 37 წლის ქალიშვილმა გულახდილად ილაპარაკა, როგორ შეცვალა მძიმე სენმა მამამისი
- 23.05.2026
ჰოლივუდის ლეგენდის, ბრიუს უილისისა და დემი მურის უფროსმა ქალიშვილმა, რუმერ უილისმა გულახდილად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეცვალა დემენციამ „კერკეტი კაკლის“ ხასიათი და როგორია მსახიობი ახლა, როცა საზოგადოებაში თითქმის აღარ ჩნდება.
რუმერმა მამის მდგომარეობის შესახებ აქამდე უცნობი დეტალები პოდკასტში The Inside Edit გაამჟღავნა. მისი თქმით, მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, ის მადლიერია ყოველი წუთისთვის, რომელსაც მამასთან ატარებს.

ქალიშვილი აღნიშნავს, რომ ახლა ბრიუსში სრულიად სხვა თვისებებს ხედავს: თუ ადრე მას ყველა მებრძოლ და ურყევ გმირად იცნობდა, დღეს მასში ბევრად მეტი სითბო, სინაზე და რბილი ხასიათი გამოჩნდა.
„ბრიუს უილისობისას ამის უფლებას თავს არ აძლევდა“
რუმერი არ მალავს, რომ მამის ასეთ ტრანსფორმაციაზე თვალის დევნება ემოციურად ძალიან რთულია:
„მასში გაჩნდა რაღაც საოცარი სინაზე. ის ყოველთვის ნამდვილი “მაჩო“ იყო, ახლა კი მასში არის... “სიმყიფე“ შესაძლოა ზუსტი სიტყვა არ იყოს, მაგრამ უფრო სიმშვიდე და სათნოებაა. ეს არის თვისება, რომლის გამოვლენის უფლებასაც, ალბათ, გარკვეულწილად ვერ აძლევდა თავს მაშინ, როცა მთელი სამყაროსთვის ბრიუს უილისი იყო“, - აცხადებს მსახიობის ქალიშვილი.

რუმერმა ასევე აღიარა, რომ მამის დაავადებამდე ამ დიაგნოზზე თითქმის არაფერი იცოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ოჯახმა პრობლემაზე საჯაროდ ისაუბრა, უამრავი ადამიანისგან მიიღო მხარდაჭერა, რომლებიც ანალოგიურ გამოწვევას ებრძვიან.
ბრიუს უილისის დღევანდელი ყოველდღიურობა
ამჟამად 71 წლის ბრიუს უილისი პაპარაცების თვალს სრულიად მოწყვეტილია. ის ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში ცხოვრობს, სადაც მას გვერდიდან არ მოშორებიან მეუღლე, ემბა ჰემინგი, შვილები და მომვლელთა სპეციალური გუნდი, რომლებიც მსახიობს ყოველდღიურ ყოფაში ეხმარებიან.

ბოლოს ვარსკვლავი საზოგადოებრივ შეკრებაზე 2025 წლის დასაწყისში დააფიქსირეს, როდესაც ის კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შემდეგ მაშველებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
თემები: ჰოლივუდის ვარსკვლავები