წვავს მეტ ცხიმს და ამცირებს ზურგის ტკივილს - სიარულის მეთოდი, რომელიც 90-იანებიდან მოდის
- 25.08.2026
ჩვეულებრივი გასეირნება შესაძლოა ბევრად უფრო ეფექტურ ვარჯიშად აქციოთ - ამისთვის მხოლოდ ორი სპეციალური ჯოხი დაგჭირდებათ.
სკანდინავიური სიარული ერთდროულად ამუშავებს ფეხებს, ხელებს, მხრებსა და ტანის კუნთებს და, კვლევების მიხედვით, შესაძლოა დადებითად აისახოს როგორც ფიზიკურ ფორმაზე, ისე ზურგის ტკივილზე.
სკანდინავიური სიარული ახალი გამოგონება არ არის. მისი ისტორია სათხილამურო სპორტს უკავშირდება - მოთხილამურეები ზაფხულში სწორედ ამ მეთოდით ინარჩუნებდნენ ფიზიკურ ფორმას. 1990-იან წლებში კი ჯოხებით სიარული დამოუკიდებელ ფიზიკურ აქტივობად ჩამოყალიბდა და პოპულარული გახდა.
ამ მეთოდის ერთ-ერთი ცნობილი პოპულარიზატორი ბრიტანელი ექიმი და ტელეწამყვანი მაიკლ მოსლი იყო, რომელიც BBC-ის გადაცემაში „Just One Thing“ სკანდინავიური სიარულის შესახებ არსებულ კვლევებს განიხილავდა და თავადაც იყენებდა ჯოხებს დილის გასეირნებისას.
რატომ არის ჯოხებით სიარული უფრო ინტენსიური?
ჩვეულებრივი სიარულის დროს დატვირთვის ძირითადი ნაწილი ფეხებზე მოდის. ჯოხების გამოყენებისას კი ადამიანი ყოველ ნაბიჯზე მათ მიწას ეყრდნობა და უკან უბიძგებს, რის შედეგადაც მოძრაობაში ერთვება ხელები, მხრები, ზურგი და ტანის კუნთები.
მოსლის თქმით, ასეთი ტექნიკით სიარულისას შესაძლოა კუნთების თითქმის ორჯერ მეტი რაოდენობა ჩაერთოს. ამასთან, ვარჯიში ზრდის გულისცემას და საშუალებას გაძლევთ, ჩვეულებრივი მარშრუტისა და სიარულის ხანგრძლივობის შენარჩუნებით, დატვირთვა გაზარდოთ.
რას აჩვენებს კვლევები?
ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა ერთმანეთს სწრაფი სიარული და სკანდინავიური სიარული შეადარეს. მონაწილეები კვირაში სამჯერ ვარჯიშობდნენ, კვლევა კი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ორივე ჯგუფში ფიზიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, თუმცა ცხიმოვანი მასის შემცირება უფრო შესამჩნევი იყო იმ ადამიანებში, რომლებიც ჯოხებით დადიოდნენ. მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ ამ დროს სხეულის უფრო მეტი კუნთი მუშაობს.
კიდევ ერთ კვლევაში 80 ადამიანს, რომლებსაც წელის ქრონიკული ტკივილი აწუხებდათ, ოთხი კვირის განმავლობაში სკანდინავიური სიარულის ათი ერთსაათიანი გაკვეთილი ჩაუტარდა. პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ტკივილის შემცირება, ასევე ძალისა და მოქნილობის გაუმჯობესება აღნიშნეს.
სკანდინავიური სიარული შეისწავლეს გულის დაავადებების მქონე პაციენტების რეაბილიტაციის დროსაც. 12-კვირიანი პროგრამის შემდეგ სწორედ ჯოხებით მოსიარულე ჯგუფმა ექვსწუთიან სიარულის ტესტში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
მკვლევრების შეფასებით, ასეთი შედეგი შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ვარჯიშის დროს ერთდროულად მუშაობს სხეულის სხვადასხვა ნაწილი, მათ შორის ტანის კუნთები. რეგულარული ვარჯიში ასევე შეიძლება დადებითად აისახოს ძალაზე, სხეულის სწორ პოზიციასა და სიარულის ხარისხზე.
როგორ დაიწყოთ, თუ აქამდე არ გიცდიათ?
სკანდინავიური სიარულის დროს ჯოხების უბრალოდ ხელში დაჭერა საკმარისი არ არის - მნიშვნელოვანია მოძრაობის სწორი ტექნიკის ათვისება.
დასაწყისისთვის რამდენიმე წუთიც საკმარისია. ყურადღება მიაქციეთ ხელებისა და ფეხების კოორდინაციას და ისწავლეთ ჯოხის სწორად გამოყენება. როცა მოძრაობა ბუნებრივი გახდება, სიარულის ხანგრძლივობა შეგიძლიათ ეტაპობრივად გაზარდოთ.
დამწყებთათვის მთავარი პრინციპია ნელა დაწყება და დატვირთვის თანდათან გაზრდა. საბოლოო მიზნად კი კვირის განმავლობაში დაახლოებით 150 წუთი ზომიერი ფიზიკური აქტივობა შეიძლება დაისახოთ.
მნიშვნელოვანია: თუ ზურგის ძლიერი ან მუდმივი ტკივილი გაქვთ, ვარჯიშის დაწყებამდე სასურველია ექიმთან ან ფიზიოთერაპევტთან კონსულტაცია.
თემები: ჯანსაღი ცხოვრების წესი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია