LIFE

„ექიმებმა მითხრეს, რომ დაახლოებით 10 წელი დამრჩა, ეს განაჩენი იყო“ - პამელა ანდერსონმა C ჰეპატიტთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

„ექიმებმა მითხრეს, რომ დაახლოებით 10 წელი დამრჩა, ეს განაჩენი იყო“ - პამელა ანდერსონმა C ჰეპატიტთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა

პამელა ანდერსონმა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა. მსახიობს C ჰეპატიტის დიაზგნოზი  1990-იანი წლების ბოლოს დაუსვეს, მაშინ დაავადების წინააღმდეგ ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობები არ არსებობდა.

როგორც თავად ამბობს, ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის დაახლოებით ათი წელი ჰქონოდა დარჩენილი.

„ეს განაჩენი იყო. ექიმმა მითხრა, რომ ალბათ დაახლოებით ათი წელი დამრჩა“, - განაცხადა ანდერსონმა ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ amfAR-ის გალა საღამოზე.

მსახიობის თქმით, ყველაზე მეტად საკუთარი სიკვდილი კი არა, ის აშინებდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები შესაძლოა დედის გარეშე დარჩენილიყვნენ. დიაგნოზმა მისი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება მთლიანად შეცვალა და ბევრი რამ, რასაც მანამდე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, მეორე პლანზე გადავიდა.

დაავადებასთან ბრძოლა წლების განმავლობაში გაგრძელდა და მკურნალობა ანდერსონს ძალიან ძვირი დაუჯდა. მისი თქმით, თერაპიაში პრაქტიკულად მთელი დანაზოგი დახარჯა. საბოლოოდ, ახალი თაობის მედიკამენტებმა შედეგი გამოიღო და 2015 წელს მსახიობმა განაცხადა, რომ ვირუსისგან სრულად განიკურნა.

ანდერსონს ამჯერად არ დაუკონკრეტებია, როგორ დაინფიცირდა  C ჰეპატიტით. თუმცა, ამ თემაზე მას ჯერ კიდევ 2002 წელს ჰქონდა საუბარი. მაშინ მსახიობმა განაცხადა, რომ ვირუსი შესაძლოა იმ ნემსით გადაედო, რომელსაც ტატუს გასაკეთებლად ყოფილ მეუღლესთან, მუსიკოს ტომი ლისთან ერთად იყენებდა. თავად ლი უარყოფდა, რომ C ჰეპატიტი ჰქონდა.

პამელა ანდერსონი და ტომი ლი 1995 წლის თებერვალში დაქორწინდნენ - მათი გაცნობიდან სულ რამდენიმე დღეში. წყვილს ორი ვაჟი, ბრენდონ თომასი და დილან ჯაგერი, შეეძინა. მათი ქორწინება 1998 წელს დასრულდა.

დღეს ანდერსონი იმ პერიოდს უკვე გადატანილ მძიმე გამოცდილებად იხსენებს. მისი ისტორია კი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად შეიცვალა C ჰეპატიტის მკურნალობის შესაძლებლობები ბოლო ათწლეულების განმავლობაში.