10 გამართლება, რომლებსაც ქალები მამაკაცების მიუღებელი საქციელის ასახსნელად ხშირად იყენებენ
- 02.10.2026
იმის იმედი, რომ მოძალადე ოდესმე შეიცვლება, ხშირად მხოლოდ ილუზიაა.
ადამიანთან განშორება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასთან წლები გაკავშირებთ. ხშირად ქალები მაშინაც კი ცდილობენ პარტნიორის საქციელის გამართლებას, როცა გარშემომყოფები პირდაპირ ეუბნებიან, რომ მისი დამოკიდებულება მიუღებელია.
თუმცა დგება მომენტი, როდესაც მამაკაცის უხეში და უპატივცემულო ქცევის გასამართლებლად მოყვანილი არგუმენტები მხოლოდ თავის მოტყუებად იქცევა.
ამის მიზეზი შესაძლოა ბავშვობაში მიღებული ემოციური ტრავმები იყოს. მაგალითად, ქალს შეიძლება მიტოვების შიში ჰქონდეს, თუ მამამ ოჯახი დატოვა, ან მუდმივი კრიტიკისა და სიმკაცრის გარემოში გაიზარდა.
_1790931426.jpeg)
ზოგიერთ შემთხვევაში კი პარტნიორი მასზე სრულ კონტროლს ამყარებს. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ქალი საყვარელი მამაკაცის საქციელის გამართლებას იწყებს, ეს იმის ნიშანია, რომ ურთიერთობაში რაღაც რიგზე არ არის.
ქალები, რომლებსაც პარტნიორები სათანადოდ არ ექცევიან, ხშირად მათი საქციელის გასამართლებლად შემდეგ 10 არგუმენტს იყენებენ.
1. „ის ყოველთვის ასეთი არ არის“
ყველას შეიძლება ჰქონდეს ცუდი დღე, როცა ისეთ რამეს ამბობს ან აკეთებს, რასაც მოგვიანებით ნანობს. შესაძლოა, მამაკაცი გაღიზიანებული იყო, შიოდა ან ცუდი ამბავი შეიტყო. თუმცა ერთჯერადი ემოციური აფეთქება და მუდმივი უხეშობა და უპატივცემულობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კარგი ადამიანი, თუ ემოციებს ვერ მოთოკავს და შეცდომას დაუშვებს, ბოდიშს მოიხდის და ეცდება, მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს. თუ უხეში მოპყრობა სისტემატურია, მისი გამართლება მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორი ზოგჯერ სხვანაირიც არის, პრობლემას ვერ მოაგვარებს.
2. „ვიცი, რომ გულის სიღრმეში ვუყვარვარ“
სიყვარული მხოლოდ ადამიანის შინაგანი განცდა არ არის. ის ყოველდღიურ დამოკიდებულებასა და ქცევაშიც უნდა ჩანდეს. ურთიერთობის დასაწყისში პარტნიორი შესაძლოა ყველაფერს აკეთებდა თქვენი გასახარებლად, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, როგორ გექცევათ.
წარსულის გახსენებამ შესაძლოა იმედგაცრუება კიდევ უფრო გაამძაფროს, მაგრამ გადამწყვეტი ის ადამიანია, რომელიც თქვენს გვერდით დღეს არის. თუ მისი დამოკიდებულება არ გაკმაყოფილებთ, მის გამართლებასა და მასზე მუდმივ ზრუნვას მდგომარეობის შეცვლა არ შეუძლია.
3. „ახლა რთული პერიოდი აქვს“
ცხოვრებაში ყველას უდგება რთული პერიოდი, თუმცა ეს პარტნიორის მიმართ უხეში მოპყრობის გამართლება არ არის. ცუდი განწყობა, სტრესი და პრობლემები ადამიანური გამოცდილების ნაწილია, მაგრამ ისინი უპატივცემულო საქციელს ვერ ამართლებს.
თუ მამაკაცი საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს და პარტნიორს აწყენინებს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ საქციელზე და ბოდიში მოიხადოს.
4. „არ ვიცი, როგორ დავიწყო ყველაფერი თავიდან“
გასაგებია, რატომ რჩებიან ქალები ურთიერთობაში, რომელიც ბედნიერებას აღარ ანიჭებთ. ზოგჯერ მოთმინება შედეგს მართლაც იძლევა: პარტნიორი ხვდება საკუთარ შეცდომებს, იცვლება და წყვილი ერთად აგრძელებს განვითარებას.
თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად ქალები მარტოობის შიშის გამო ან იმიტომ რჩებიან ურთიერთობაში, რომ ახალი პარტნიორის პოვნის პერსპექტივა არ იზიდავთ.
_1790931426.jpeg)
გარდა ამისა, ადამიანს ბუნებრივად უჭირს ცვლილებების მიღება და მხოლოდ დაშორების წარმოდგენაც კი შესაძლოა ძლიერ წინააღმდეგობას იწვევდეს.
თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს. დროთა განმავლობაში ქალში პარტნიორის მიმართ წყენა და გაღიზიანება გროვდება, რაც შესაძლოა ზიზღშიც გადაიზარდოს და საბოლოოდ ურთიერთობის დასრულება გამოიწვიოს.
5. „ამდენი წელი ერთად ვართ“
ადამიანებს არ სურთ, რომ წარსულში დახარჯული დრო ფუჭად დაკარგულად მიიჩნიონ. ამიტომ ხშირად უჭირთ იმ ურთიერთობის დასრულება, რომელშიც წლები გაატარეს, მაშინაც კი, როცა ის მათთვის აღარ არის სასურველი.
თუ ქალი ურთიერთობას საკუთარ დროში, ენერგიასა და ემოციებში მნიშვნელოვან ინვესტიციად აღიქვამს, შესაძლოა, დაშორება მისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდეს. მას უჩნდება განცდა, რომ ერთად გატარებული წლები ფუჭად დაიხარჯა. ფსიქოლოგიაში ამ მოვლენას ჩაძირული დანახარჯის შეცდომას უწოდებენ.
თუმცა რამდენი წელი უნდა გავიდეს, სანამ ქალი გადაწყვეტს, რომ ასე გაგრძელება აღარ სურს? თუ მამაკაცი ცუდად გექცევათ, ერთად გატარებული წლების რაოდენობა მის ქცევას ვერ გაამართლებს. სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებისთვის ზოგჯერ აუცილებელია წარსულის გაშვება და ახალი ეტაპის დაწყება.
6. „სხვა მამაკაცების უმეტესობაზე უკეთესია“
ის ფაქტი, რომ თქვენი პარტნიორი სხვა, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული ხასიათის მამაკაცებზე უკეთ იქცევა, ურთიერთობის შენარჩუნების საკმარისი მიზეზი არ არის. ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს ადამიანი, რომელიც მასზე უარესად მოიქცევა.
მთავარი კითხვა ის კი არ არის, სერიულ მკვლელზე ან მუდმივად მოღალატე მამაკაცზე უკეთესია თუ არა თქვენი პარტნიორი, არამედ ის, რამდენად მისაღებია მისი დამოკიდებულება თქვენ მიმართ.
თუ ქალი ამგვარი არგუმენტებით ამართლებს პარტნიორს, შესაძლოა, მამაკაცმა თავადაც დაარწმუნა, რომ სხვებთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაუჭირდებოდა.
ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა მანიპულაციის ფორმაც იყოს. მანიპულატორები ხშირად თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ და პარტნიორს იმ პრობლემებში ადანაშაულებენ, რომლებიც თავად შექმნეს. ისინი პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად შესაძლოა პასიურ აგრესიას მიმართავდნენ ან მოულოდნელად ცვლიდნენ დამოკიდებულებას — მეგობრულიდან ცივ და გულგრილ ქცევამდე. ამ გზით ისინი პარტნიორის დაუცველობითა და შიშებით სარგებლობენ.
7. „იდეალური ურთიერთობა არ არსებობს“
რა თქმა უნდა, იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ნებისმიერ წყვილს შეიძლება ჰქონდეს უთანხმოება და სირთულეები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალმა უნდა შეეგუოს პარტნიორის უპატივცემულობას.
არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ურთიერთობას შორის, რომელიც იდეალური არ არის, მაგრამ ჯანსაღია, და ურთიერთობას შორის, რომელიც თავიდანვე არაჯანსაღია.
თუ მამაკაცი პარტნიორს უყვირის, უგულებელყოფს, დასცინის, შეურაცხმყოფელ კომენტარებს უკეთებს, სხვების თანდასწრებით ამცირებს და ბოდიშის მოხდასაც არ აპირებს, ეს უბრალოდ არასრულყოფილი ურთიერთობა აღარ არის — ეს უპატივცემულობაა.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ არავინ არის იდეალური, თუმცა ასევე აუცილებელია დესტრუქციული ქცევის დროულად ამოცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანი ტოქსიკურ ურთიერთობაში აღმოჩნდეს და იქიდან გამოსვლა გაუჭირდეს.
8. „ვიცი, რომ შეიცვლება“
იმის ცოდნა, რომ პარტნიორი აუცილებლად შეიცვლება, შეუძლებელია. ადამიანი მაშინ იცვლება, როდესაც თავად არის ამისთვის მზად. ამის გააზრება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ურთიერთობაში პრობლემები გროვდება, მტკივნეულია, თუმცა ცვლილება მხოლოდ დაპირებებით არ მიიღწევა.
შესაძლოა, პარტნიორზე ზეწოლა ან ულტიმატუმების წაყენება სცადოთ, მაგრამ ეს თავისთავად მის შეცვლას ვერ უზრუნველყოფს. მან თავად უნდა გააცნობიეროს საკუთარი ქცევის პრობლემა და ცვლილების სურვილი გაუჩნდეს.

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, მუდმივმა ზეწოლამ შესაძლოა ცვლილების ალბათობაც კი შეამციროს. ამიტომ ჩნდება კითხვა: რამდენ ხანს უნდა დაელოდოს ქალი ადამიანს, რომელიც საკუთარი ინიციატივით არაფერს ცვლის?
9. „ის ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია“
მართლა ყველაფერს აკეთებს მამაკაცი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? ცდილობს თუ არა საკუთარი ქცევის შეცვლას, მიმართავს ფსიქოთერაპევტს ან დახმარების ჯგუფს, რათა ისწავლოს, როგორ მოექცეს პარტნიორს უკეთ?
მნიშვნელოვანია, მხოლოდ დაპირებებს კი არა, რეალურ ქმედებებსაც დააკვირდეთ. ჩანს თუ არა, რომ მამაკაცი საკუთარ შეცდომებზე მუშაობს და გულწრფელად ცდილობს, თქვენ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს?
ხშირად პასუხი უარყოფითია. როდესაც ადამიანი მცირედი სირთულის შემდეგ ძალისხმევას წყვეტს, საკუთარ შეცდომებს ივიწყებს და დაპირებებს აღარ ასრულებს, ეს შესაძლოა მისი უმოქმედობის გამართლების კიდევ ერთ საშუალებად იქცეს.
ქალები, რომლებსაც ურთიერთობის შენარჩუნება სასოწარკვეთით სურთ, ზოგჯერ პარტნიორის მინიმალურ ძალისხმევასაც კი მაქსიმალურ მცდელობად აღიქვამენ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ცვლილება არ ჩანს.
10. „ყველაფერი გამოსწორდება, როცა...“
ზოგჯერ ქალებს სჯერათ, რომ ურთიერთობა მაშინ შეიცვლება, როცა კონკრეტული მოვლენა მოხდება: დაქორწინდებიან, მამაკაცი სამსახურში დაწინაურდება, ერთად შეიძენენ სახლს ან შვილი შეეძინებათ.
თუმცა თუ არსებული პრობლემები არ გვარდება, მხოლოდ ახალი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყება მათ ავტომატურად ვერ მოაგვარებს. პირიქით, ქორწინებამ და ბავშვის გაჩენამ შესაძლოა წყვილის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულოს.
არ ღირს ქორწინებამდე ან შვილის გაჩენამდე ლოდინი იმ იმედით, რომ მამაკაცი ამის შემდეგ უკეთ მოგექცევათ. შესაძლოა, მოგვიანებით პრობლემებთან გამკლავება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. რაც უფრო დიდხანს გადადებთ გადაწყვეტილებას, მით მეტად შეიძლება გაიზარდოს იმედგაცრუება და ემოციური ტკივილი.
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია