SEX

4 გზა, რომ შემოდგომაზე პარტნიორთან ურთიერთობა უფრო რომანტიკული გახდეს

4 გზა, რომ შემოდგომაზე პარტნიორთან ურთიერთობა უფრო რომანტიკული გახდეს

როგორ დავიბრუნოთ ინტიმური ურთიერთობის სურვილი, როცა ყოველდღიური სტრესი და დაღლილობა რომანტიკულ განწყობას გვიქრობს?

არტთერაპია შესაძლოა წყვილებისთვის საინტერესო გზა აღმოჩნდეს, რომელიც ერთმანეთთან ემოციური კავშირის გაღრმავებასა და სიახლოვის სურვილის გაღვივებაში დაეხმარებათ.

1. გააანალიზეთ საკუთარი ემოციები

იქ, სადაც შფოთვა და სტრესი ჭარბობს, ვნება ხშირად დაღლილობას უთმობს ადგილს. ამ ემოციური ტვირთის შესამსუბუქებლად აიღეთ ფურცელი და კალამი. ჩამოწერეთ განცდები, ფიქრები და ის მოვლენები, რომლებმაც ბოლო დროს გაწყენინათ ან შეგაშინათ. წარმოიდგინეთ, როგორ გადაგაქვთ ნეგატიური ემოციები გონებიდან ფურცელზე.

შემდეგ კი ეს სია დაუნანებლად დახიეთ პატარა ნაგლეჯებად.

ასეთი ემოციური ინვენტარიზაცია კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ ჩაიტარეთ. დროთა განმავლობაში შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ უფრო თავისუფლად გრძნობთ თავს, გათავისუფლდით შფოთვისგან და რომანტიკული ურთიერთობებისთვისაც მზად ხართ.

ყურადღება მიაქციეთ იმ საკითხებსაც, რომლებიც თქვენს სიაში მუდმივად მეორდება. დაფიქრდით, რა პრობლემებზე მიანიშნებს ისინი და რატომ იწვევს თქვენში ასეთ განცდებს.

2. შთაგონება ხელოვნებაში ეძებეთ

საკუთარ მიმზიდველობაში დაურწმუნებლობა ხშირად ლიბიდოს დაქვეითების მიზეზი ხდება. საზოგადოება სილამაზის სხვადასხვა სტანდარტს გვთავაზობს, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლება. არქეოლოგიურ მუზეუმში ნანახი უძველესი ქალღმერთების ქანდაკებები კი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რამდენად პირობითია თანამედროვე სილამაზის კრიტერიუმები.

სცადეთ, საკუთარი წესებით ცხოვრება დაიწყოთ. ამისთვის შეგიძლიათ მოაწყოთ ფოტოსესია, რომელიც ცნობილი მხატვრების - სანდრო ბოტიჩელის, პიერ-ოგიუსტ რენუარისა და ბორის კუსტოდიევის ნამუშევრებით იქნება შთაგონებული.

მოიმარჯვეთ ლამაზი თეთრეული, მოამზადეთ ჰაეროვანი ქსოვილები და სხვადასხვა პოზა მოსინჯეთ. ფოტოგრაფის როლი კი საყვარელ ადამიანს მიანდეთ.

უკვე ფოტოსესიისთვის მზადების პროცესში, დიდი მხატვრების შემოქმედებით შთაგონების მიღებისას, შესაძლოა, საკუთარი სხეულის მიმართ დამოკიდებულებაც შეგეცვალოთ და იმ ნაკლოვანებებზე ფიქრი შეწყვიტოთ, რომლებსაც აქამდე ზედმეტ ყურადღებას აქცევდით.

3. შეიცვალეთ როლი

ალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი ფრაზა: „მთელი სამყარო თეატრია, ადამიანები კი მსახიობები!“ დაფიქრებულხართ, რა როლს ასრულებთ პარტნიორთან ურთიერთობაში? შესაძლოა, უკვე მოგბეზრდათ ოჯახის ღირსეული მამის ან ყველაფრის მომსწრებელი ქალის როლი.

სცადეთ, ერთი საღამოთი მაინც სრულიად განსხვავებულ პერსონაჟებად იქცეთ. წარმოიდგინეთ, რომ უცნობები ხართ, საიდუმლო აგენტები, მოწყენილი მილიონერები ან შეყვარებული სტუდენტები. შეგიძლიათ, უფრო თამამი სცენარიც მოიფიქროთ.

წინასწარ შეთანხმდით, ვინ იქნებით იმ საღამოს და რას გააკეთებთ. მოაწყვეთ პირველი პაემანი, საიდუმლო შეხვედრა ან ერთად დაგეგმეთ გაქცევა.

შეგიძლიათ, გარეგნობა და ჩაცმის სტილიც შეიცვალოთ ან ისეთ ადგილას წახვიდეთ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ. მიეცით ფანტაზიას გასაქანი და სპონტანურად შექმენით თქვენი ორისთვის განკუთვნილი პატარა სპექტაკლი: აანთეთ სანთლები, იცეკვეთ და ერთმანეთის სხეულები ხელახლა აღმოაჩინეთ.

4. მოაწყვეთ კინოთერაპიის სეანსი

ხანგრძლივი ურთიერთობის მქონე წყვილებს ხშირად ვურჩევ, ერთად უყურონ რომანტიკულ ან ეროტიკულ ფილმებს. ეკრანზე განვითარებულ მოვლენებში მაყურებლები საკუთარ განცდებს ამოიცნობენ და პერსონაჟების მაგალითზე პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზას ეცნობიან.

საყვარელ ადამიანთან ერთად შეარჩიეთ ფილმი, უყურეთ და შემდეგ მისი სიუჟეტი და პერსონაჟების ქცევა განიხილეთ. ისაუბრეთ იმაზე, რა მოგეწონათ, რამ გაგაღიზიანათ ან რა დარჩა თქვენთვის გაუგებარი.

ფილმის გმირების გამოცდილებამ შესაძლოა ისეთი თემების განხილვაც გაგიადვილოთ, რომლებზეც აქამდე საუბარს ერიდებოდით.

გამოიყენეთ არტთერაპიის ეს პრაქტიკები და შესაძლოა, დროთა განმავლობაში თქვენს ურთიერთობაში სიახლოვის სურვილი კვლავ გაძლიერდეს, ხოლო სიყვარულის ნაპერწკალი ხელახლა აინთოს.