LIFE

„ბრიჯერტონებზე“ არანაკლებ საინტერესო - 7 სერიალი სამეფო კარის ინტრიგებზე

„ბრიჯერტონებზე“ არანაკლებ საინტერესო - 7 სერიალი სამეფო კარის ინტრიგებზე

სამეფო კარის ბრწყინვალება, მდიდრული კოსტიუმები, აკრძალული სიყვარული და ძალაუფლებისთვის ბრძოლა - ისტორიული სერიალების პოპულარობის საიდუმლო სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობაა.

ეკრანზე გაცოცხლებული სამეფო დინასტიების ისტორიები მაყურებელს წარსულში ამოგზაურებს და იმ ეპოქების კულისებს მიღმა ახედებს, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯიც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

თუ „ბრიჯერტონების“ ატმოსფერო მოგენატრათ, გთავაზობთ 10 სერიალს, რომლებშიც სიყვარული, პოლიტიკური დაპირისპირება და სასახლის ინტრიგები მთავარ როლს ასრულებს.

7 სერიალი, რომელიც „ბრიჯერტონების“ შემდეგ უნდა ნახოთ

1. „გვირგვინი“ (The Crown)

პიტერ მორგანის შექმნილი სერიალი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ცხოვრებასა და მმართველობას ასახავს. ექვსი სეზონის განმავლობაში მაყურებელი სამეფო ოჯახის ისტორიას სხვადასხვა პერიოდში ადევნებს თვალს - პრინცესა ელისაბედის ქორწინებიდან და ტახტზე ასვლიდან მისი მმართველობის ბოლო წლებამდე.

სერიალში ნაჩვენებია დედოფლის ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, უინსტონ ჩერჩილსა და მარგარეტ ტეტჩერთან, ბრიტანეთის იმპერიის დასუსტება და პრინცესა დიანას ისტორია. სერიალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისტორიული დეტალებისადმი ყურადღება, შთამბეჭდავი დეკორაციები და ძლიერი სამსახიობო გუნდია. აღსანიშნავია, რომ ელისაბედ II-ის როლს სხვადასხვა სეზონში კლერ ფოი, ოლივია კოლმანი და იმელდა სტონტონი ასრულებენ.

2. „დიდებული“ (The Great)



თუ ისტორიულ დრამასთან ერთად იუმორიც გიყვართ, ეს სერიალი თქვენთვისაა. ის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი პროექტია. ელ ფენინგი რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ს განასახიერებს. სიუჟეტი გერმანელი პრინცესის რუსეთში ჩასვლითა და იმპერატორ პეტრე III-ზე ქორწინებით იწყება.

თუმცა „დიდებული“ ისტორიული მოვლენების ზუსტი ეკრანიზაცია არ არის – თავად შემქმნელები მას გამოგონილ და განზრახ ანაქრონისტულ ისტორიად წარმოადგენენ. სერიალში ისტორიული ფაქტები სატირას, შავ იუმორსა და გაზვიადებულ პერსონაჟებს ერწყმის. ეკატერინეს მიზანი ძალაუფლების მოპოვება და რუსეთის შეცვლაა, რისთვისაც მას სასახლის ინტრიგებთან და სახიფათო მოწინააღმდეგეებთან გამკლავება უწევს.

3. „ქალწული დედოფალი“ (The Virgin Queen)

2005 წლის ბრიტანული მინი-სერიალი ინგლისის დედოფლის, ელისაბედ I-ის ცხოვრებას ეძღვნება. სიუჟეტის ერთ-ერთი მთავარი ხაზია დედოფლის რთული ურთიერთობა ბავშვობის მეგობართან, რობერტ დადლისთან, რომელსაც ტომ ჰარდი განასახიერებს.

პირადი დრამის პარალელურად ვითარდება პოლიტიკური დაპირისპირებაც. ელისაბედს გარშემო მყოფები უცხოელ პრინცზე ქორწინებას ურჩევენ, რათა ინგლისის პოზიციები ევროპაში გააძლიერონ, თუმცა დედოფალს საკუთარი ძალაუფლების დათმობა არ სურს. სერიალი მის პირად ცხოვრებასა და სამეფო კარზე არსებულ დაძაბულობას აერთიანებს.

4. „სამეფო“ (Reign)

სერიალი შოტლანდიის დედოფლის, მერი სტიუარტის ახალგაზრდობისა და საფრანგეთის სამეფო კარზე გატარებული წლების შესახებ მოგვითხრობს.

მერი საფრანგეთში ჩადის, სადაც პრინც ფრანსუაზე უნდა დაქორწინდეს. ეს ქორწინება მხოლოდ სიყვარულს არ უკავშირდება - ის შოტლანდიასა და საფრანგეთს შორის პოლიტიკური ალიანსის ნაწილია. თუმცა სამეფო კარზე ყველაფერი გაცილებით რთულადაა: ინტრიგები, საიდუმლო გარიგებები და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ახალგაზრდა დედოფლის ცხოვრებას მუდმივ საფრთხედ აქცევს.

ადელაიდა კეინისა და ტობი რეგბოს მონაწილეობით შექმნილი სერიალი ისტორიულ მოვლენებს რომანტიკულ დრამასა და მხატვრულ გამონაგონს უთავსებს.

5. „დიდებული საუკუნე“ (Muhteşem Yüzyıl)

თურქული ისტორიული სერიალი, რომელმაც მაყურებელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოხიბლა. სიუჟეტის ცენტრში ოსმალეთის სულთანი სულეიმან I და ჰიურემ სულთანი არიან.

ტყვედ ჩავარდნილი და ოსმალეთის სასახლეში მოხვედრილი ჰიურემი თანდათან სულთნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი ხდება. მისი ამბავი სიყვარულის ისტორიასთან ერთად ძალაუფლებისთვის ბრძოლას, მეტოქეობასა და სასახლის რთულ ინტრიგებსაც მოიცავს.

მდიდრული კოსტიუმები, სასახლის გარემო და პერსონაჟების დაძაბული ურთიერთობები სერიალს განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის.

6. „მედიჩები“ (Medici)

სერიალი ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოჯახის ისტორიას გვიყვება. მოქმედება 1429 წელს იწყება, როდესაც მედიჩების ოჯახის მეთაურს, ჯოვანი დე მედიჩის, იდუმალ ვითარებაში კლავენ.

მისი მემკვიდრე კოზიმო ოჯახის ბანკსა და პოლიტიკურ საქმიანობას გადაიბარებს. მალე ის აღმოაჩენს, რომ მამის სიკვდილი შესაძლოა მკვლელობა იყო და გამოძიებას იწყებს. ამასთანავე, კოზიმოს უწევს გავლენიანი დიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა, რათა მედიჩების ძალაუფლება შეინარჩუნოს.

სერიალში რენესანსის ეპოქის ფლორენცია, პოლიტიკური ინტრიგები, ოჯახური დაპირისპირება და ხელოვნების განვითარება ერთმანეთს ერწყმის. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კოზიმოსა და მისი მეუღლის, კონტესინა დე ბარდის ურთიერთობასაც.

7. „დედოფალი კლეოპატრა“ (Queen Cleopatra)

Netflix-ის 2023 წლის ოთხნაწილიანი დოკუმენტური დრამა ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონის, კლეოპატრას ცხოვრებასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება. მხატვრული სცენები ისტორიკოსებისა და ექსპერტების კომენტარებს ენაცვლება.

სერიალში ნაჩვენებია კლეოპატრას ტახტზე ასვლა, რომთან ურთიერთობა, პოლიტიკური კავშირები და მცდელობა, შეინარჩუნოს სამეფო და მემკვიდრეობა.

პროექტს გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებით მწვავე დისკუსია გამოიწვია კლეოპატრას როლის შემსრულებელი მსახიობის, ადელ ჯეიმსის, არჩევანმა. ეგვიპტეში კრიტიკოსთა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ისტორიის დამახინჯებად შეაფასა. ამგვარად, სერიალი არა მხოლოდ კლეოპატრას ისტორიით, არამედ მის გარშემო გაჩენილი კამათითაც გახდა ცნობილი.