ბავშვის პირველი ავადმყოფობა მშობლისთვის საკმაოდ რთული ემოციური პროცესია: სიმშვიდის შენარჩუნება მართლაც ძნელია, როდესაც ხედავ, რომ არაკომფორტულ მდოგმარეობაშია — ცხვირით ვერ სუნთქავს და საჭმლის მიღება უჭირს. თუმცა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის ნაცვლად, გახსოვდეს, რომ უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა დამსახურებითაც შენ პატარას ავადმყოფობის პერიოდს საგრძნობლად გაუადვილებ.
შესაძლებელია, ბავშვი 1 წლამდე ასაკში 8-ჯერაც კი გაცივდეს. გაციება სერიოზული დაავადება არ არის, თუმცა ბევრი ხელსახოცი უნდა მოიმარაგო და ღამეების თენებისთვის მორალურად მოემზადო.
რა იწვევს გაციებას?
— პირის, ცხვირის და ყელის სხვადასხვა ინფექციები. სხეულის ამ მონაკვეთს ექიმები ზედა სასუნთ გზებს უწოდებენ. გაციების გამომწვევი ვირუსები მრავალფეროვანია და რადგანაც ბავშვებს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა აქვთ, ავად ხშირად ხდებიან.
ვირუსი ხელის შეხებით ან იმ მომენტში ვრცელდება, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს: ამ დროს მის ორგანიზმში არსებული ბაქტერიები ჰეარში გამოიფრქვევა და მათ სხვა ადამიანი შეისუნთქავს. ამიტომ, თუ გაციებული ხარ, ბავშვთან დაცემინებისას/დახველებისას პირზე ყოველთვის ხელი მიიფარე, ცხვირის მოხოცვის შემდეგ კი — სასწრაფოდ ხელი დაიბანე.
რა ზემოქმედებას ახდენს გაციება ბავშვებზე?
ავადმყოფობის დროს პატარებს ეს სიმპტომები აღენიშნებათ:
- სიცხე
- ხველა
- ჩაწითლებული თვალები
- ყელის ტკივილი
- გაჭედილი ცხვირი
- მადის დაკარგვა
- გაღიზიანება და მოუსვენრობა
- ლიმფური ჯირკვლების გადიდება იღლიებში, ყურს უკან და ყელზე
როდესაც პატარებს ცხვირი ეჭედებათ, საჭმლის მიღება უჭირთ. თანაც, მათ ხომ ცხვირის დამოუკიდებლად მოხოცვა არ შეუძლიათ — ამ შემთხვევაში შენი დახმარება სჭირდებათ. იცვლება ძილის რეჟიმიც: როგორც ახალდაბადებულობის პერიოდში, ავადმყოფობის დროსაც, ღამეში რამდენიმეჯერ ეღვიძებათ, ამიტომ შენც ფხიზლად უნდა იყო და ცხვირიც ხშირად მოწმინდო.
გახსოვდეს, შენ პატარას გაციებამ 10-14 დღეში აუცილებლად უნდა გაუაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმს მიმართე.
როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს გაციება?
გაციება თავისით გაივლის, თუმცა რამდენიმე ხერხი არსებობს, შენ პატარას ავადმყოფობის პერიოდი რომ გაუადვილო:
დარწმუნდი, რომ მშვიდ გარემოშია
ეცადე, ძუძუ ხშირად აჭამო ან თუ ხელოვნურ კვებაზე გყავს, საჭმელი დღის ჩვეულ რეჟიმზე ხშირად მისცე
თუ ბავშვი ხელოვნურ რძეზე ან უკვე მყარ საკვებზე გყავს, წყლის მიცემაც შეგიძლია. წყალი დეჰიდრატაციისგან დაიცვას და თანაც სიცხის დაწევაში დაეხმარება
პატარებს ცხვირის დამოუკიდებლად მოხოცვა არ შეიძლიათ, ამაში შენ უნდა დაეხმარო და ხშირად მოწმინდო. შეგიძლია, კანის გაღიზიანების პროფილაქტიკისთვის, ცხვირზე 1-2 წვეთი ჰიდროკარბონების შემცველი გელიც დააწვეთო
სიცხის დასაწევად ჩვილებისთვის განკუთვნილი პარაცეტამოლი ან იბუპროფენი დაგეხმარება. პარაცეტამოლი შენს პატარას თავისუფლად შეგიძლია მისცე 2 თვის ასაკიდან, იმ შემთხვევაში, თუ 37-კვირიანია (და არა დღენაკლი — ანუ 7-თვიანი) და 4 კილოგრამზე მეტს იწონის. იბუპროფენის მიცემა კი მხოლოდ მაშინ შეგიძლია, თუ 3 თვეზე მეტისაა და სულ ცოტა 5 კილოგრამს იწონის. თუ წამლის ზუსტ დოზაში დარწმუნებული არ ხარ, სასურველია ექიმთან დააზუსტო
გაჭედილი ცხვირის სამკურნალოდ სპეციალურად ცხვირისთვის განკუთვნილი მარილიანი წყლის წვეთები გამოიყენე. ისინი, ჩვეულებრივ, აფთიაქებში იყიდება. თითო წვეთი თითო ნესტოში ჩააწვეთე, ჭამამდე 15 წუთით ადრე
გაჭედილ ცხვირს სპეციალური მენთოლიანი გელიც შველის, რომელიც ბავშვს მკერდსა და ზურგზე უნდა წაუსვა. ამ სახის გელის შეძენაც აფთიაქებშია შესაძლებელი, თუმცა გახსოვდეს: მისი ცხვირზე წასმა არ შეიძლება, რადგან სუნთქვის შეკავებას იწვევს
გაჭედილი ცხვირის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ორთქლის ჩასუნთქვაცაა: შხაპში ცხელი წყალი მოუშვი და როდესაც აბაზანაში ორთქლი დაგროვდება, შენი პატარა რამდენიმე წუთის განმავლობაში იქ შეიყვანე. შხაპს ნუ დაკეტავ — სასურველია, ორთქლი ინტენსიურად წარმოიქმნას; თუმცა, ბავშვს წყალთან ახლოს ნუ მიიყვან, რადგან შეიძლება ცხელი წყლის წვეთებმა კანი დაუწვას. როგორც კი აბაზანიდან გამოხვალთ, ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოუცვალე.
თუ ბავშვი ავად არ არის და ცხვირი მოულოდნელად გაეჭედება, უპირველესად შეამოწმე, თამაშის დროს ცხვირში რამე ხომ არ შეიტენა. გაგიკვირდება, მაგრამ ამას თვეების ბავშვებიც ახერხებენ.
გახსოვდეს: არავითარ შემთხვევაში არ დაალევინო ბავშვს ურეცეპტოდ გაცემული ხველის და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები: გვერდითი ეფექტების რისკფაქტორის გამო, ის მხოლოდ 6 წლის ასაკიდანაა დასაშვები.
თემები: დედები და შვილები, ბავშვის გაციება, გაციება ჩვილებში, რა უნდა გავაკეთოთ როდესაც თვეების ბავშვი გაცივდება, ბავშვის მოვლა, რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის გაციების შესახებ, ჩვილის მოვლა, ჩვილის გაციება
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a78/common-cold">babycentre</a>