არც ისე დიდი ხანია, ჩვენს ცხოვრებაში ტერმინი „ბულინგი“ გაჩნდა. ისე კი, პრობლემა, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს, დიდი ხანია, არსებობს. სანამ ამ თემაზე ერთ ძალიან საინტერესო, რეალურ ამბავს მოგიყვებით, „ბულინგის“ განმარტებას შემოგთავაზებთ:
„ბულინგი“ - ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სხვებზე გავლენის მოსახდენად, დასამცირებლად და რამის ძალით გასაკეთებლად. ამ სახის აგრესიული ქცევა ძირითადად სკოლის მოსწავლეებში ვლინდება და, შენ წარმოიდგინე, ორივე მხარეს ძალიან სერიოზული, გრძელვადიანი პრობლემები ექმნება - იმ ბავშვებს, რომლებსაც ჩაგრავენ და მათაც, ვინც ჩაგრავს!
სტატიის ავტორი საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდის შესახებ გვიყვება. ის, ძალიან ბევრი ადამიანის მსგავსად, ბულინგის მსხვერპლი იყო და ბავშვობაში შეძენილი კომპლექსები მთელი ცხოვრება თავს ახსენებდა:
„ბავშვობაში მუდმივად ბულინგის მსხვერპლი ვიყავი. ხომ იცით, მოზარდები რა სასტიკები არიან, არც კი იციან, თავიანთი აგრესიული ქცევით დაჩაგრულის ცხოვრებაზე რა დამანგრეველ გავლენას ახდენენ. ჩვენი ისტორიების გაზიარება დაგვეხმარება, ერთმანეთს გავუგოთ, თანავუგრძნოთ და გამოსავალზე ვიფიქროთ.
გასული წელი ჩემთვის ძალიან რთული იყო: ქმარი, 17 წლის თანაცხოვრების შემდეგ, ჩემგან წავიდა. უმეტესად საერთო მეგობრები გვყავდა და მასთან დაშორებამ მეგობრების ჩამოშორებაც გამოიწვია. კარგა ხანს აბსოლუტურად ყველანაირ სოციუმს ჩამოვშორდი და ამ სიტუაციამ რაღაცნაირად ბავშვობის რთული წლები გამახსენა. მაშინაც მსგავსი ემოციები მაწუხებდა: დაჩაგრული, გაღიზიანებული და ყველასგან მიტოვებული ვიყავი.
ჩემს ბავშვობაში, დედაჩემიც მიატოვა ქმარმა. მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც დედამ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადაგვაბარგა. მამას ფინანსური დახმარებით თავი არ მოუკლავს, დედაჩემი კი მაშინ საერთოდ უფულოდ იყო, ჩვენთვის არც ტანსაცმლის ყიდვა შეეძლო და არც სასკოლო წიგნების. ბებიამ და პაპამ რაღაცნაირად სცადეს, დაგვხმარებოდნენ - ძველი ტანსაცმელი მოგვიძებნეს, ქუჩაში გასვლა რომ შეგვძლებოდა. მაშინ მოდის შესახებ არაფერი გამეგებოდა, მაგრამ სკოლაში მისვლის პირველსავე დღეს ჯოჯოხეთი დაიწყო:
ბავშვები ჩამივლიდნენ და ტანსაცმლის გამო ხმამაღლა დამცინოდნენ ხოლმე. ამას ისიც ემატებოდა, რომ გარდატეხის ასაკში ოდნავ ტანსრული ვიყავი, ისინიც ჩემკენ ხელს იშვერდნენ და მიყვიროდნენ, მსუქანოო. რამდენიმე მეგობრის შეძენა მოვახერხე, მაგრამ ხომ იცით, სკოლებში ყოველთვის გარკვეული სამეგობრო ჯგუფები იქმნება, მე კი ყველგან მიუღებელი ვიყავი. ბევრჯერ სახლში ატირებული წავსულვარ და სიკვდილი მინატრია. ეს დამცირება მაღალ კლასებშიც გაგრძელდა.
ახლანდელ ცხოვრებას დავუბრუნდეთ: ქმარმა რომ მიმატოვა, საკუთარი თავის დადანაშაულება დავიწყე: ალბათ ჩემი ბრალია, რომ მიმატოვა-მეთქი. ზუსტად იგივე კომპლექსები გამიჩნდა, რაც სკოლის პერიოდში მაწუხებდა — „არავის ვჭირდები, ესე იგი პრობლემა ჩემშია“.
დიდი ხანი გავატარე უძილო ღამეებში, გაუთავებელ ტირილში, დეპრესიასა და თვითმკვლელობის სცენარების მოფიქრებაში. მაგრამ ერთ დღეს ღმერთმა გადმომხედა. ალბათ იფიქრებთ, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე სასწაული მოხდა. არა. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გავაცნობიერე: მე ხომ ორი შვილის დედა ვიყავი და შვილებს ძველებურად ვჭირდებოდი! ზუსტად იმ მომენტში მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ჩემს ამბავსაც ამიტომ გიზიარებთ: გახსოვდეთ, ყველანი თანასწორები ვართ და ერთნაირად ვიმსახურებთ სიყვარულს, ბედნიერებასა და დაფასებას. თუ თავს ჩემსავით დაჩაგრულად გრძნობთ, უპირველესად, პრობლემა ახლობლებს გაუზიარეთ და გაიგებთ, რომ მარტო არ ყოფილხართ! ადამიანები ყოველთვის ერთმანეთისგან სწავლობენ, ამიტომაც მიეცით რჩევა და მოისმინეთ. ნუ ეცდებით, მსოფლიო ერთ დღეში შეცვალოთ, მაგრამ თავად მოახდინეთ ის ცვლილება, რომელსაც თქვენს გარემოში ისურვებდით და თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება!“
თემები: ბულინგი, ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორ დავამარცხოთ ბულინგი, რა არის ბულინგი?, რას ნიშნავს ბულინგი?, ბულინგი სკოლებში, ბულინგის მსხვერპლი
წყარო: <a href="https://www.urfab.com/bullied-teased-and-rejected/">UR</a>