მშობლები

როგორ ჩამოვუყალიბოთ ძილის უნარები ბავშვს

როგორ ჩამოვუყალიბოთ ძილის უნარები ბავშვს

ჩვილები, როგორც წესი, 24-იდან 18 საათს ძილში ატარებენ. თუმცა, თითოეული დაძინება მხოლოდ 1-3 საათი გრძელდება, თანაც შუალედებში ხშირად კვებას ითხოვენ. ასე რომ, შენც და შენი პარტნიორიც უძილო ღამეებისთვის მზად უნდა იყოთ. იცოდე, რომ ბავშვის განვითარების ეს ფაზა დიდხანს არ გრძელდება, თუმცა, გეთანხმებით, როდესაც გადაღლილი ხარ, რამდენიმე თვის უძილობა საუკუნედ გეჩვენება.

საქმე იმაშია, რომ ჩვილის ძილის ციკლი ზრდასრული ადამიანის ნორმაზე გაცილებით მოკლეა. თანაც, მათი ძილი არც თუ ისე ღრმაა: ამ დროს ხშირად თვალებს ახამხამებენ, რაც ნიშნავს, რომ იოლად შეიძლება გამოეღვიძოთ. თვალების ხამხამის ნუ შეგეშინდება, ეს ტვინიში მიმდინარე ცვლილებების აუცილებელი თანმხლები პროცესია. ასევე, 6-იდან 8 კვირამდე ასაკის ბავშვებში ძილის ინტერვალები დღის განმავლობაში უფრო მცირეა, ვიდრე — ღამით. ჭამისთვის ღამეც იღვიძებენ, თუმცა ღამის ძილი უფრო ღრმაა და თვალების ხამხამის გარეშე მიმდინარეობს.

ნორმალურ ძილს ყველა ბავშვი ინდივიდუალურად, სხვადასხვა ასაკში ეჩვევა: მაგალითად, ზოგს 8 კვირიდან მთელი ღამე უკვე უპრობლემოდ სძინავს, თუმცა ნებისმიერ ვარიანტში მზად იყავი, რომ პირველი თვეების განმავლობაში ღამეების თენება მოგიწევს. გახსოვდეს: სრულიად შესაძლებელია, ბავშვს ძილის ჩვევები 6 კვირის ასაკიდანაც კი ჩამოუყალიბდეს — ეს სწორედ ის ასაკია, როდესაც ადამიანში ცირკადიული რიტმის (დღე-ღამის შეგრძნება) განვითარება იწყება, მის დასაბალანსაბელად კი რამდენიმე ტაქტიკას გთავზობთ.

ამოიცანი ნიშნები, რომლებიც გატყობინებენ, რომ შენი პატარა დაიღალა

6-8 კვირის ასაკამდე ბავშვებს ფხიზლად ყოფნა 2 საათზე მეტხანს არ შეუძლიათ. თუ ამ დროის შემდეგ არ დააძინებ, გადაიღლება და დაძინებაც გაუჭირდება. პირველი 3 თვის განმავლობაში, ძილის მოერვას ჩვილები ამ ნიშნებით გამოხატავენ:

  • თვალებს ისრესენ
  • ყურზე ხელს იტყაპუნებენ
  • თვალების ქვეშ მუქი წრეები უჩდებათ
  • თვალებიდან ცრემლი სდით ან ტირიან
  • უსასრულობაში ერთ წერტილს აშტერდებიან
  • ინტენსიურად ამთქნარებენ და იზმორებიან
  • გარშემომყოფებს და სათამაშოებს ყურადღებას აღარ აქცევენ
  • ჩუმად არიან და ნაკლებს მოძრაობენ
  • ასევე, შეიძლება ხალხის და მოძრავი ობიექტების საწინააღმდეგოდ შებრუნდნენ და თავი დედის მკერდში ჩარგონ

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეამჩნევ, ბავშვი საწოლში მალე გადააწვინე.

განუვითარე დღე და ღამეს შორის განსხვავების შეგრძნება

როდესაც შენი პატარა 2 კვირის გახდება, შეგიძლია თანდათან დღე და ღამეს შორის განსხვავების შეგრძნება ჩამოუყალიბო. ამისათვის გარკვეული მოქმედებების კეთება მოგიწევს, როგორც დილას, ასევე — საღამოს.

დილას:

  • როდესაც გაიღვიძებს, ტანსაცმელი გამოუცვალე, რაც მიანიშნებს, რომ ახალი დღის დასაწყისია
  • რაც შეიძლება ინტენსიური ინტერაქცია მოახდინე: ეთამაშე და ესაუბრე
  • დღის კვება სოციალურ აქტივობად აქციე: უმღერე და ესაუბრე
  • ოთახში ფარდები გადაწიე და რაც შეიძლება გაანათე
  • ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები ხმები მოასმენინე (ზომიერად): რადიო, სარეცხი მანქანის ხმა და ა.შ.
  • თუ ჭამის დროს ჩაეძინა, ფრთხილად გამოაღვიძე

საღამოს:

  • გადააცვი პიჟამა იმის მისანიშნებლად, რომ დღე დასრულდა
  • ეცადე, ჭამის დროს აღარ ესაუბრო
  • მოერიდე ხმაურს და ჩააქრე შუქი

თუ ამ მოქმედებებს ყოველდღიურ რუტინად აქცევ, ბავშვი ნელ-ნელა გაიაზრებს, რომ ღამე ძილის პერიოდია.

მიეცი შანსი, დამოუკიდებლად დაიძინოს

დაახლოებით 3 თვის ასაკიდან, ბავშვს დამოუკიდებლად დაძინების უნარი უნდა ჰქონდეს. რაღათქმაუნდა, არ ვგულისხმობთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც შეატყობ, რომ ძილი მოერია, დააწვინე. შეგიძლია, შენც გვერდით მიუწვე, სანამ არ ჩათვლემს, თუმცა, თუ ასე დაძინებას მიაჩვევ, მზად იყავი, რომ გვერდით ყოფნას ღამე გამოღვიძების დროსაც მოგთხოვს.

მნიშვნელოვანია დაძინებისთვის მომზადებაც: თუ პირველი 8 თვის განმავლობაში ძილის წინ სისტემატურად აჭმევ ან დაარწევ, დროთა განმავლობაში ამ მოქმედებებით ძილის რეფლექსს გამოიმუშავებს. ზოგიერთი ექსპერტი ძილის წინ კვებას და დარწევას ეწინააღმდეგება, თუმცა, თავად განსაზღვრე, რა სახის რუტინას მიმართავ, შენ პატარას ძილის დროს მოახლოების ნიშანი რომ მისცე.

რა სახის ძილის პრობლემები ექმნებათ 0-3 თვის ჩვილებს?

ამ ასაკში კონკრეტული პრობლემების დადგენა რთულია. სავარაუდოდ, როგორც შენ, ასევე შენი პატარა, ინდივიდუალურ რეჟმს შეიმუშავებთ. ფაქტია, რომ პირველი 3 თვის განმავლობაში, ღამე ხშირად გაიღვიძებს და ჭამას ან ხელში აყვანას მოგთხოვს. ასე რომ, სასურველია, როგორც კი ჩათვლემს, დაძინება შენც სცადო. პირველ კვირებში ჩვილის დაძინების ერთ-ერთი მეთოდი ზეწარში კარგად გახვევაც შეიძლება იყოს.



წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a7654/establishing-good-sleep-habits-newborn-to-three-months">babycentre</a>