იმის სწავლა, თუ როგორ და როდის დავტოვოთ ჩვენი კომფორტის ზონა, რთულია და კიდევ უფრო რთულდება, როცა ვიწყებთ სამსახურს, ვიკეთებთ კარიერას და ვცდილობთ პიროვნული და პროფესიული მიზნების მიღწევას. მაგრამ საინტერესოა, წარმატების მისაღწევად ყოველთვის აუცილებელია, ჩვენი კომფორტის ზონა დავტოვოთ? თუ არსებობს სიტუაციები, როცა სწორედ იქ დარჩენა ჯობს, სადაც ვართ?
ჩემი ხმამაღალი პასუხია "კი!"
არის მომენტები, როდესაც საერთოდ არ გჭირდება სიტყვით გამოხვიდე, გამოხატო აზრი ან გარისკო. მაგრამ იმისთვის, რომ გაერკვე, ეს ნამდვილად გჭირდება თუ არა, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მთელი რიგი კითხვები დაუსვა იმის შესაფასებლად, კომფორტის ზონაში დარჩენა ემოციურად მიღებული გადაწყვეტილებაა თუ რაციონალურად.
საკმარისად ხარ მომზადებული?
როდესაც კომფორტის ზონას მნიშვნელოვანი სიტუაციისთვის ტოვებ, ეს სიტუაცია მართლაც უნდა იყოს წარმატების მომტანი. იქნება ეს საუბარი შეხვედრაზე თუ კონფერენციაზე პრეზენტაციის გამართვა, სასურველია, თქვა რამე საყურადღებო და მნიშვნელოვანი ისე, რომ სიტყვებს ძებნა არ დაუწყო.
იმისთვის, რაც აქამდე არასოდეს გაგიკეთებია, რთულია, სრულყოფილად მოემზადო, მაგრამ უგულისყუროდაც არ უნდა მოეკიდო. კითხვა იმაში მდგომარეობს, ხარ თუ არა საკმარისად მომზადებული. იცი თუ არა, როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას ამ კონკრეტულ სიტუაციაში? დაკვირვებიხარ სხვებს და აგიღია მაგალითი მათგან? იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არათანამიმდევრულად წარიმართა, რის გაკეთებას აპირებ? უნარი, რომელიც გკარნახობს, როგორ მოიქცე შენი კომფორტის ზონის გარეთ, პრაქტიკასთან ერთად უმჯობესდება და იხვეწება. და თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისად ხარ მზად და მოუმზადებლად მსგავსი რამის გაკეთებამ შესაძლოა, სიტუაცია იმაზე მეტად გააუარესოს, ვიდრე მანამდე იყო.
ნამდვილად იმას ეხება საქმე, რაც რეალურად გაინტერესებს და გაღელვებს? არაერთხელ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, როცა ჩვენს კომფორტის ზონას ისეთი სიტუაციებისთვის ვტოვებთ, რაც რეალურად არ გვადარდებს და ჩვენთვის უმნიშვნელოა. მაგალითად, საჯარო გამოსვლები. თუმცა, იცი რა? იქნებ საერთოდაც ქიმიკოსი ხარ და ინტერესი გაქვს, ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგე, რათა შენ მაგივრად შენი კვლევის შედეგებს ახალგაზრდა კოლეგა არ აცნობდეს აუდიტორიას. მთავარი ის არის, რომ ყველა ჩვენგანს არ შეუძლია თავის თავის იძულება და არც ამის ცდა.
იმის გაანალიზებაც მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის მიმართ სრული გულგრილობა კარგი საბაბია, საერთოდ არაფერი ვცადოთ ახალი. მაგალითად, წლების განმავლობაში, საკუთარ თავთან მქონდა წინააღმდეგობა ფართო საზოგადოებაში საუბართან დაკავშირებით, მაშინ როცა აკადემიური წერა და არამარტო აკადემიური წერა, ჩემი პროფესიაა. რეალურად, პრობლემა ის იყო, რომ ამის გასაკეთებლად მიწევდა დამეთმო ჩემი კომფორტის ზონა და ყოველთვის ინტერესის ნაკლებობას ვიმიზეზებდი. როდესაც საკუთარ თავს ჰკითხავ, არის თუ არა რაიმე შენთვის მნიშვნელოვანი, დარწმუნებული იყავი, რომ შენს თავთან გულახდილი ხარ.
სწორი დროა? შეიძლება რაიმე ქცევის ან უნარის ჩამოყალიბება გინდოდეს, თუმცა ამისთვის არასწორი დრო შეარჩიო. შესაძლოა, გინდა, უკეთ წარმოაჩინო საკუთარი თავი დიდ ღონისძიებებზე, თუმცა სამსახურებრივი მოვალეობების გამო ვერ გამონახო დრო და ვერ შეასრულო ეს კონკრეტული ამოცანა, რომელიც დაისახე. ან სულაც, გსურს, რომ საჯარო სივრცეში მეტყველების უნარი დახვეწო, ვინაიდან თავს მოიაზრებდე აღმასრულებელ დირექტორად, მაგრამ სამსახურის პასუხისმგებლობების გამო, ან იმის გამო, რომ უბრალოდ ცალკე სამუშაო ოთახი არ გაქვს, ვერ შეძლო შენთვის მნიშვნელოვანი უნარის დახვეწა და გავარჯიშება.
კომფორტის ზონიდან გასვლას კარგი მიზეზი სჭირდება, რადგან ამის გაკეთება არც ისე მარტივია. არსებობს ადგილები, სადაც თავს დაცულად და ბუნებრივად ვგრძნობთ და ზოგჯერ სწორედ ამ შემთხვევაში გამოგვდის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად კარგად გამოყენება. ნუ აურევ სიმამაცეს მგრძნობიარობაში. კომფორტის ზონის დათმობა მაშინ, როცა არ ხარ ამისთვის მზად, ან უბრალოდ საჭიროება არ არსებობს, მეტ სტრესს მოგიტანს და არა ახალ უნარებს. ზოგ შემთხვევაში, კომფორტის ზონაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს უნიჭობას. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო.
თემები: კომფორტის ზონა, ცვლილებები, სიახლე
წყარო: <a href="https://hbr.org/2016/09/when-to-stay-inside-your-comfort-zone">hbr.org</a>