მშობლები

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

ბევრი მშობელი განიცდის, როდესაც შვილისთვის ძვირფას სათამაშოს ან რამე ნივთს ვერ ყიდულობს. მშობლებისგან ხშირად გვესმის მსგავსი ფრაზები: „ვუყიდი, რომ არ დაკომპლექსდეს“. თუმცა იმისათვის, რომ ბავშვი „არ დაკომპლექსდეს“ და უფრო მეტიც - სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბდეს, არამატერიალური, მაგრამ საკმაოდ შრომატევადი ძალისხმევა დაგჭირდება. თუ გსურს, რომ შენი შვილი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული და თავადაც სასურველი იყოს; შეეძლოს, ცხოვრება სხვებსაც გაუხალისოს; არ ჰქონდეს თვითშეფასების პრობლემა და ყოველთვის აფასებდეს იმას, რაც ცხოვრებაში მიეცა, ფსიქოლოგების რჩევით, ყოველდღიურად 7 წესი უნდა დაიცვა:

 7. ხშირად გაუმეორე, რომ გიყვარს

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

შეგიძლია, ეს ფრაზა სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენო, მაგალითად, უთხარი, რომ გიყვარს მაშინაც კი, როდესაც გაბრაზებს, ან როდესაც ერთმანეთისგან შორს ხართ. სწორედ მისნაირ შვილს ისურვებდი, წინასწარ არჩევის საშუალება რომ გქონოდა. ასევე უთხარი ხოლმე, რომ მასთან თამაში მოგეწონა და მასთან ერთად ნებისმიერი საქმიანობა შენთვის ძალიან საინტერესოა. რაც მთავარია, არასოდეს დაგავიწყდეს, შვილის უმნიშვნელო მხარდაჭერაც კი აღნიშნო და ამისთვის მადლობა გადაუხადო.

6. ხშირად მოუყევი ისტორიები

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

მოუყევი, როგორ გააჩინე, როგორ ელოდებოდით მთელი ცხრა თვე. ასევე, მოუყევი, როგორ მოიფიქრე მისი სახელი, როგორი იყავი მის ასაკში შენ, უამბე ბებიებისა და ბაბუების ისტორიები. მნიშვნელოვანია, ბავშვს ყოველთვის უთხრა, რას საქმიანობ და რა გეგმები გაქვს მომავლში.

 5. მოუსმინე

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

გახსოვდეს: რაც უნდა პატარა იყოს ბავშვი, მას ისე უნდა მოექცე, როგორც ზრდასრულ, სრულფასოვან პიროვნებას და აგრძნობინო, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მისი აზრი. რაც უნდა დაღლილი იყო ან სისულელედ მოგეჩვენოს, ყურადღებით მოუსმინე, როდესაც სათამაშოს, მულტფილმის გმირის ან საბავშვო ბაღის მეგობრის შესახებ გიყვება. ნაყოფიერად გამოიყენე ავტომობილით მგზავრობის პერიოდი - ჰკითხე, შენი რჩევა ხომ არ სჭირდება, გაიგე რას გრძნობს და რა ემოციები აქვს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით.

ხშირად დაუსვი კითხვები: „როგორ ფიქრობ, ასე რატომ მოხდა?“ „რაზე ფიქრობ?“ „როგორ მოვაგვაროთ პრობლემა ერთობლივად?“ „რას ფიქრობ, რა ფერის ფარდები აჯობებს ჩვენი მისაღებისთვის?“

4. კრიტიკის ნაცვლად, სწორი მაგალითი მიეცი

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

იმის მაგივრად, რამე დაუშალო, მაგალითი საკუთარი ქცევით მიეცი. ასწავლე სათამაშოების აწყობა, ტანსაცმლის დაკეცვა, დანა-ჩანგლის ხმარება. გარკვეულ ასაკში კი აჩვენე, როგორ მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, როდესაც მის გვერდით არ ხარ ან მის კითხვაზე პასუხი არ გაქვს.

 3. დაუთმე დრო

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის მშობელთან კომუნიკაცია, აქამდეც ხშირად გექნება გაგონილი. რთული გრაფიკის მიუხედავად, აუცილებლად უნდა გამონახო დრო და შენი პატარა ბუნებაში გაასეირნო, ეთამაშო, დააკვირდეთ მტრედებს და აღმოაჩინოთ ლამაზი ადგილები - მნიშვნელოვანია, რომ ამ ემოციებს შვილი სწორედ მშობელთან ერთად იზიარებდეს.

 და რაც მთავარია, წაუკითხე: ძილის წინ წესად გაიხადეთ, რომ მინიმუმ 20 წუთი ზღაპრებს ან სათავგადასავლო ნაწარმოებებს წაიკითხავთ. გახსოვდეს: რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებ შვილისთვის წიგნის ხმამაღლა კითხვას, მით უფრო მალე ისწავლის ლაპარაკს, მეტად გონებაგახსნილი იქნება მომავალში და მალე დამოუკიდებლად კითხვასაც მოისურვებს.

2. გაახარე

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

შეეცადე, სიურპრიზები გაუკეთო, ეს ფულთან დაკავშირებული სულაც არ არის, მაგალითად, დაჭრილი ხილი თეფშზე ისე დაულაგე, რომ ღიმილის ნიშანი გამოისახოს; ან მოულოდნელად უთხარი, რომ მისთვის შოკოლადის კრეპები გაქვს მომზადებული.

 1. გაეცი ემოცია

როგორ აღვზარდოთ ბედნიერი ბავშვი?

რაც უნდა დაღლილი იყო, ყოველთვის გაუღიმე, როდესაც ოთახში შემოდის; რაც უნდა დაკავებული იყო, თავიდან ნუ მოიშორებ, როდესაც გეფერება; სანამ საუბარს დაიწყებდეთ, მისი ყურადღება მიიქციე და დარწმუნდი, რომ გისმენს. მიეცი უფლება, უარყოფითი ემოციისგან განიტვირთოს, სანამ დახმარებას შესთავაზებ და ყოველთვის ეცადე, მის მიმართ კეთილი იყო.



<a href="https://www.adme.ru/zhizn-semya/60-shagov-k-tomu-chtoby-vyrastit-schastlivogo-rebenka-842910/">Adme</a>