9 მიზეზი, რომელთა გამოც ნათესავებს შორის კონფლიქტი ხდება - რატომ შორდება ადამიანი ოჯახის წევრებს?
- 19.07.2017
ოჯახური ურთიერთობები ძალიან რთულია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ოჯახისგან თავს გაუცხოებულად გრძნობენ, როცა სახლში საერთოს ვერავისთან პოულობენ.
ფსიქოლოგი ბარბარა გრინბერგი წერს, რომ მას ხშირად აკითხავენ ადამიანები, რომლებიც ყვებიან იმ რთული სიტუაციების შესახებ, რომელიც ოჯახში აქვთ. ფსიქოლოგის თქმით, ამ სირთულეების გამომწვევი მიზეზებისხვადასხვაა, მაგრამ მთავარი სირთულე ოჯახის წევრებთან გაუცხოებას უკავშირდება.
ასეთი ადამიანები არიან სტრესის ქვეშ და განიცდიან დეპრესიას. განსაკუთრებით ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანს არავინ უხსნის, რატომ შეწყვიტეს მასთან ურთიერთობა. ნათესავები შეიძლება თვეების, წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მთელი ცხოვრება კომუნიკაციის გარეშე გავიდეს, არც სცადონ ახსნან რამ გამოიწვია პრობლემა, რატომ განაწყენდნენ.
გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებს, რომელთა გამოც ოჯახის წევრებს, ნათესავებს შორის კონფლიქტი ხდება, ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და უცხოვდებიან:
1. ოჯახის ისტორია - ოჯახის ისტორია ერთგვარად მაგალითია ახალი თაობისთვის. ზოგიერთ ოჯახს შეიძლება ჰქონდეს ისტორია იმისა, რომ გარიყეს ოჯახის წევრი, რომელმაც დანარჩენების იმედები ვერ გაამართლა. ჩვენ ვსწავლობთ იმას, რასაც სახლში ვხედავთ. ეს ერთგვარად მოდელია და დიდია ალბათობა, რომ ახალი თაობაც უფროსების მსგავსად მოიქცევა.
2. ძალა და კონტროლი - ყველა ოჯახში არიან წევრები, რომლებიც უფრო დომინირებენ და რომლებიც ნაკლებად დომინანტები არიან. დომინანტმა შეიძლება შედარებით სუსტს თავი გარიყულად აგრძნობინოს. ამას ის თავისი ძალისა და კონტროლის დემონსტრირებით ახერხებს. როგორ ფიქრობთ, ბავშვები საიდან სწავლობენ ბულინგს, რომლებსაც სკოლებში შედარებით სუსტებზე ახორციელებენ? - ბულინგის წყარო, პირველ რიგში, ოჯახია. ბავშვი სწავლობს იმას, რასაც სახლში ხედავს.
3. ოჯახის წევრები თავს აბეზრებენ ერთმანეთს - შეიძლება ოჯახის ერთი წევრი თავს აბეზრებდეს დანარჩენებს. ამის გამო შეიძლება მისი უგულებელყოფა დაიწყონ და სცადონ, არ ეურთიერთონ მას.
4. საკუთარი ისტორია - არიან ოჯახის წევრები, რომლებმაც ყველაფერი იციან შენ შესახებ, შენი ისტორია, დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა და ა.შ. შეიძლება თქვენ არ გსურდეთ წარსულის გახსენება, თუმცა ისინი ყოველთვის გახსენებენ. ასეთი ადამიანები ირჩევენ ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნას. ცდილობენ შეცვალონ საკუთარი ამბავი და „დაწერონ“ ახალი ისტორია.
5. იგნორირება - ზოგჯერ ნათესავებს შორის გაუგებრობა ხდება. თუ ისინი არ ისაუბრებენ პრობლემაზე, დიდი ალბათობით, ურთიერთობა საბოლოოდ დაინგრევა. ამიტომაც ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ არასოდეს ავარიდოთ თავი პრობლემას, არ უგულებელვყოთ, სჯობს დისკუსია, კამათი იმისთვის, რომ განხეთქილება თავიდან ავიცილოთ.
6. ფული - ფინანსური საკითხები ურთიერთობაში ხშირად სირთულეებს წარმოშობს.ოჯახის წევრებს შორის შეიძლება კონფლიქტმა იჩინოს თავი ქონების გაყოფის დროს. ურთიერთობის დაძაბვის შემთხვევები ხშირია, როცა ნათესავები საერთო ბიზნესს იწყებენ. უმეტეს შემთხვევაში,ფინანსების გამო მათი ურთიერთობა კონფლიქტით მთავრდება.
7. ხანდაზმული და ავადმყოფი მშობლები მოვლა - გსურთ იხილოთ ოჯახში განხეთქილება?შეხედეთ, რა ხდება, როდესაც საქმე ეხება მოხუცი, ან ავადმყოფი მშობლების მოვლას. არსებობენ ისეთი ოჯახებიც, რომლებიც კონფლიქტის გარეშე უმკლავდებიან ასეთ სიტუაციას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს არის საკითხი, რომლის გამოც ოჯახში უთანხმოება ხდება და ნათესავები ერთმანეთს შორდებიან.
8. ძალადობა - სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ემოციურად და ზოგჯერ ფიზიკურადაც უსწორდება ნათესავს. ეს არის ჭრილობა, რომელიც დიდი ალბათობით ვერასოდეს მოშუშდება.
9. რთული სტუაციის გამოსწორების უნარის ნაკლებობა - ზოგიერთ ოჯახში ადამიანებს არ აქვთ უნარი რთული სიტუაცია გამოასწორონ. ისინი უბრალოდ საკუთარ თავში იკეტებიან, არ საუბრობენ ერთმანეთთან. ეს რეალურად პრობლემას კიდევ უფრო ართულებს.
თემები: ოჯახი, ურთიერთობა, რჩევები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია