ნუ წაართმევ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას, ისწავლე, როგორ გახდე ბედნიერი
- 24.10.2021
რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? ამ კითხვას, ალბათ, იმდენი პასუხი აქვს, რამდენი ადამიანიცაა. ჩვენ განსხვავებულები ვართ და ბედნიერებასაც სხვადასხვა რამ გვანიჭებს. თუმცა არის ერთი რამე, რაც ყველას ერთნაირად გვიშლის ხელს ბედნიერებაში, უფრო სწორად, „ვინმე“! დიახ, და ეს „ვინმე“ ჩვენ ვართ, ჩვენი ჩვევებითა და ეჭვებით, შიშებითა და წარმოდგენებით... ნუ წაართმევ საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას; ისწავლე, როგორ გახდე ბედნიერი; მოიშორე ყველა არასწორი ფიქრი და დამოკიდებულება; ბედნიერების დროა!
10. გადაჭარბებულად აფასებ გარეგნობას
შეგიყვარდეს ვინმე მხოლოდ გარეგნობის გამო, ისეთივე წარმოუდგენელია, რომ საჭმელი აირჩიო არა გემოს, არამედ ფერის მიხედვით. ამას აზრი არა აქვს, არაფერი გამოვა.
9. ვერ წყვეტ ურთიერთობებს
ხანდახან გიწევს, ურთიერთობა გაწყვიტო ადამიანთან, არა იმიტომ, რომ ის აღარ გადარდებს, არამედ პირიქით, მას აღარ სჭირდები. როდესაც ვიღაც გამუდმებით გულს გტკენს, უნდა შეეგუო ფაქტს, რომ ის შენზე აღარ ფიქრობს. ეს ის მწარე აბია, რომლის გადაყლაპვაც მოგიწევს, მაგრამ იცოდე, ეს აუცილებელია შენი „ჯანმრთელობისთვის“.
ნუ ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას
ნუღარ დახარჯავ შენი დროის ერთ წამსაც კი იმისთვის, რომ მას რამე დაუმტკიცო. არაფერია დასამტკიცებელი. არ ეცადო, შენი აზრის მისთვის გაზიარებას, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება.
8. გსურს ყველაფერი სწრაფად შეცვალო
თუ მთელი სამყაროს შეცვლა გსურს, პირველ რიგში, შენ გარშემო არსებული სივრცე შეცვალე. ყველა დიდი ცვლილების ერთდროულად განხორციელება შეუძლებელიცაა და ზედმეტად სტრესულიც. თუმცა ვიღაცის ცხოვრებაში მყისიერი სიხარულის შეტანა უფრო მარტივია, თუ შენ მხოლოდ ამ ერთი ვიღაცის გახარებაზე ფოკუსირდები.
დაიწყე პატარა ცვლილებით
თუ გსურს, შეცვალო ადამიანის ფიქრი და განწყობა, პირველ რიგში, მის ირგვლივ მყოფებიც გაითვალისწინე. თუ ერთ ადამიანს მაინც გააღიმებ, გაახარებ, დარწმუნებული იყავი, რომ მათ გარშემო სხვა ადამიანებიც გაიღიმებენ. ეცადე, შენი კეთილგანწყობა ბევრ ადამიანს ისე გადასდო, რომ ბედნიერება შენც იგრძნო.
7. ეძებ სწრაფ კმაყოფილებას
ცხოვრებაში არსებობს კმაყოფილების ორი ვერსია - სწრაფი და მდგრადი. სწრაფი ტიპის კმაყოფილება დაკავშირებულია მატერიალურ კომფორტთან, ხოლო მდგრადი - პიროვნული შესაძლებლობების ზრდასთან და ეს ეტაპობრივად მიიღწევა. შეიძლება, ზოგჯერ ორივე ერთად ფლობდე, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდები, რომ მეორე ბევრად აღემატება პირველს.
მოიპოვე ის, რაც ყოველთვის შენთან იქნება
მდგრადი კმაყოფილება თქვენი ცხოვრების ყველა აღმავალ თუ დაღმავალ ეტაპზე თან გახლავს - ის შენშია, ის შენი პიროვნული რესურსია, ხასიათი და შესაძლებლობა. სიმშვიდე, ინტელექტი, საკუთარი თავის რწმენა - ეს არც ისე ცოტაა, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი თავი ბედნიერად და დაცულად იგრძნო.
6. გაწუხებს ყოფითი პრობლემები
ცუდი დღე, უბრალოდ, ცუდი დღეა. ასეთი დღეები ყველას აქვს, ზოგს ბევრი, ზოგს ცოტა, მაგრამ დღე არასოდეს გრძელდება დაუსრულებლად. ყველაფერი გადის, ცუდი დღეებიც კი. ეცადე, არ აქციო ეს დღე უარესად. ეკონომიკური პრობლემები ყველაზე მოქმედებს - მოქმედებს გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თუ ჯერ კიდევ არ მიგიციათ ამ ყველაფრისთვის იმის უფლება, რომ გავლენა მოეხდინა შენზე, მაშინ მომავალშიც უნდა გაუმკლავდე ცუდი დღეების წინააღმდეგობებს.
ისწავლე ახალი გაკვეთილები
ყოველი დღე ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს, გვასწავლის ახალ გაკვეთილებს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის არსებობს გზა, რომელიც წინ მიდის. წარსულს ვეღარ შეცვლი, ზოგჯერ იმ წარსულში საშინელებებიც ხდება. უნდა შეძლო არჩევანის გაკეთება - მომხდართან შეგუება და ცხოვრების გაგრძელება.
5. გტანჯავს წუხილისა და შიშის გამუდმებული შეგრძნება
ერთხელაც, როცა შენს ცხოვრებას გადახედავ, მიხვდები, რომ შენი წუხილები და პათოლოგიური შიშები არასოდეს ყოფილა რეალობა, ყოველი მათგანი საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა. დაფიქრდი ამაზე ახლავე. გადახედე ბოლო წლებს - რამდენჯერ შეგიშალა ხელი უსაფუძვლო შიშმა და უარყოფითმა ემოციამ? რამდენჯერ ჩაგიშალა სიამოვნების შესაძლებლობა? დაკარგულ სიხარულს და ბედნიერ წუთებს ვეღარ დაიბრუნებ. თუმცა ჯერ კიდევ უამრავი რამის გაკეთება შეგიძლია, კიდევ ბევრი ბედნიერი წუთი გელოდება.
დაიცავი შენი აწმყო არაფრისმომცემი წარმოსახვებისგან
გათავისუფლდი ყველა უარყოფითი ფიქრისგან. ნუ იბორკავ საკუთარ თავს ირეალური შიშებითა და ფიქრებით. გაცილებით მარტივია, მოეშვა და იმით დატკბე, რასაც რეალურად გთავაზობს ცხოვრება. მოიშორე სიბრაზე და წუხილი, ეჭვები; დათმე პრეტენზიულობა და განცდა, რომ ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ უნდა მოხდეს. ყველა ამ დამთრგუნველი განცდის უკან ბედნიერი და შრომისუნარიანი ადამიანი იმალება. როდესაც დაიწყებ ამ მარწუხებისგან განთავისუფლებას, ცხოვრება გაცილებით მშვენიერი მოგეჩვენება.
4. მალავ სიძულვილის გრძნობას
მარტინ ლუთერ კინგმა საფუძვლიანად აღნიშნა "სიბნელე ვერ გამოდევნის სიბნელეს; მხოლოდ სინათლეს შეუძლია ამის გაკეთება. სიძულვილი ვერ გაგათავისუფლებს სიძულვილისგან; მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ეს." სწორად არის ნათქვამი; როცა ვმალავთ სიძულვილის გრძნობას, სწორედ ეს გრძნობა გვაცლის საუკეთესოს, რაც გაგვაჩნია. გვაკარგვინებს კონტროლს. გვავიწყდება რატომ გვძულს, რა გვძულს და ვინ გვძულს - მარტივად, გვძულს რაღაც სიძულვილისთვის. და ამ დროს ვიწყებთ საკუთარი თავის სიძულვილსაც.
აჯობე სიძულვილს
ყველა და ყველაფერი, რაც სიძულვილს იწვევს შენში, მუდმივად იკავებს გარკვეულ სივრცეს შენს გონებასა და გულში. თუ გსურს ამოიგდო თავიდან და გულიდან ვიღაც ან რაღაც, ნუ შეიძულებ - ამის ნაცვლად, გაზარდე დისტანცია შენსა და მას შორის, განცალკევდი, განაგრძე წინსვლა და არასოდეს მიიხედო უკან.
3. მუშაობ მხოლოდ შემოსავლისთვის
ინტერესის გარეშე მუშაობა, ერთგვარი სასჯელია. შეყვარებული თუ არა, დაინტერესებული მაინც უნდა იყო შენი საქმით. თუ შენს ცხოვრებაში სამსახური მხოლოდ გადასახდების დაფარვას ემსახურება, მაშინ მთელი ცხოვრება სხვად ყოფნას ინატრებ.
იპოვე საინტერესო საქმე
რა თქმა უნდა, შენი ცხოვრების დიდ ნაწილს სამსახური იკავებს. ყველაფერი მხოლოდ ფულზე არ არის დამოკიდებული, რაღაცები დამოკიდებულია შენზეც. ამიტომ აკეთე ის, რაც გაინტერესებს, რაც კარგად გამოგდის და რაც პიროვნულად გზრდის. იმ სამუშაოს, რაც შენ გჭირდება ცხოვრებაში, განსაზღვრას შენი პიროვნული ხასიათი და შესაძლებლობები. სწორედ სამსახურის მიმართ დამოკიდებულება განსაზღვრავს შენს შრომისუნარიანობასა და ბედნიერების ხარისხს. ყველა საშუალებით ეცადე შენთვის საყვარელი საქმის პოვნას, რადგან არასოდეს მოგბეზრდება მისი კეთება. თუ მაინც არ გაგიმართლებს, თუ ხელფასის გამო უინტერესო საქმის კეთება მოგიწევს, მაშინ დამატებით იპოვე ჰობი, პატარა „გადახვევა“ რუტინიდან, არ დანებდე უღიმღამო პერსპექტივას.
2. ელოდები საუკეთესო მომენტს
ნუ შეიქმნი „საუკეთესო მომენტის“ ილუზიას. ყველა დრო და მომენტი საუკეთესოა. მომენტს საუკეთესოდ ან არახელსაყრელად აქცევ მხოლოდ შენ. უამრავი ადამიანი ელოდება ვარსკვლავების განლაგებას, რათა გააკეთონ რაღაც, რისი გაკეთებაც ყოველთვის შეუძლიათ. საუკეთესო დრო, საუკეთესო შესაძლებლობა, საუკეთესო ქვეყანა საცხოვრებლად... გამოფხიზლდი! ყველაფერი „იდეალურ“ დროებსა და ქვეყნებზე ილუზიაა. მსგავსი რამ არ არსებობს.
ისარგებლე არასრულყოფილებით
უნარი, რომ განახორციელო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, პირდაპირ დაკავშირებულია თქვენს მზაობასთან. წარმატებას საუკეთესო მომენტების შერჩევით ვერ მიაღწევ. წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა არასრულყოფილი ცხოვრების სრულყოფილად ხედვასა და გამოყენებას ვსწავლობთ.
1. აკეთებ აქცენტს სხვებზე
კარგია, როცა სხვების ამბები და წარმატებები გახარებს, მაგრამ საკუთარი მიღწევის ხაზგასმაც ნუ დაგავიწყდება. ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ გახდე ის, ვინც გჭირდება ან შეგიძლია, რომ გახდე. გასაოცარი ცვლილებები ხდება, როცა თვითკონტროლს იწყებ.
ფოკუსი გაასწორე საკუთარ თავზე
აღარ მისცე უფლება სხვებს, იფიქრონ, ისაუბრონ და გადაწყვიტონ შენ მაგივრად. პატივისცემით განეწყვე შენი საკუთარი იდეებისა და ინსტინქტების მიმართ, რადგან ეს გზა მხოლოდ შენი გასავლელია. თუ გსურს ცხოვრებაში მიაღწიო ახალ სიმაღლეებს, უნდა გათავისუფლდე წარსულისგან. მოაკლო დრო ისეთ საქმეებს, რომლებიც გამძიმებს და ხელს გიშლის. სასურველია ისეთ აქტივობებში ჩაება, რაც ბედნიერებას მოგანიჭებს. ყოველთვის გახსოვდეს შენი სურვილები, მიზნები და ეცადე, ყოველდღიურად გამონახო დრო მათთვის. თუ ნამდვილად მნიშვნელოვანია ის, რასაც აკეთებ, თავდაუზოგავად იმუშავე - არ არსებობს არაფერი, რასაც ვერ შეძლებ.
თემები: ბედნიერება, რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში
წყარო: <a href="http://upliftconnect.com/little-habits-happiness/">upliftconnect</a>