რატომ რჩებიან ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც ბავშვებად? - ფსიქოლოგის განმარტება
- 10.10.2017
ბავშვი ყველა ოჯახშია - ზოგჯერ ის ნამდვილად ბავშვია, მაგრამ უფრო ხშირად ოჯახში არის ბავშვის იდეა.
რას გულისხობს ბავშვის იდეა? - მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები უკვე გაიზრადნენ და ზრდასრულები არიან, მათ ოჯახის წევრები მაინც ბავშვებად მიიჩნევენ და ხშირად მათ ისევ ბავშვებს უწოდებენ.
ზოგჯერ ოჯახის წევრები ზრდასრულ ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რომ მართონ საკუთარი ცხოვრება და თავად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ზრდასრულ ადამიანს ოჯახში ისევ პატარა ბავშვის როლი აქვს. მშობლები მას მიიჩნევენ უმწეოდ, რომელსაც მუდამ დახმარება სჭირდება.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ „დიდი ბავშვების“ ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი აღზრდასა და ოჯახის წევრების დამოკიდებულებას აქვს. როცა მშობელი შვილს დამოუკიდებლად უმარტივესი გადაწყვეტილების მიღების საშუალებასაც კი არ აძლევს, ამ ადამიანს უქრება თვითრწმენა და ბავშვური ხასიათი ცხოვრების ბოლომდე უნარჩუნდება.
ასეთი ადამიანი არ არის მზად დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის. მუდამ ელოდება რომ ვიღაც მის ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებას, არ აქვს გამომუშავებული თავდაცვის უნარი, რადგანაც შეჩვეულია, რომ მას ყოველთვის მშობელი, ან ოჯახის რომელიმე წევრი ექომაგება და ზრდასრულ ასაკშიც აქვს მოლოდინი რომ ვიღაც დაიცავს.
ასეთ ადამიანებს უკვე ზრდასრულ ასაკში შესაძლოა ხშირად ესმით კითხვები - „რატომ არ იზრდები?“ „როდის უნდა შეწყვიტო ბავშვივით მოქცევა?“. დიდი ალბათობით მშობლებსაც არ მოსწონთ ის, რომ ბავშვად დარჩით, თუმცა მათი წუხილი უკვე გვიანია - თქვენ ასეთი ხასიათი ჩამოგიყალიბდათ.
ადამიანების გარკვეულ კატეგორიასმოსწონს, როცა მათზე გამუდმებით ვიღაც ზრუნავს, რომ ხელის გაუნძრევლად ცხოვრობს, რომ ყველაფერს სხვა აკეთებს მის ნაცვლად - და ისინი ზრდასრულ ბავშვებად რჩებიან, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მართოს. ასეთ დროს კი „დიდი ბავშვები“ არის ის კატეგორია, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს ცხოვრება, გადაწყვეტილებების მიღება, უმეტეს შემთხვევაში იმედგაცრუებულნი რჩებიან და მათი ცხოვრება ერთი დიდი ქაოსია.
თემები: ფსიქოლოგია, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, მზრუნველობა, ბავშვები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>