10 რამ, რასაც ბედნიერი მშობლები არ აკეთებენ - შვილის აღზრდის ფსიქოლოგიური მეთოდები
- 14.10.2017
ჯანსაღი ფსიქიკა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანები მზად შეხვდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის - ამისთვის საჭიროა, რომ მშობლებს ძლიერი ფსიქიკა ჰქონდეთ და აღზრდის სწორი მეთოდები გამოიყენონ.
როგორც ფსიქოლოგი ემი მორინი წერს, მშობლებმა, რომლებსაც სურთ, მათ შვილებს ჰქონდეთ აზროვნების კარგი შესაძლებლობა, შეეძლოთ უკეთ გაუგონ ცხოვრებას, მიაღწიონ წარმატებას და გამოირჩეოდნენ სფიქიკური სიჯანსაღით, შვილის აღზრდის პროცესში ეს 10 რამ არ უნდა გააკეთონ.
1. ნუ აგრძნობინებთ თავს მსხვერპლად - თუ თქვენს შვილს გამოაგდებენ ფეხბურთის გუნდიდან, ან რაიმე საგანში წარუმატებელი იქნება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ მას, რომ ხელმოცარული და წარუმატებელია, თავს მსხვერპლად ნუ აგრძნობინებთ. სწორი ქმედება მშობლის მხრიდან შვილის მხარში დგომაა. დაეხმარეთ, რომ იყოს უფრო ძლიერი, ასწავლეთ რომ ზოგჯერ მარცხი და წარუმატებლობა გარდაუვალია, რომ ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ეს მის ხელმოცარულობაზე არ მეტყველებს.
2. ნუ აგრძნობინებთ თავს დამნაშავედ - თუ ცდილობთ, რომ შვილს დანაშაულის გრძნობა გაუჩინოთ, ეს არაჯანსაღი მიდგომაა. დანაშაულის ჩადენა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ როცა შვილს აიძულებთ, რომ ამ დანაშაულის გრძნობით იცხოვროს, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგამდე მიგიყვანთ. დანაშაულის გრძნობით ცხოვრება მას გადაწყვეტილებების მიღების უნარს ართმევს, ამიტომ, უმჯობესია თუ დაეხმარებით მოიშოროს დანაშაულის გრძნობა.
3. ფსიქიკურად ძლიერმა მშობლებმა არ უნდა მისცენ უფლება შვილებს თავი სამყაროს ცენტრად წარმოიდგინონ - ზოგიერთ მშობელს რეალურადაც სჯერა, რომ მისი შვილი სამყაროს ცენტრია და დედამიწა მის გარშემო ბრუნავს. ფსიქიკურად ჯანსაღი მშობლები ასწავლიან ბავშვებს, რომ ფოკუსირება მოახდინონ თავიანთ შესაძლებლობებზე და მათ განვითარებაზე.
4. მშობლებმა შვილები ნებისმიერ სიტუაციაში არ უნდა დაიცვან - მშობელმა შვილი ყველა სიტუაციაში კი არ უნდა დაიცვას, არამედ უნდა ასწავლოს, თუ როგორ დაიცვას თავად საკუთარი თავი. მშობელმა შვილს უნდა მისცეს ნება მიიღოს გამოცდილება, უნდა გაუშვას თავისი გზით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ხიფათის შემცველი იყოს.
5. ოჯახი ბავშვის კაპრიზების მიხედვით არ უნდა ცხოვრობდეს - ბავშვებს, რომლებიც კარნახობენ ოჯახს რა უნდა მიირთვან, სად უნდა გაატარონ შაბათ-კვირა და ა.შ. აქვთ დიდი ძალა. როცა ბავშვი ოჯახში უფროსია და ზრდასრული ადამიანები მისი სურვილების შესაბამისად მოქმედებენ, ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება. მშობლებმა მათ მხოლოდ გარკვეულ საკითხებში უნდა მისცენ გადაწყვეტილების მიღების უფლება და უნდა განუსაზღვრონ რა ეხებათ ბავშვებს და რა მშობლებს.
6. არ უნდა ელოდოთ შვილისგან სრულყოფილებას - როცა შვილისგან დიდი მოლოდინები გაქვთ, ეს ჯანსაღი დამოკიდებულებაა, მაგრამ როცა პატარა ბავშვისგან წარმოუდგენლად ბევრს ელოდებით და მისგან მხოლოდ საუკეთესოს ითხოვთ, ეს არ არის სწორი მიდგომა. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მისი შვილი ყველაფერში საუკეთესო ვერ იქნება. უმჯობესია, ყურადღება გაამახვილოთ იმ კონკრეტულ ნიჭზე, რომელიც მას აქვს და მის განვითარებაში დაეხმაროთ, დაეხმაროთ, რომ გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია.
7. მშობელმა არ უნდა მისცეს შვილს უფლება თავი აარიდოს პასუხისმგებლობას - ის უნდა გრძნობდნეს საკუთარ პასუხისმგებლობას ადრეული ასაკიდანვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკში უპასუხისმგებლო ადამიანად ჩამოყალიბდება.
8. ძლიერი მშობლები არ იცავენ შვილებს ტკივილისგან - მშობლისთვის რთულია უყუროს შვილს, როცა რაიმე აწუხებს და შფოთავს. ძლიერი მშობლები შვილებს აძლევენ საშუალებას, რომ თავად მოერიონ პრობლემებს, დაძლიონ ტკივილი და უსიამოვნება. შედეგად, ასეთი ბავშვები თავდაჯერებულ ადამიანებად ყალიბდებიან.
9. მენტალურად ძლიერი მშობლები შვილების ემოციებს არ მართავენ - მშობლებს სურთ, რომ დაამშვიდონ შვილები, როცა გაბრაზებულები არიან, მაგრამ თუ განუწვეტლივ ცდილობთ შვილის ემოციების რეგულაციას, ეს ხელს შეუშლის მას, ემოციებთან გამკლავება ისწავლოს. მშობელმა უნდა ასწავლოს შვილს, როგორ გაუმკლავდეს ემოციებს. ამგვარად ის აღარ იქნება დამოკიდებული სხვა ადამიანის დახმარებაზე და რთულ მომენტში საკუთარი თავის დამშვიდებას თავადაც მოახერხებს.
10. მშობელმა არ უნდა იზრუნოს შვილის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაზე - შეცდომები ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელია. ძლიერი მშობლები აძლევენ საშუალებას თავიანთ შვილებს, რომ თვალი გაუსწორონ თავიანთი ქმედების შედეგებს და თავად გამოასწორონ ყოველივე.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბავშვები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>