საქართველოში H&M-ი ოფიციალურად 18 ნოემბერს იხსნება. ბოლო დროს, აუცილებლად მოკრავდი ყურს ხუმრობას — საზღვარგარეთ მოგზაურობის ხალისი დავკარგეთო. გასაკვირიც არაფერია: შვედური ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც 1947 წელს ახალგაზრდა ანტრეპრენერმა — ერლინგ პერსონმა დააარსა, 70 წლის შემდეგ 41 ქვეყნის ონლაინ-მაღაზიებით და 68 ქვეყნის 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი. თუმცა, ფაქტუალურ მონაცემებზე მეტად ყველას ის შემოქმედებითი პროცესები აინტერესებს, რომლებიც სტოკჰოლმში, კულისებს მიღმა მიმდინარეობს.
TREND-ი იმ ქართულ გამოცემებს შორისაა, რომლებსაც შვედეთში მოგზაურობის და H&M-ის სათაო ოფისის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ: ჩვენი მეგზურები H&M-ის სამყაროში ახლანდელი გენერალური დირექტორი და კომპანიის მფლობელი — ერლინგ პერსონის შვილიშვილი კარლ-იოჰან პერსონი, შემოქმედებითი მრჩეველი — ანა-სოფი იოჰანსონი და ბრენდის სხვა წარმომადგენლები იყვნენ.
ჰენდრიკ ალპენმა კომპანიის გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მოძრაობების შესახებ გვიამბო, გლობალური კადრების მენეჯმენტის განყოფილების მმართველმა — კარინა გრაუერსმა მოგვიყვა, თუ რა პრონციპებით ირჩევს H&M-ი თანამშრომლებს, ჰაკან ანდერსონმა კი ყველაზე გასაიდუმლოებული ოთახების კარები გაგვიხსნა და ბიბლიოთეკა, „თეთრი ოთახი“, სახელოსნო, ტენდენციების პროგნოზის ჯგუფი და შესყიდვების დეპარტამენტები გაგვაცნო. წაიკითხე ჩვენი ქრონიკები და გაიგე, თუ როგორ იქმნება მსოფლიოს უსაყვარლესი მარკა.
H&M-ის სათაო ოფისი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარეობს. შენობის პირველი სართული კაფეტერიას უკავია, სადაც ყველა თანამშრომელს უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდებიან. ესკალატორით მეორე სართულისკენ გადაადგილებისას კედლებზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს შენიშნავ. შემდეგ კი კარი იღება (თუ გაგიმართლა და სპეციალური საშვი გაქვს) და ბიბლიოთეკაში შეაბიჯებ, სადაც მთელი მსოფლიოდან უიშვიათესი სამხატვრო წიგნებია დაცული. შემოქმედებითი გუნდის წევრები იქ უამრავ საათს ატარებენ და საინტერესო შთაგონების წყაროებს იძიებენ.
„თეთრი ოთახი“ H&M-ის შემოქმედებითი გუნდის იდეების გენერირების ადგილია — ბიბლიოთეკიდან მიღებული ინფორმაციით დატვირთულები, სწორედ იქ მუშაობენ სხვადასხვა თემატიკის გარშემო. განსაკუთრებულად საინტერესოა, ასევე, ტენდენციების ოთახი: იქ მთელი მსოფლიოს მოდის სამყაროში მიმდინარე სიახლეები იყრის თავს, შემდეგ ეტაპზე კი H&M-ის შემოქმედებითი გუნდის წევრები მათ ინტეგრირებას საკუთარი კოლექციაში ახდენენ.
სახელოსნოსთან მიახლოვებამდე, კიდევ ერთი ექსპოზიცია მოგჭრის თვალს — ვინტაჟური სამოსის გამოფენა: იქ უამრავ საინტერესო ექსპონატს დაათვალიერებ, მათ შორის Chanel-ის, Junya Watanabe-ის თუ Moschino-ს დეკადების წინ შექმნილ უიშვიათეს კოსტიუმებს, რომლებიც შემოქმედებითი გუნდის შთაგონებას და სამოსის კერვის სხვადასხვა ტექნოლოგიების შესწავლას ემსახურება.
ვინტაჟის ოთახს ქსოვილების და ფერების ოთახები მოჰყვება: H&M-ის საცავში უამრავი ფაქტურის მასალაა დაცული, რომლებსაც გუნდის წევრები ახალი მოდელების შესაქმნელად იყენებენ. უთვალავია ფერები: პანტონის სტანდარტული ფერთა გამის გარდა, ბრენდი საკუთარი ფორმულით მიღებულ ფერებსაც იყენებს.
H&M-ის ახალგაზრდული ხაზები ყოველთვის ფერადოვანი, მხიარული და პრინტებით დატვირთულია. პრინტების იდეები სათაო ოფისში მუშავდება, სასურველი შედეგის მიღების შემდეგ კი ნიმუშები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე ქარხნებს ეგზავნებათ, რომლებიც ბრენდის შეკვეთებს ასრულებენ.
მსგავსი მოდელით ხდება კოსტიუმების თარგების აგება და ნიმუშების შექმნა. ყველა მოდელის მაკეტი სახელოსნოში იქმნება: H&M-ის შემოქმედებითი გუნდის მიერ შემუშავებულ იდეებს კონსტრუქტორების ჯგუფი ახორციელებს. პირველადი სახით მოდელები სწორედ სახელოსნოში იკერება, შემდეგ კი შაბლონად იმ ქარხნებს ეგზავნება, რომელიც ბრენდს სამოსის კერვით ემსახურება.
ეს პროცესები H&M-ის მოდის სახლში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, საბოლოოდ კი უამრავი ადამიანის შრომა სწორედ შენი საყვარელი ბრენდის მარტივ, ხელმისწავდომ, მოდურ და სასურველ სამოსში იყრის თავს — ბრენდის, რომელიც გარემოსდაცვითი და ენერგოდამზოგავი მოძრაობების პიონერი და ქარხნების მუშახელის აქტიური დამცველია, მიზნად კი 2024 წლისთვის წარმოებაში მთლიანად განახლებადი ენერგიის გამოყენებას ისახავს, პლანეტის უკეთესი მომავლისთვის...
თემები: h&m, პრეს-ტური H&M-ის სათაო ოფისში, H&M-ის შემოქმედებითი საქმიანობა, H&M საქართველოში