მოდი შევთანხმდეთ, რომ ყველა ბავშვი ნიჭიერია და სწორი ხელშეწყობის შემთხვევაში, შეუძლიათ საკუთარი პოტენციალის გაღვივება.
მაგრამ, არსებობენ განსაკუთრებული უნარებით და შესაძლებლობებით დაჯილდოებული ბავშვები და მათი ამოცნობა არც ისე მარტივია: ნიჭიერი ბავშვები ძალიან ინდივიდუალურები არიან და ერთმანეთისგან ისევე განსხვავდებიან, როგორც ყველა ჩვეულებრივი ბავშვი.
თუმცა ნიჭიერ ბავშვებს ყველაზე ხშირად ორი ნიშნით -
მკვეთრი კოგნიტიური და სოციალური მახასიათებლებით ამოიცნობ
ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ნიჭიერ ბავშვებს თანატოლებისგან ყველაზე მეტად კოგნიტიური, სოციალური, ემოციური და ლინგვისტური შტრიხები განასხვავებს, მათი იდენტიფიცირება კი არცთუ ისე რთულია — ყველა მშობელი ამჩნევს, როდესაც მისი შვილი სხვებს არ ჰგავს. ამასთანავე იმასაც გეტყვით, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი გონებაგახსნილია, ეს მის ნიჭიერებას სულაც არ ნიშნავს. არსებობს სპეციალურად შექმნილი ტესტები, რომლებიც ბავშვის ნიჭიერების დეტექტორია.
კოგნიტიური შტრიხები, რომლებიც ნიჭიერებისკენ მიგვანიშნებს
შენი შვილი მართლაც ნიჭიერია, თუკი:
ძალიან დაკვირვებულია, უკიდურესად ცნობისმოყვარეა და განსაკუთრებული ინტერესები აქვს. დააკვირდი, როგორ ამჩნევს ისეთ საგნებს, რომლებიც თანატოლებისთვის ან თუნდაც უფროსებისთვის შეუმჩნეველი რჩება და დაადგენ, რამდენად დაკვირვებულია. მის ნიჭიერებაზე ასევე ის თვისებაც მიუთითებს, რომ ყველაფერი აინტერესებს, რაც მისი ყურადღების არეალში ექცევა — მაგალითად, რატომ უნდა შეჭამოს კონკრეტულად ესა თუ ის კერძი, რატომ ეომებიან მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთს და ა.შ.
დააკვირდი, რა მოვლენები ექცევა მისი ინტერესის სფეროში: როდესაც ახალ გატაცებას აღმოაჩენს, შეუძლია ამ თემაზე საათობით იფიქროს და ამას გარდა აღარაფერზე ისაუბროს? — ეს განსაკუთრებული ინტერესის გამოვლენას ნიშნავს.
ნიჭიერების გამოვლენის სხვა კოგნიტიური შტრიხებია:
განვითარებული მეხსიერება, საგანსა თუ მოვლენაზე ყურადღების დიდხანს გამახვილების უნარი, კარგად განვითარებული აბსტრაგირებისა და მსჯელობის უნარი, კონცეპტუალიზაცია და სინთეზი:
ნიჭიერი ბავშვები იდეებს, ობიექტებსა და ფაქტებს შორის კავშირს მარტივად ხედავენ, თანატოლებისგან მახვილგონიერებით გამოირჩევიან, მათი ფიქრის პროცესი კარგად დამუშავებული და ორიგინალურია, პრობლემის გადაჭრის განსაკუთრებული უნარები აქვთ, თანატოლებისგან განსხვავებით, ახალ ინფორმაციას იოლად ითვისებენ და ნაკლებ გამეორებას საჭიროებენ. ასევე, თუ ბავშვს ზედმიწევნით გამორჩეული ფანტაზია აქვს და ამის გამო ხშირად უსიამოვნებებშიც ეხვევა, ესეც მისი ნიჭიერების ინდიკატორია.
სოციალური და ემოციური შტრიხები
ნიჭიერი ბავშვები თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესებითაც გამოირჩევიან — განსაკუთრებით ინტერესდებიან ფილოსოფიური და სოციალური საკითხებით; საკმაოდ მგრძნობიარენი არიან როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად: შეიძლება რაღაც მოვლენაზე, სხვები რომ უბრალოდ მხრების აჩეჩით რეაგირებენ, მათ თვალზე ცრემლი მოადგეთ. ან, მაგალითად, შემოგჩივლონ, რომ წინდების ნაკერი ან ტანსაცმლის იარლიყი კანს უღიზიანებთ.
ნიჭიერი ბავშვები ყოველთვის განიცდიან, როდესაც ცხოვრებაში უსამართლობის ფაქტებს აწყდებიან და პერფექციონისტული ხასიათით გამოირჩევიან; არიან ენერგიულები, კარგად განვითარებული და ხანდახან უჩვეულო იუმორის გრძნობაც აქვთ. საინტერესოა, რომ მათი მოტივაცია შინაგანია — გამოწვევებსა და მიზნებს საკუთარი თავისთვის ისახავენ და სხვების მიერ აღიარება არ ადარდებთ.
საუბრის შტრიხები
ნიჭიერი ბავშვები საუბრის განსაკუთრებული მანერითაც გამოირჩევიან: კითხვას ადრეულ ასაკიდან იწყებენ და მდიდარი ლექსიკა აქვთ. იმ შემთხვევაშიც, თუკი კითხვას სხვა ბავშვებთან ერთად სწავლობენ, ათვისების სწრაფ უნარებს ავლენენ და ხშირად სვამენ კითხვას: „რა მოხდება, თუკი…?“
დაბოლოს, ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, ნიჭიერ ბავშვებს უყვართ: სიახლეების ათვისება — სწავლა და ზოგადად ინტელექტუალური აქტივობები მათ სიამოვნებას ანიჭებს; თანატოლებისგან განსხვავებით, უფროსებისთვის ან უფროსკლასელებისთვის განკუთვნილი წიგნებითა და ჟურნალებით ინტერესდებიან; კრიტიკულ, სკეპტიკურ და შეჯამების უნარებს გამოიმუშავებენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ნიჭიერი ბავშვების შესახებ ისაა, რომ ასინქრონული განვითარება ახასიათებთ: შეიძლება, თანატოლებს გონებრივად ბევრად უსწრებდნენ, მაგრამ ემოციურად მათ დონეზე იყვნენ ან კიდევ უფრო პატარა ასაკის ბავშვებივით იქცეოდნენ…