LIFE

საქართველოში ქალები ბიზნესში ნაკლებად რისკავენ

საქართველოში ქალები ბიზნესში ნაკლებად რისკავენ

უჭირთ თუ არა საქართველოში ქალებს სესხის აღება? რამდენად ხშირია სახელმწიფო ბიზნეს–პროგრამებში ქალების ჩართულობა და რა წინააღმდეგობას აწყდებიან ქალები ამ მხრივ? ამ და სხვა საკითხებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „წარმატებული ქალები“ , trend.ge ს საავტორო გადაცემაში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ანი კვარაცხელიამ ისაუბრა.

საქართველოში ქალები ბიზნესში ნაკლებად რისკავენ

 დავიწყოთ იქიდან, თუ რას საქმიანობს მეწარმეობის განვითარების სააგენტო?

მეწამრეობის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში 2014 წელს შეიქმნა. ეს სააგენტო ორიენტირებულია კერძო ბიზნესის ბრუნვის ზრდაზე, მეტ წარმატებაზე, საერთაშორისო ასპარესზე გასვლაზე, დამატებითი კაპიტალის მოზიდვაზე და ა.შ. სააგენტო რეალურად რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და ძირითადად, პასუხობს იმ გამოწვევებს და იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებითაა. ამასთან, მსურველებს ვუწევთ ტექნიკური დახმარებას, კონსულტაციებს და ა.შ. ასევე არის ექსპორტის მიმართულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამივე მიმართულებით ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომელიც კერძო სექტორს უწყობს ხელს, იმაში რომ გაიზარდოს და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე.
რაც შეეხება ფინანსებზე წვდომის ნაწილს, ამაზე ძალიან აქტიურად მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და აქვს 4 მთავარი მიმართულება.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომელსაც სურს ამ პროექტში მონაწილება?

მთავარი არის ის, რომ მან უნდა აიღოს ბანკში სესხი და იყოს ინდუსტრიული წარმოება, ანუ უნდა იყოს საწარმო, რომელიც გადამუშავებას ახორციელებს. როდესაც ბანკი უმტკიცებს სესხს, ავტომატურ რეჟიმში ბანკი გვწერს ჩვენ ამ კომპანიის შესახებ და ჩვენ ვეცნობით მის ბიზნეს–გეგმას, თუმცა შიგნით რამე განსაკუთრებული კომისია არ არსებობს, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში ავტომატურ რეჟიმში ხდება ამ სესხის გათვალისწინება და დამტკიცება. ამიტომ ჩვენ, სადღაც 3 სამუშაო დღეში ვპასუხობთ ბანკს და ეს კომპანია ხდება ჩვენი ბენეფიციარი. ეს პროგრამა 2 წელია არსებობს და დაფინანსდა 205 საწარმო, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორში 430 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.
რაც შეეხება სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტს, რომელიც ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს, ანუ ბანკში მეწარმე სესხს იღებს სასტუმროს ასაშენებლად ან გასავითარებლად და შემოაქვს ჩვენთან განაცხადი. თუმცა, აქ გათვალისწინებულია მხოლოდ რეგიონები - არა თბილისი და ბათუმი. ეს კომპონენტიც სულ ახლახანს დაიწყო და გვაქვს უკვე 11 პროექტი.
ასევე გვაქვს მიმართულება კინოინდუსტრიაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და გვჯერა, რომ საქართველო ამ კუთხით გახდება ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლოკაციების ვიზუალი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თანხის უკან დაბრუნების მექანიზმი, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ანუ სახელმწიფო სთავაზობს ამ მექანიზმს. ასევე ჩვენ გვაქვს ის მექანიზმი, რომ მეწარმე, რომელიც მოდის ჩვენს სააგენტოში, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველანაირი დოკუმენტაციით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან გაიცემა ფილმის გადაღებაზე. უკვე 4 ფილმის გადაღება დასრულდა საქართველოში 6 თვის განმავლობაში და 7 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ასევე არის მიკრომეწარმეობის კომპონენტი, რომელიც ითვალისწიენებს 5 ათასიდან
15 ათას ლარამდე მიკროგრანტებს თბილისის გარდა ნებისმიერ ადგილზე. ამ კომპონენტის ფარგლებში უკვე დავაფინანსეთ 3 ათას მეწარმეზე მეტი, წლის ბოლომდე კიდევ 1500 მეწარმე დაფინანსდება. ეს პროექტი არის ძალიან წარმატებული, რადგან დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი.

რა მიმართულებით ვითარდება ქალების ჩართულობა ბიზნესში, რა ტრენდები შეინიშნება, როგორია ბიზნესის კეთების სპეციფიკა საქართველოში, თუ გაქვთ რაიმე დაკვირვება ამაზე?

ალბათ, ინდუსტრიულ ნაწილს რაც შეეხება, ქალები ძალიან ნაკლებად იღებენ ბიზნეს სესხებს, ამის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ქალების დიდ ნაწილს არ აქვს თავის სახელზე რეგისტრირებული ქონება, ეს მემკვიდრეობის დამსახურებით. ასევე ძალიან ცოტა ქალია, ვისაც რისკის აღება შეუძლია საკუთარ თავზე. „აწარმოე საქართველოს“ ბენეფიციარებში ქალების წილი არის დაახლოებით 4-5%.
რაც შეეხება მიკრომეწარმებას, ამ ნაწილში ჩვენ ერთნაირი განაცხადის მიღების შემთხვევაში პრიორიტეტს ვანიჭებთ ქალბატონებს. ამ პროექტის ფარგლებში 30% გვყავს ქალები, რაც ნორმალური მაჩვენებელია რეგიონებიდან შემოსული განაცხადების მიხედვით.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა ნაბიჯები დაგჭირდათ ამ მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსვლამდე, აქ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ნაწილს, რაც აქვს რეგალიას, არამედ თვითონ საქმეს.

2011 წლიდან ვმუშაობდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე და ჩემი საქმიანობა დაიწყო საქართველოს საინვესტიციო სააგენტოში, რომელიც მაშინ იყო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში და იქ ჩემი საქმიანობა დაიწყო ექსპორტის მიმართულებით. პირველი, რასაც 2011 წელს შევეჩეხეთ ჩვენ, იყო ის, რომ ეკონომიკის სექტორები არ იყო ძლიერი და შესაბამისად, არ იყო ბევრი კომპანია, რომელიც განახორციელებდა ექსპორტს. ჩვენ იმ დროიდან დავიწყეთ ფიქრი, რომ კომპანიები საქართველოში უნდა გაძლიერდნენ და აწარმოონ პროდუქცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არ იქნება გათვლილი.
2012 წლიდან აქტიურად დაიწყო საუბარი სააგენტოს ჩამოყალიბებაზე. ამ პერიოდში მე ვმუშაობდი ეკონომიკის სამინისტროში ექსპორტის პოლიტიკის დეპარტმანეტის ხელმძღვანელად, შემდეგ 1 წლით მომიწია ეკონომიკის სამინისტროს დატოვება და ჩართული ვიყავი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტში. შედეგ ისევ დავბრუნდი სააგენტოში და დღემდე ვმუშაობ იქ. ვკურირებ იმ თემებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, რადგან ამ საკითხებზე ვმუშაობ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფიქრობ, რომ რეალური წვლილის შეტანა შეგიძლია ადამიანებისა და პარალელურად, ქვეყნის კეთილდღეობაში.

რეგიონების მიხედვით თუ გვაქვს რაიმე ტრენდები, რომელიმე რეგიონში უფრო აქტიურობდნენ ქალები და თუ გიფიქრიათ, ამ მიმართულებით თქვენი მუშაობის დივესიფიკაციაზე, რადგან, მაგალითად, „იბიარდის“ პროექტებში პირდაპირ არის მითითებული, რომ ქალების ჩართულობის საფუძველზე 10%-ით მეტი გრანტის გაცემის შესაძლებლობაა. თქვენ თუ გაქვთ ამ მიმართულებით რაიმე დაგეგმილი?

მიკრომეწარმეობის ნაწილში პირდაპირ გვიწერია, რომ ჩვენ ქალების რაღაც პროცენტი აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ამ პროექტში. თუმცა „აწარმოეს“ შემთხვევაში ჩვენ ამის საშულება არ გვაქვს. რეგიონებში შეხვედრების დროს ვლინდება, რომ ძალიან აქტიურები არიან ქალები ნებისმიერი ტიპის ბიზნესში, ძალიან ბევრია კოსმეტოლოგიური, სტომატოლოგიური ცენტრები, სასტუმროს ტიპის ბიზნესები.

ქალების ყველაზე მეტ ყურადღებას მაინც იპყრობს მოდის ინდუსტრია, როგორც ვიცი ამ მიმართულებითაც ძალიან საინტერესო ნაბიჯები გადადგით უკვე, რათა კრეატიული ინდუსტრიები განვითარდეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყოველთვის ითვლებოდა, რომ მოდა საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ყოველთვის ითვლებოდა ფუფუნებად და არ შეეძლო რეალური დოვლათის შექმნა. მაგრამ მგონი რამდენიმე წარმატებული ქეისი შეგიძლიათ მოიყვანოთ, როცა მოდა გახდა კომერციული პროექტი...

ჩვენ უკვე 2 წელია მოდის კვირეულებს ვეხმარებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინდუსტრია კიდევ უფრო კარგად გავიცნოთ, ეს დიდი გამოცდილებაა ჩვენთვის როგორც სახელმწიფო სტრუქტურისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად ჩართულები არიან ამ ბიზნესში, რადგან ძალიან ბევრი ჟურნალისტი, ექსპერტი ჩამოდის, რომლებიც ეცნობიან ახალ მიმართულებებს. თვითონ ღონისძიებებიც საკმაოდ დაიხვეწა, წელს თბილისის მოდის კვირეული უკვე ჩატარდა და ახლა ტარდება „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასევე ძალიან წარმატებული იქნება. აქ რა თქმა უნდა, უფრო მეტი ქალები არიან ჩართული და მათ კიდევ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ. „მერსედეს ბენცის“ კვირეულის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 15 მყიდველის ჩამოყვანას და შემდეგ უკვე პირდაპირი კონსულტაციების გამართვას. ძალიან მაღალი დონის ექსპერტები ჩამოდიან, რომლებიც თავად აარჩევენ დიზაინერებს და გადაწყვეტენ მათთან მუშაობას უკვე ერთი–ერთთან პირობებზე და შესაბამისად, მათ დაეხმარებიან, როგორც მარკეტინგის კუთხით, ასევე სხვადასხვა ბაზარზე შეღწევის მიმართულებით.



წყარო:&nbsp;<a href="http://commersant.ge/">commersant.ge</a>