ურთიერთობა წარმოუდგენელია დისკუსიის გარეშე, დისკუსია კი ხშირად ჩხუბში გადაიზრდება ხოლმე და შერიგება ხანდახან წარმოუდგენელიც კი გვეჩვენება. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი შესარიგებლად.
10. სიამოვნების უზრუნველყოფა
გარემო, სადაც შენ და შენი პარტნიორი იმყოფებით, დიდ გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე. ნეგატიური აურა ძალიან ცუდად მოქმედებს და მას შეუძლია, უბრალო კამათი დიდ ჩხუბად აქციოს. თუ შენ მშიერი ხარ ან ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც ხმაურია და საუბარი შეუძლებელია, დაძაბულობა აუცილებლად მოიმატებს. ყოველთვის მოიფიქრე რაიმე ისეთი, რაც უზრუნველყოფს ორივეს სიამოვნებას - თუნდაც უბრალოდ გემრიელი ვახშამი ან ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ამგვარად ორივე მიხვდებით, რომ კამათის დრო არ არის..
9. იცოდე შენი პოზიცია
დისკუსიისთვის საჭიროა ორი ადამიანი - ორი განსხვავებული პოზიცია. დაფიქრდი, რა გაბრაზებს, რა იწვევს შენში დისკომფორტს – ეს კამათისას საკუთარი პოზიციის მშვიდად დაცვასა და დაძაბული სიტუაციის განმუხტვაში დაგეხმარება.
8. იუმორი
მოიფიქრე რამე ხუმრობა! ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა დაძაბულობის შესამსუბუქებლად. არ იყო ირონიული ან უგულო შენი პარტნიორი მიმართ - უბრალო უბოროტო ხუმრობა ყოველთვის დაგეხმარება.
7. აიღე წუთშესვენება
ექსპერტები გვეუბნებიან, რომ არ არის აუცილებელი ჩხუბის შემდეგ იმავე დღეს შერიგება, გამოიყენე იმდენი დრო, რამდენიც გჭირდება რელაქსაციისთვის და ეცადე, არ ინერვიულო - ერთ ღამეში ნამდვილი ურთიერთობები არ ინგრევა.
6. შეძელი „შეუძლებელი”
ჩვენ გვიყვარს ინტერპრეტირება და ჩხუბის დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ვუკავშირებთ ჩვენი პარტნიორის წარსულ ქმედებას: თუ მან ჭურჭელი არ გარეცხა, ეს იმას ნიშნავს, რომ არც არასდროს დაგხმარებია სამზარეულოში; თუ რაიმე მნიშვნელოვანი დღე გამორჩა, ესე იგი შენთან ურთიერთობას არასდროს ანიჭებდა სათანადო მნიშვნელობას... გააკეთე ეს „შეუძლებელი” რამ: ეცადე გაიგო, თუ რატომ გრძნობს შენი პარტნიორი თავს ასე, სცადე, წარმოიდგინო თავი მის ადგილას. ეს თქვენს ურთიერთობას ძირფესვიანად შეცვლის.
5. ჩაეხუტე
როდესაც კამათობ ან ჩხუბობ, ყველაზე ნაკლებად ფიზიკური კონტაქტი გინდა. რაც არ უნდა იყოს, შეხება ამ ადამიანთან გახსენებს, რომ გიყვარს ის და გსურს მასთან ერთად ყოფნა. არ შეგრცხვეს, მიდი და ჩაეხუტე მას. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ დიდი ჩხუბის თავიდან არიდებაში.
4. ზოგ საკითხზე კამათი საერთოდ არ ღირს
ჩვეულებრივი მოვლენაა ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული აზრის ქონა, მით უმეტეს, როცა ვეჩვევით სხვა ადამიანის ცხოვრების წესს. მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზე დავა საერთოდ არ ღირს და თუ ამას არ გავაცნობიერებთ, მომავალში ეს საკითხები უფრო მეტ სტრესსა და წყენას გამოიწვევს. კარგად დაფიქრდი და გადაწყვიტე, რომელი საკითხებია სადავო და რომელ საკითხებზე არ ღირს დროის დახარჯვა.
3. ნუ ეცდები გამარჯვებას
შენი მთავარი მიზანი ხომ გამარჯვება არ არის! თანაც, ყოველთვის და ყველაფერში მართალი ვერ იქნები! როდესაც შენს საყვარელ ადამიანს ეკამათები, არ არის აუცილებელი გამარჯვება. შეიძლება 100% დარწმუნებული იყო გარკვეულ საკითხში, თუმცა კამათის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს საკითხი საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი. სცადე და განსხვავებას თვითონვე შეამჩნევ.
2. შეიმუშავეთ ორივემ “სტოპ”-ნიშანი
როცა გრძნობ, რომ დავა შესაძლოა ჩხუბში გადაიზარდოს, აუცილებლად მიმართე იმ საიდუმლო ნიშანს, რომელზეც შენ და შენი პარტნიორი მანამდე შეთანხმდით. ეს შეიძლება იყოს ჟესტი ან რაიმე სასაცილო სიტყვა. ეს ნიშანი იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩხუბი უნდა მორჩეს, რადგან მოთმინების დაკარგვის ზღვარზე ხარ.
1. დაითვალე ათამდე
ეს მართლა მუშაობს! როდესაც გესმის რამე, რასაც არ ეთანხმები ან არ მოგწონს, ღრმად ჩაისუნთქე და 10-მდე დაითვალე.
თემები: ურთიერთობა, წყვილი, ჩხუბი, შერიგება