თუ შენი პატარა უკვე ფეხს იდგამს და დღის წესრიგში მისი კვების საკითხი დგება, აუცილებელია, ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტა შეიმუშავო, რათა მის საჭმლის რაციონში ვიტამინები, მინერალები და სხვა მკვებავი ელემენტები თანაბარი პროპორციით შედიოდეს.
თუ ბავშვი ჭამის დროს მოუსვენრად იქცევა, ნუ იდარდებ, ზრდის პროცესში ეს სრულიად დასაშვები მოვლენაა. ასევე, გახსოვდეს, რომ პატარები ძალიან სწრაფად ვითარდებიან და დამოუკიდებლად მოქმედებას სწავლობენ, ასე რომ, ზრდის პერიოდში, ბავშვის ჭამის ჩვევებიც ხშირად რადიკალურად შეიცვლება.
გახსოვდეს: თუ შენ პატარას სწორად კვებას ბავშვობიდან ჩაუნერგავ, ეს ჩვევა მთელი ცხოვრება გაჰყვება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეიძლება წაახალისო უჭმელი ბავშვი.
1. მოარიდე კონფლიქტს
უპირველესად, რაც შეიძლება მოერიდე კონფლიქტს: როდესაც ბავშვი ჭამს, სიმშვიდის შენარჩუნება გმართებს, მაშინაც კი, თუ საჭმლის ნახევარი იატაკზე უცვივდება. მნიშვნელოვანია, კვება მისთვის პოზიტიურ ემოციებთან ასოცირდებოდეს! ამიტომაც, შეეცადე, ჭამის პროცესი შენი პატარასთვის რაც შეიძლება სახალისო გახადო.
2. სასარგებლო საკვები
ყოველთვის ვიტამინებით მდიდარი საკვები შესთავაზე, თუმცა ნუ დააძალებ, ბევრი შეჭამოს. ნება მიეცი, პორციები თავად განსაზღვროს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ჭამს თითო ჯერზე, მთავარია, ამა თუ იმ სასარგებლო ელემენტის შემცველი საკვების ყოველკვირეულმა დოზამ დამაკმაყოფილებელი რაოდენობა შეადგინოს. გვერწმუნე, ბავშვების უმეტესობა ზუსტად იმდენს ჭამს, რამდენიც მათ ორგანიზმს სჭირდება, ასე რომ, შიმშილის შეგრძნება ნამდვილად არ სიამოვნებთ!
გარდა ამისა, საჭმლის დაძალებით, შესაძლოა, ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა განუვითარდეს, რაც მოზრდილობის ასაკში ჭარბწონიანობაში, ჰორმონალურ დარღვევაში ან ბულემიაში გადაიზრდება.
3. სასუსნავების დრო
ყოველდღიურად ერთი და იგივე დრო დააწესე, როდესაც ბავშვს ძირითად კერძებს და სასუსნავებს აჭმევ. ამ დროის გადანაწილება მისი ძილის საათებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს. დღეში 3-ჯერ კარგად აჭამე, 2-ჯერ კი — კალორიული სასუსნავები მიეცი. ჭამის დროს აუცილებლად სასმელიც შესთავაზე: იდეალურ ვარიანტში, წყალი ან წყალში გაზავებული ხილის ახლადგაწურული წვენი, პროპორციით: წყალი/წვენი=10/1 (წყლის მოცულობა 10-ჯერ მეტი უნდა იყოს). საუზმეზე ჭიქა რძეც შეგიძლია მისცე.
რაც შეეხება სასუსნავებს, გახსოვდეს, ამ შემთხვევაშიც ჯანსაღ საკვებს ვგულისხმობთ. კანფეტების და სწრაფი კვების პროდუქტების ნაცვლად, გირჩევთ არჩევანი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ალტერნატივაზე გააკეთო: აჭამე
- ხილი
- „ჩერი“ პომიდვრები
- ყველის კუბიკები
- იოგურტი ხილით
- პატარა სენდვიჩი
- ყიყლიყოები
- ბოსტნეულის ჩხირები ან პურის ჩხირები ჰუმუსით
- დაბლენდერებული ხილი და რძე
- ალადები ჭიქა რძესთან ერთად
თემები: ბავშვის კვება, რა ვაჭამო 1 წლის ბავშვს, 1 წლის ბავშვის საკვები რაციონი, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, როგორ ვკვებო ბავშვი ჯანსაღად, ბავშვი, სწორი კვება 1 წლიდან
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a1008603/how-to-feed-your-toddler">babycentre</a>