ჩვენს საზოგადოებაში უამრავი აზრი არსებობს იმის შესახებ, თუ როგორი ცხოვრება შეიძლება გვანიჭებდეს კმაყოფილების გრძნობას.
ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები, მეგობრები, მეზობლები და სხვები, ყველანი ინდივიდუალურად ხედავენ ამ საკითხს. ზოგი ფიქრობს, რომ გათხოვება, ბავშვების გაჩენა და სახლის ქონა საკმარისია ისეთი ცხოვრებისთვის, როგორითაც შეგიძლია კმაყოფილი იყო. ზოგიერთის აზრით კი სრულყოფილი ცხოვრება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა. ზოგსაც ჰგონია, რომ წარმატებული მეწარმეობა ან თავისუფალი დროის ქონაა.
ზოგს თავისი ცხოვრებით კმაყოფილებისთვის ტაძარში სიარული სჭირდება, ზოგსაც - მედიტაცია ან იოგა. ვიღაცისთვის საკმარისია ხანგრძლივად მუშაობა ან დროის წერა-კითხვაში გატარება.
ყველას სხვადასხვა შეხედულება აქვს, თუ როგორ შეიქმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც მისთვის სრულყოფილი იქნება. რა თქმა უნდა, არც ერთი არ ცდება (გარდა იმისა, ვინც ფიქრობს, რომ კარგი ცხოვრებისთვის საკმარისია ძვირად ღირებული მანქანა, ლამაზი სხეული ან რობოტივით ცხოვრება).
მთავარია, გააცნობიერო, რა არის სრულყოფილი ცხოვრება შენთვის და რა განიჭებს კმაყოფილების განცდას.
„ჩვენს ცხოვრებას ჩვენვე ვაქცევთ ისეთად, როგორიც გვსურს, რომ გვქონდეს. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ, თავისით იქმნება იმ მორალის, ღირებულებებისა და რწმენის მიხედვით, რაც ჩვენს პიროვნებას გააჩნია", - ამბობს დერსი ლაუტონი, ნიუ-იორკის ცნობილი ფსიქოთერაპევტი და ყოფილი ბალერინა, რომელმაც შეისწავლა, რას ეფუძნებოდა ადამიანის ურთიერთობები, კარიერული წინსვლა, მოტივაცია, შემთხვევითობა, თავმოყვარეობა და საშემსრულებლო ხელოვნება.
ის განმარტავს სრულყოფილ ცხოვრებას, როგორც „მუდმივი მოგზაურობის პროცესს საკუთარი თავის გარშემო". ეს პროცესი ინდივიდუალურია და განაპირობებს იმ რეალობას, რომელში ცხოვრებაც გვიწევს. შენი შეხედულება სრულყოფილი, მისაღები ცხოვრების შესახებ დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, შეიცვლება, რადგან სიცოცხლის მანძილზე ხშირად გვეცვლება პერსპექტივები, მიზნები, შეხედულებები და სურვილები.
ლაუტონის რჩევით, თუ გსურს, გაიგო, როგორია შენთვის სრულყოფილი ცხოვრება, უნდა უპასუხო ათ მთავარ შეკითხვას. თავად ამ კითხვებს თავის პაციენტებს უსვამს იმის გასარკვევად, თუ როგორ ხედავენ ისინი სასურველი ცხოვრების სურათს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ამ კითხვებზე პასუხი სხვადასხვანაირია:
- ძირითადად როგორი ადამიანების, ადგილებისა და ნივთების გარემოცვაში გიწევთ ყოფნა?
- რა არის თქვენთვის მთავარი ღირებულებები, რა პრიორიტეტები გაქვთ ცხოვრებაში და როგორ აისახება ისინი თქვენს ყოველდღიურობაზე?
- გაიხსენეთ პერიოდი, როდესაც მოგიწიათ თქვენი ცხოვრების მთავარ სირთულესთან გამკლავება. რამდენად ხართ მზად, ახლაც გაუმკლავდეთ ამ პრობლემას?
- წარმოიდგინეთ თქვენი ცხოვრება ერთი, ხუთი ან ათი წლის შემდეგ. რა გსურთ მოხდეს მომავალში?
- როდესაც წარმოიდგენთ იმ მოცემულობას, რომელში ცხოვრებაც გსურთ, რა შეგრძნებები გეუფლებათ? რას ხედავთ და რას განიცდით?
- გაქვთ ნიჭი, მოწოდება ან სურვილი, რომლის განხორციელებაც გსურთ?
- თვითგამოხატვისთვის რა მეთოდებს იყენებთ?
- ბოლოს როდის გაგაოცათ საკუთარმა თავმა? რა ხერხებით ცდილობთ ცხოვრებაში ახალი გამოცდილებების შეძენას?
- რომ გაიღვიძოთ და აღმოაჩინოთ, რომ ისე ცხოვრობთ, როგორზეც წლებია, ოცნებობდით, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება?
- ფილმს რომ უყურებდეთ რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებას ასახავდა, რისი დანახვა მოგინდებოდათ ყველაზე მეტად?
შესაძლოა, ცხოვრების რთულ პერიოდშიც ვიყოთ ჩვენი ცხოვრებით კმაყოფილი, ამბობს ლაუტონი: „ჩვენი საკუთარი ცხოვრების შესახებ ჩვენსავე შეცდომებზე ვსწავლობთ". ჩვენი ღირებულებები იცვლება. თუ აქამდე კმაყოფილები მხოლოდ იმიტომ ვიყავით, რომ წარმატებული კარიერა გვქონდა, ახლა მშვიდი ოჯახური ცხოვრება გვსურს.
ამასთან, ვერასოდეს მივხვდებით, რა არის ნამდვილი სიხარული, თუ ცხოვრებაში არასოდეს განვიცადეთ უსიამოვნება და იმედგაცრუება. „ისევე, როგორც ზღვა ემოცია, მრავალფეროვანი გამოცდილებაც საშუალებას გვაძლევს, შევამჩნიოთ პოზიტივი ჩვენი ცხოვრების გზაზე", - ამბობს ლაუტონი.
საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი მაშინ იქნები, როდესაც საკუთარი წესებით იცხოვრებ. შენი ცხოვრება აერთიანებს შენში არსებულ მტკიცე ღირებულებებს, სურვილებსა და ზრახვებს. საზოგადოებისთვის მიღებული ნორმებისა და სხვების სურვილებზე დაფუძნებული მოქმედებებით ვერასოდეს იქნები კმაყოფილი.
თემები: ბედნიერება, ცხოვრება, კმაყოფილება, ბედნიერი ცხოვრება
წყარო: <a href="https://bitly.com/2eXY2fyhttp:/bit.ly/2eXY2fy">bitly.com</a>