ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ საქართველოში ქალის უფლებები ხშირ შემთხვევაში უხეშად ირღვევა. ასევე მრავალგვარია ძალადობის ფორმები, რასაც ქალები ყოველდღიურად განიცდიან ოჯახის წევრების მხრიდან:
საქართველო მოწინავე ქვეყანაა შერჩევითი აბორტების კუთხით — ყოველი მეათე გოგონა შერჩევითი აბორტის მსხვერპლია! დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობიდან 250 000 გოგონაა „გამქრალი“ და ამ მხრივ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ექვსი ქვეყანა თუ „შეგვეჯიბრება“;
მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში;
ჩვენთან ქალები საშუალოდ 318 ლარით ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე — კაცები;
ქორწინებაში მყოფი ყველა მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია;
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მეტ ქალს აქვს მიღებული, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების მხოლოდ 22%-ია დასაქმებული, კერძო კომპანიებში საქმე უარესადაა – იქ დასაქმებული ქალების რაოდენობა 20%-ია.
ჩვენს რეალობაში ოჯახში ძალადობად რატომღაც ხშირად მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა აღიქმება, თუმცა უამრავი ქალი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, რადგანაც ფინანსურად ოჯახის რომელიმე წევრზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მკვლევრებს გაუჩნდათ კითხვა: რა სახის ქცევას ავლენს ბავშვი, რომელიც ოჯახში დედის მიმართ ძალადობრივი მოპყრობის შემსწრეა?
აღმოჩნდა, რომ იმ ოჯახში დაბადებული ბავშვები, სადაც ქალის მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობა ხდება, 5 წლის ასაკიდან ქცევის საგრძნობ გაუარესებას ავლენენ, სკოლაში კი პროგრამით გათვალისწინებული მასალის ათვისება უჭირთ!ერთ-ერთმა კვლევამ ასევე დაამტკიცა, რომ ბავშვების ცნობიერებაზე ზეწოლის განმსაზღვრელი მიზეზი შესაძლოა არასრულწლოვანი დედა იყოს, რადგანაც ამ დროს ოჯახში დედის როლს ბებია ირგებს. ანალოგიური შედეგები გამოვლინდა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დედა ფინანსურად ოჯახის რომელიმე წევრზე იყო დამოკიდებული: საქმე ისაა, რომ თუ ოჯახის რომელიმე წევრი ამ ფაქტს ბავშვის თანდასწრებით სისტემატურად აღნიშნავს, ბავშვებს დაუცველობის შეგრძნება უვითარდებათ, რადგან დედა უსუსურად ეჩვენებათ.
მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ ბავშვის განწყობაზე საგრძნობლად მოქმედებს დედის ემოციური მდგომარეობა და ამ დროს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციის მოწმეები ვხდებით: გაირკვა, რომ თუ დედა დეპრესიისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, მისი შვილი ანტისოციალურ ქცევას ავლენს; შვილის ფსიქიკაზე დედის მხრიდან გადამეტებული ყურადღებაც ნეგატიურად მოქმედებს — დედები, რომლებიც ბავშვის ყველა უმნიშვნელო მოქმედებაშიც კი ერევიან, შვილს ინფორმაციის ათვისების უნარებს უქვეითებენ და მის ქვეცნობიერში ანტისოციალური ქცევის ხელშემწყობ პირობებს აღვივებენ. ამიტომ ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ საჭირო არ არის, ბავშვს მუდმივად მივუთითოთ, ესა თუ ის სათამაშო როგორ გამოიყენოს, თუ მისი მეშვეობით პატარა ისედაც ერთობა; სასურველია, მშობლებმა ბავშვს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცენ.
თავის მხრივ, რაც უფრო დიდ ზეწოლას განიცდიან ქალები ოჯახის წევრების მხრიდან, მით უფრო ზღუდავენ შვილების უფლებებს და მათ პირად სივრცეში უხეშად იჭრებიან. ასეთი დედები დეპრესიულ სიმპტომებსაც ამჟღავნებენ, რაც პატარების ფსიქიკაზე დამანგრევლად მოქმედებს.
თემები: ბავშვები, ძალადობა, ძალადობა ოჯახში, ბავშვის ფსიქიკა
წყარო: <a href="http://www.futurity.org/discrimination-mothers-children-1271842-2/">www.futurity.org</a>