მშობლები

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა

ნებისმიერ მშობელს გული სტკივა, როდესაც შვილს მოწყენილს ხედავს. თუმცა ინსტინქტი, რომელიც მშობლებს ბავშვის „დაცვის“ მიზნით უვითარდებათ, ხშირად ბავშვის სასიკეთოდ სულაც არ მოქმედებს.

მნიშვნელობა არა აქვს, შვილი ცხოველის გარდაცვალების გამო ტირის თუ უბრალოდ ბუშტის გახეთქვის ხმამ შეაშინა, მშობლის რეაგირება ერთნაირია — ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაამშვიდოს. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ ბევრი მშობელი ამას არასწორად აკეთებს: ჰგონიათ, რომ თუ ტირილის შემდეგ შვილს ხასიათი სწრაფად გამოუკეთდა, ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ირკვევა, რომ ბავშვის სამომავლო განვითარებისთვის ეს სასარგებლო სულაც არ არის.

ფსიქოლოგები გვირჩევენ: იმისათვის, რომ ჩვენი შვილები მომავალში წარმატებულები იყვნენ, სასურველია, ბავშვობიდანვე ჩავუნერგოთ თავიანთი ემოციური სამყაროს მართვის უნარი. კვლევამ დაამტკიცა, რომ ბავშვები, რომლებსაც სკოლის პედაგოგი თავიანთი გრძნობების მართვას ასწავლიდა, მომავალში უკეთ უმკლავდებოდნენ პრობლემურ ემოციურ სიტუაციებს და სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ ახალ მასალასაც სხვებზე უკეთ ითვისებდნენ.

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა

თინეიჯერობის ასაკში „ემოციური ინტელექტი“ — ემოციების მართვის უნარის გამომუშავება — პირდაპირ უკავშირდება როგორც სტრესულ სიტუაციებთან მარტივად შეგუებას, ასევე მაღალ თვითშეფასებას.

ზოგიერთი მკვლევარი იმასაც აცხადებს, რომ ემოციური ინტელექტის ნაკლებობა დეპრესიისა და ნერვული გაღიზიანების დონის დასადგენადაც გამოიყენება.

მოკლედ, ბავშვის მიერ ემოციური უნარების გამომუშავება მომავალში მისი ხასიათის სიმტკიცისა და მოქნილობის საფუძველია. თუმცა, იმის მაგივრად, რომ ნეგატიური ემოციის ბოლომდე შეგრძნების საშუალება მისცენ, მშობლები ხშირად ემოციურ ჰიპერმზრუნველობას იჩენენ — რჩევებით, მორალის კითხვით თუ იდეებით ბავშვის ემოციურ ველში იჭრებიან. თუმცა მშობლის მიერ პრობლემის ხაზგასმით ან შეთავაზებული დახმარების მიღებით ბავშვი ვერ ისწავლის, კრიტიკულ სიტუაციაში საკუთარ თავს როგორ დაეხმაროს. ამ მეთოდების ნაცვლად, ფსიქოლოგები ოთხ სწორ ქმედებას გვთავაზობენ:

4.შეგრძნება: ნუ ეცდები, ბავშვს ნეგატიური ემოციების განდევნისკენ უბიძგო: ფრაზებით — „ნუ მოიწყენ“, „ნუ გაბრაზდები“, „ნუ ეჭვიანობ“, „ნუ ხარ ეგოისტი“ - შენი შვილის ემოციურ რეალობას უარყოფ. გაიაზრე, რომ ის მგრძნობიარე პიროვნებაა, რომელსაც საკუთარი ემოციური სამყარო აქვს.

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა

3. გამოხატვა: მცდარია, თუ ფიქრობ, რომ ბავშვს გარკვეული ემოციების დაფარვა უნდა ასწავლო, მაგალითად — „ბიჭები არ ტირიან“. ამით მას გარკვეული ემოციების მიმართ შიშს უნერგავ.

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა

2. სახელის დარქმევა: ემოციებისთვის სახელების დარქმევა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნარების ნაკრებია — მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რა განსხვავებაა სტრესსა და სიბრაზეს ან განაწყენებას შორის. უთხარი, აღგიწეროს, ამა თუ იმ მოვლენის გამო რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სხვების რეაქციას. წლების მატებასთან ერთად, მისი ემოციებიც უფრო კომპლექსური გახდება — შეიძლება ერთდროულად აღგზნებულიც იყოს და იმედგაცრუებულიც, თუმცა ამ შეგრძნებების დახარისხება და ერთმანეთისგან გარჩევა უნდა შეეძლოს.

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა

1. გადატანა: ყველაზე რთული ემოციებიც კი მუდმივად არ გრძელდება. მოწყენილობა, სიბრაზე თუ იმედგაცრუება აუცილებლად გაივლის, ბავშვმა კი უნდა შეძლოს, საკუთარი თავი ამ პრობლემებზე მაღლა დააყენოს. მოუყევი, შენ რას გრძნობდი, როდესაც მოწყენილი იყავი და რა იგრძენი ხასიათის გამოკეთებისას. ასევე გაუზიარე, როგორ მოიქეცი, მოწყენილობა რომ დაგემარცხებინა. მნიშვნელოვანია, ისიც აუხსნა, რომ ერთსა და იმავე პრობლემურ სიტუაციაში აუცილებლად იდენტური ემოციები არ ექნება — შეიძლება, პირველ გამოცდაზე ძალიან ინერვიულოს, თუმცა მეორე ჯერზე უკვე საკმარისი იმუნიტეტი ექნება გამომუშავებული.

თუ ამ ოთხ რჩევას გაითვალისწინებ, შენი პატარა დროთა განმავლობაში აუცილებლად ისწავლის ნეგატიურ გრძნობებთან დაუხმარებლად გამკლავებას.

ასწავლე ბავშვს ემოციების მართვა



წყარო:&nbsp;<a href="http://mobile.nytimes.com/2016/10/04/well/family/teaching-your-child-emotional-agility.html?_r=1&amp;referer">mobile.nytimes.com</a>