1. იყო მშობელი - ეს არ არის მარტივი, ეს ძალიან რთული საქმეა. შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე რთული საქმეც კი იყოს. ადამიანის ფსიქიკა სწორედ ბავშვობაში ყალიბდება. როგორ განვითარდება ის, როგორი ადამიანი გახდება ზრდასრულ ასაკში,რა თქმა უნდა, აღზრდაზე და აღზრდის მეთოდებზეა დამოკიდებული.ამიტომ, დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მოზარდთან საუბრის დროს. ექსპერტები ავლენენ იმ ფრაზებს, რომლებიც შვილს არ უნდა უთხრათ.
2. „მე ყველაფერს შენთვის ვაკეთებ“ - ფსიქოლოგი ბრედ რედი ამბობს, რომ ეს ფრაზა ორი მიზეზით არის სახიფათო. პირველი - ეს არ არის სიმართლე და მეორე, ბავშვს თავს დამნაშავედ აგრძნობინებს.
3. „მაგრამ“ - როცა შვილს კომპლიმენტს ეუბნებით, ნუ გამოიყენებთ სიტყვას - „მაგრამ“. მაგალითად: „ძალიან კარგი შედეგი გაქვს ტესტში, მაგრამ მომავალში შეგიძლია უკეთესი შედეგი აჩვენო“. მსგავსი წინადადება ბავშვისთვის ნეგატიურ კონტექსტს იძენს. მიუხედავად კომპლიმენტისა, ის თვლის, რომ მისი შედეგით უკმაყოფილო ხართ.
4. „შეწყვიტე ტირილი“ - არავის მოსწონს ატირებული ბავშვი, მაგრამ ემოციების გამოხატვა და სწავლა იმისა თუ როგორ გაუმკლავდეს ემოციებს აუცილებელია ბავშვისთვის. თუ დაშინების, ყვირილისა და ჩხუბის მეთოდით ცდილობთ ბავშვის გაჩუმებას, ზრდასრულ ასაკში მას გაუჭირდება ემოციების კონტროლი. მართალია, შესაძლოა ეს ბავშვის გაჩუმების მარტივი გზაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უკუშედეგს აჩვენებს. სჯობს, შვილს ესაუბროთ, მოუსმინოთ, გაიგოთ რატომ ტირის, დაამშვიდოთ და დაეხმაროთ. ამ მეთოდით, ის შეძლებს თანდათან ემოციების გაკონტროლება შეძლოს.
5. „იჩქარე“ - შეიძლება ძალიან გეჩქარებათ, მაგრამ ფრაზამ „იჩქარე“ შესაძლოა, ის შეცდომაში შეიყვანოს. განსაკუთრებით თუ ბავშვი ძალიან აქტიური და ემოციურია და მას განრაზებული და მბრძანებული ტონით ეტყვით „იჩქარე“ - ეს გააღიზიანებს და ნეგატიურ გრძნობებს გაუჩენს. უმჯობესია, თუ წყნარი და მშვიდი ტონით ეტყვით, რომ წასვლის დრო დადგა.
6. „შენით ვამაყობ“ - ზოგჯერ ამ ფრაზას მშობლები აბსოლუტურად სპონტანურად ამბობენ. ფსიქოლოგების თქმით, ეს ვერ ახდენს დადებით გავლენას ბავშვის განვითარებაზე. ასეთ დროს, ბავშვი ფოკუსირებული ხდება ისეთ საქმეზე, რომელიც მშობელს მოსწონს და არა იმაზე, რაც მისი ინტერესის სფეროა და ეს არ არის ჯანსაღი. დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს, რომ მშობლების სურვილის მიხედვით მოქმედებდა, მხოლოდ მათ გასახარად და საკუთარი სურვილები უკანა პლანზე გადასწია და ეს ნეგატივით აავსებს.
7. „ამას არასოდეს გაპატიებ“ - რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ტყუილია და კონკრეტულ მომენტში ბრაზის გამო ეუბნებით შვილს, მაგრამ რეალურად მის განვითარებაზე ამით ცუდ გავლენას ახდენს. მოზარდი დიდი ალბათობით თავისი ყველა ქცევის დროს თქვენს რეაქციაზე იფიქრებს. შედეგად, ან მთლიანად დაკარგავს ინდივიდუალიზმს და თქვენი სურვილების მიხედვით იმოქმედებს, ან აგიჯანყდებათ და საერთოდ აღარ მოგისმენთ.
8. „იმეცადინე იმისთვის, რომ იყო სრულყოფილი“ - მიზანი სრულყოფილება არ უნდა იყოს. იმისთვის, რომ ბავშვი არ დაიტანჯოს, სჯობს, მას ასწავლოთ, რომ ცხოვრებაში არ არსებობს სრულყოფილება და დაეხმაროთ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესო გააკეთოს. ასწავლეთ ისიც, რომ მარცხი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
9. „კარგად ხარ“ - როცა ხედავთ, რომ ბავშვი ცუდადაა, რაღაც აწუხებს და ტირის, თქვენ კი ეუბნებით, რომ კარგად არის, ყველაფერი კარგადაა, შეწყვიტოს ტირილი, შეცდომაა. ის არ არის მექანიზმი, რომ ემოციები მაშინვე მოთოკოს. ის მოზარდია, რომლის ფსიქიკაც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
10. „მოდი, დაგეხმარო“ - თუ არ აცდით შვილს თავად იფიქროს, თავად მოამზადოს დავალებები, ან თავად გადაჭრას საკუთარი პრობლემები და მაშინვე ერევით მის საქმიანობაში, მაშინვე დახმარებას სთავაზობთ. ის კარგავს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარს. დახმარება შესთავაზეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხედავთ, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხზე დიდი ხანია ფიქრობს, აწუხებს და თავისით უჭირს გამკლავება. უმჯობესია, თუ ასწავლით პრობლემის გადაჭრის გზებს და თავად არ გადაუჭრით მათ.
თემები: მშობლები, მშობლები და შვილები, ბავშის აღზრდა, ბედნიერი ბავშვი
<a href="http://guff.com">http://guff.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია