გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს რას აჭმევ, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია როდის აჭმევ. გახსოვდეს: როდესაც შენი პატარას კვების უნარების ჩამოყალიბება ხდება, ფრთხილად უნდა შეარჩიო როგორც საჭმლის რაციონი, ასევე — კვების დრო.
კარგი იდეა სულაც არ იქნება, თუ გადაწყვეტ, ბავშვს ძირითადი კერძი შუადღის ძილის წინ აჭამო: პატარები ამ დროს საკმაოდ მოთენთილები არიან. აჯობებს, მცირე სასუსნავი ან სულაც ახლადგაწურული წვენი მისცე, ძირითადი პორცია კი — გაღვიძების შემდეგ შესთავაზო. თანაბრად გადაანაწილე საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის დროის ინტერვალები და შუალედებში სასუსნავები აჭამე: ამ გზით ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ენერგიით დატენილი იქნება და კარგად აითვისებს ახალ სიტყვებს, თამაშებს (არავითარ შემთხვევაში კომპიუტერულს); უფრო მეტ ახალ აღმოჩენას გააკეთებს.
ეცადე, ბავშვისთვის ყოველი ჭამის პროცესი საინტერესო და სახალისო იყოს: ძირითადი კერძის შემდეგ, ყოველთვის რამე ტკბილი შესთავაზე. ამ გზით საკვებ პორციებს გაზრდი და ყველა საჭირო ელემენტის შემცველ ნივთიერებას მიაწვდი. თუმცა, არასოდეს აჭამო პირდაპირ ტკბილი კერძი.
რა სახის „ტკბილი საკვებია“ დასაშვები?
- ხილის სალათი იოგურტით
- ვაშლის ღვეზელი კრემის და ბევრი შაქრის გარეშე
- ბრინჯის პუდინგი ჩაშუშული მსხლით
- ალადები ხილით, ჩირით ან კენკრით
თუ შენც და მეუღლე/პარტნიორიც სრულ განაკვეთზე მუშაობთ, ბავშვი კი უმეტეს დროს საბავშვო ბაღში ან ძიძასთან ერთად ატარებს, რთულია, დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად აჭამოთ, მაგრამ გახსოვდეს: საუკეთესო მაგალითი ყოველთვის მშობელია! შეეცადე, შეძლებისდაგვარად, ყოველთვის ბავშვთან ერთად ისადილო. როდესაც ხედავს, რომ მშობელი ჯანსაღ საკვებს იღებს, მეტი შანსია, მისი გასინჯვა თავადაც მოუნდეს.
მნიშვნელოვანია კვების გარემოც: ოჯახური სადილი მშვიდ და პოზიტიურ ატმოსფეროში უნდა მიმდინარეობდეს. მაგიდის გარშემო მოწესრიგებულად დასხედით, გამორთე ტელევიზორი, აალაგე ბავშვის ყველანაირი სათამაშო და ყურადღება მთლიანად კვების პროცესზე და საუბარზე გადაიტანე. თუ ხედავ, რომ შენ პატარას ჭამა არ სურს, მისი წახალისება საკუთარი პორციის შექებით სცადე: ვითომ შეუმჩნევლად ჩაილაპარაკე, რომ ძალიან გემრიელია -— ამ შემთხვევაში, დიდი შანსია, მისი გასინჯვა მასაც მოუნდეს.
გახსოვდეს, საკვების შერჩევისას, ბავშვებისთვის ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს: მაგალითად, შეიძლება დაკეპილი ხორცი სიამოვნებით შეჭამოს, დიდ ნაჭრებს კი ზედაც არ შეხედოს. ასევე, შესაძლოა ერჩივნოს, რომ სხვადასხვა სახის საკვები არ შეურიო და თეფშზე განცალკევებულად დაულაგო. ბავშვები ხშირად უარს ამბობენ იმ საკვებზეც, რომლის დაღეჭვაც უჭირთ. ასე რომ, დაკვირვებები აწარმოე და დროთა განმავლობაში მიხვდები, ესა თუ ის ინგრედიენტი შენ პატარას რა სახით მიაწოდო.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი: პატივი ეცი ბავშვის არჩევანს, თუმცა არასოდეს გაუკეთო შენი საჭმლისგან რადიკალურად განსხვავებული კერძი. შესთავაზე ის, რასაც მთელი ოჯახი ჭამს, თუმცა, რა თქმა უნდა, დარწმუნდი, რომ ის ბავშვსაც უყვარს. გარდა ამისა, ზრდის პროცესში მისი გემოვნება ხშირად შეიცვლება, ასე რომ, ეცადე, ბევრნაირი სადილი დაამზადო, რათა ბავშვის გემოვნებას მოერგო.
თემები: ბავშვის კვება, ბავშვი, ბავშვის კვების რეჟიმი 1 წლიდან, სწორი რეჟიმით კვება 1 წლიდან, 1 წლის ბავშვი
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a1008603/how-to-feed-your-toddler">babycentre</a>