საზოგადოებრივი და კულტურული ჩარჩოები, რომლებშიც ძირითადად ქალები ექცევიან, ძალიან მკაცრია და შეიძლება ითქვას, სტერეოტიპულიც. მხოლოდ დაუწერელი სტიგმები განსაზღვრავს სოციუმში სქესთა როლს და არც ჩვენი ქვეყანაა ერთადერთი, სადაც ქალები იჩაგრებიან.
ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ალბათ, ყველა შევხვედრივართ შემდეგ წარწერებს კედლებზე, ასფალტზე: „გათხოვდება და ქმარი მიხედავს!“ „პოლიტიკა რა ქალის საქმეა!“ „ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა!“ „კაცმა გადაწყვიტოს!“ „ქალი ვიცი მე „კუხნაში“! და ა.შ. ეს კამპანია ქალთა უფლებებისთვის წამოწყებული კამპანია იყო იმ მრავალ კამპანიათა შორის, რაც მსოფლიოში, ქალთა უფლებების თვალსაზრისით, დღემდე აქტიურად ხორციელდება!
ქალის როლი სოციუმში, ქალის სიტყვა და პიროვნება, მუდამ იყო, არის და იქნება მნიშვნელოვანი, ვინაიდან ცვლილებებსა და განვითარებაში მათ მნიშვნელოვანი როლი შეითავსეს სამყაროს დასაბამიდან დღემდე. მომავლისკენ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები დღემდე მკაფიოდ ეტყობა კაცობრიობის ისტორიის განვლილ გზას და თითოეულის ექო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ იმ ქალების მცირე ჩამონათვალს, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს!
საფო (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 570 წელი).
ერთ-ერთი საუკეთესო მწერალი ქალი. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი დაკარგულია, თუმცა, ისტორიამ მისი უზარმაზარი რეპუტაცია შემოგვინახა. პლატონის შეფასებით, საფო უდიდეს 10 პოეტს შორისაა.
კლეოპატრა (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 69-30 წწ.)
კლეოპატრა ეგვიპტის პტოლემეების დინასტიის უკანასკნელი მმართველია. მან გააძლიერა ეგვიპტე, რათა დაეცვა რომის იმპერიისგან. დაამყარა ურთიერთობა რომის ორ ყველაზე ძლიერ ლიდერთან, მარკ ანტონიუსთან და იულიუს კეისართან.
მარგარეტ ფულერი (1810-1850)
ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ამერიკელი მარგარეტ ფულერი ავტორია წიგნისა „მე-19 საუკუნის ქალები“, რომელიც 1845 წელს დაწერა. მისი როლი დიდია ქალებისა და მამაკაცების იმდროინდელი შეხედულებების ნგრევაში. მარგარეტი იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, ვინც ძალიან ადრე დაიწყო მნიშვნელოვანი ფემინისტური საქმიანობა.
დედოფალი ვიქტორია (1819-1910)
ვიქტორია ბრიტანეთის დედოფალი გახლდათ. 1837-1901 წლებში უძღვებოდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმპერიას მსოფლიოს ისტორიაში. იგი პარტიული პოლიტიკისგან დამოუკიდებლად ცდილობდა, გაეზარდა ბრიტანეთის პოლიტიკური გავლენები. მთელი ვიქტორიანული ღირებულებების ერა სწორედ ვიქტორიასთან ასოცირდება.
ელენა რუბინშტეინი (1870-1965)
ამერიკელი ბიზნესმენი. მან დააარსა ერთ-ერთი ყველაზე პირველი კოსმეტიკური კომპანია მსოფლიოში და ეს ბიზნესი წარმატებულად აქცია. მოგვიანებით, მან ქველმოქმედებას მიჰყო ხელი და მთელი თავისი სიმდიდრე განათლების, ხელოვნებისა და ჯანმრთელობის სფეროების მხარდასაჭერად გაიღო.
კოკო შანელი (1883-1971)
ფრანგი დიზაინერი, რომელიც არამარტო დიზაინერი იყო. მას უამრავი ახალი სიტყვა ეკუთვნის მოდის სამყაროში. კოკო შანელი იქცა მე-20 საუკუნის ცენტრალურ ფიგურად ქალის სტილის განსაზღვრაში და აღსანიშნავია, რომ ის დღემდე არ კარგავს აქტუალურობასა და პირველობას. მისი იდეები მიიჩნეოდა რევოლუციურ იდეებად – მან ხომ არაერთხელ მოარგო კაცის ტანსაცმელი ქალს.
ქეთრინ ჰეპბერნი (1907-2003)
ამერიკელი მსახიობი, რომელმაც ოთხი ოსკარი მოიგო და თორმეტ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მე-20 საუკუნისთვის მისი ცხოვრების წესი მიუღებლად ითვლებოდა, თუმცა სწორედ მისმა ცხოვრების სტილმა შეცვალა ტრადიციული შეხედულებები ქალის როლზე საზოგადოებაში.
დედა ტერეზა (1910-1997)
ალბანელი ექთანი/ქველმოქმედი. მთელი ცხოვრება ღარიბ ადამიანებს მიუძღვნა და ამით იქცა თავდაუზოგავი შრომის ცოცხალ მაგალითად. იგი საკუთარი ხელით უვლიდა ათასობით ავადმყოფსა და მომაკვდავს. 1979 წელს ნობელის პრემიით დაჯილდოვდა.
დედოფალი ელიზაბეტ II (1926-…)
ელიზაბეტი ტახტზე 1952 წელს ავიდა, ამდენად, იგი ყველაზე ხანგრძლივვადიანი მონარქია ბრიტანეთის მონარქთა შორის. დედოფალი მოესწრო სწრაფ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს და, ასევე, ბრიტანეთის ერთა გაერთიანებას.
ბილი ჰოლიდეი (1915-1959)
ამერიკელი ჯაზშემსრულებელი. მას „ბლუზის პირველ შემსრულებლადაც“ მოიხსენიებენ. ითვლება ყველა დროის ყველაზე გამომხატველ შემსრულებლად. მისი ხმა გამოირჩეოდა მოძრაობით, ემოციურობითა და პიკანტურობით. მიუხედავად იმისა, რომ 44 წლის ასაკში გარდაიცვალა, მან შეძლო და განსაზღვრა ჯაზის ეპოქა და დღემდე აქტიურად იყიდება მისი შემოქმედება.
ინდირა განდი (1917-1984 )
ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი 1966-77, 1980-84 წლებში. მას ბრალს დებდნენ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში იმის გამო, რომ 1977 წელს, არჩევნების გზით, თავიდან აიცილა სამხედრო გადატრიალება.
მარგარეტ ტეტჩერი (1925-2013)
დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი. ქვეყნის სათავეში იყო 10 წლის მანძილზე. მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში აქცენტს აკეთებდა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და თავისუფალი ბაზრის არსებობაზე.
მერილინ მონრო (1926-1962)
ამერიკული კინოს ლეგენდა. მისი ფილმები ზომიერად წარმატებული იყო, თუმცა მათი პოპულარობა და დიდება მონროს ფოტოგენურობის, გლამურისა და დახვეწილობის დამსახურებაა.
ანა ფრანკი (1929-1945)
ჰოლანდიელი/ებრაელი მწერალი. მისი დღიურები დღემდე ერთ-ერთი ცნობილი წიგნია და აქტიურად იყიდება. მისი აზრები, 13 წლის გოგონას პირობაზე, გასაოცარი და გასაკვირია. „ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ ადამიანებს კეთილი გული აქვთ“, – წერს ანა.
ოდრი ჰეპბერნი (1929-1993)
ბრიტანელი მსახიობი. 50-იანი და 60-იანი წლების ყველაზე გავლენიანი არტისტი. მან მოახერხა, განესაზღვრა ქალის გლამურულობა და ღირსებები. მოგვიანებით იგი მეოცე საუკუნის ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს. სამსახიობო კარიერის შემდეგ, დარჩენილი ცხოვრება ჰუმანიტარულ საქმიანობას მიუძღვნა UNICEF-ში.
ოფრა უინფრი (1954-... )
ამერიკული შოუს წამყვანი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი შოუ გააკეთა. მისი შოუ და წიგნების კლუბი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია მთელ ამერიკაში. აღსანიშნავია, რომ თავის გადაცემებში დიდ აქცენტს აკეთებს ამერიკელ ქალებზე.
მადონა (1958-... )
ამერიკელი პოპვარსკვლავი. მადონა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი ქალია. მისი ალბომების 250 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული დღემდე. იგი თავს სამსახიობო კარიერაშიც ცდის.
პრინცესა დიანა (1961-1997)
ბრიტანეთის პრინცესა, რომელიც ქველმოქმედებით არის ცნობილი. პრინც ჩარლზთან სირთულეებით სავსე ქორწინების მიუხედავად, ის სითბოსა და სიყვარულს არ იშურებდა ღარიბთა და მიუსაფართა მიმართ. პრინცესა დიანა გამოირჩეოდა მარგინალიზებულ ჯგუფთა მიმართ დიდი ყურადღებით.
J.K როულინგი (1965-...)
ბრიტანელი ავტორი ყველასთვის ცნობილი ბესტსელერისა „ჰარი პოტერი“. გაყიდული წიგნების რაოდენობა იმდენად მაღალი იყო, რომ ბავშვებში კითხვის მოთხოვნილების განახლებასაც კი მიაწერენ ავტორს. მისი პირველი მოთხრობა იყო მარტოხელა დედებზე, რომლებიც გამუდმებით იბრძვიან, თუმცა საბოლოოდ სწორედ ასეთი ქალები იქცნენ საუკეთესო თვითნასწავლი ქალების მაგალითებად.
მალალა იუსაფზაი (1997-...)
პაკისტანელი სკოლის მოსწავლე, რომელიც წამოეგო თალიბების კამპანიას განათლების შესახებ. იგი შემთხვევით გადაურჩა თალიბების მეთაურის მიერ ნასროლ ტყვიას და გახდა ქალთა უფლებების საერთაშორისო დამცველი, განსაკუთრებით ქალთა განათლების უფლების კუთხით.
თემები: მსოფლიო, ქალები, გავლენა
წყარო: <a href="http://www.stumbleupon.com/su/2W28lB/:1troF4gHP:l331Q8bg/www.biographyonline.net/people/women-who-changed-world.html">www.stumbleupon.com</a>