LIFE

მეცნიერები გვიხსნიან, რატომ ტოვებენ მამაკაცები საყვარელ ქალებს

მეცნიერები გვიხსნიან, რატომ ტოვებენ მამაკაცები საყვარელ ქალებს

სიყვარული რთულია და, სამწუხაროდ, არც დიდხანს გრძელდება. განქორწინების სტატისტიკა არაფერია იმასთან შედარებით, რა მაჩვენებელსაც შეყვარებული წყვილების განშორება აღწევს. და ისმის ლოგიკური კითხვა: ვისი ბრალია ეს ტენდენცია?
სტატისტიკურად, უმეტეს შემთხვევებში ურთიერთობას ქალი წყვეტს, თუმცა მამაკაცებსაც ახასიათებთ ამ ნაბიჯის გადადგმა, თანაც მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ განშორებით მამაკაცებიც იტანჯებიან, უბრალოდ, ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ.
ასობით წყვილის ურთიერთობის შესწავლის მაგალითზე გაირკვა, რომ შეყვარებულები უმეტესად პარტნიორის მიმართ პატივისცემის გრძნობის დაკარგვის გამო შორდებიან. ნდობასა და ურთიერთკავშირს ნელ-ნელა სიცივე ანაცვლებს და მიუხედავად იმისა, რომ ემოციების შენარჩუნებას ცდილობენ, არაფერი გამოსდით. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება ისაა, რომ ქალი უმეტესად კონფლიქტს მიმართავს, კაცი კი მოცემულობას უთქმელად ეგუება.
ირკვევა, რომ ნებისმიერი სახის კონფლიქტის შემთხვევაში, კაცები საყვარელ ქალთან პოლემიკაში შესვლას ერიდებიან და საბოლოოდ, როდესაც უთანხმოება აუტანელი ხდება, უბრალოდ, მიდიან – ისე, რომ მიზეზსაც არ განიხილავენ. წარმოიდგინე, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კვლევამ ისიც კი დაადგინა, რომ მამაკაცები, რომლებსაც წუწუნა პარტნიორი ჰყავთ, ადრე კვდებიან! რაღა თქმა უნდა, წუწუნა პარტნიორი ქალსაც შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ მამაკაცების სიკვდილიანობის მიზეზი ამ შემთხვევაში სტერიოდული ჰორმონი – კორტიზოლია: ის პირდაპირ გულზე ზემოქმედებს და მამაკაცის ორგანიზმს მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ქალისას.

მეცნიერები გვიხსნიან, რატომ ტოვებენ მამაკაცები საყვარელ ქალებს

აღმოჩნდა, როდესაც კაცი საკუთარ იმედგაცრუებაზე საუბრობს, უკვე გვიანია, მას უკვე მიღებული აქვს განშორების გადაწყვეტილება.
ყოველდღიური კონფლიქტის მიზეზი ხშირად მამაკაცებისა და ქალების განსხვავებული უნარებია: როდესაც მამაკაცები ნივთებს დაუდევრად ყრიან აქეთ-იქით, ფარდას არ ასწორებენ ან გასარეცხ ჭურჭელს მაგიდაზე ტოვებენ, ქალები მათ მუდმივად შენიშვნებს აძლევენ. ფსიქოლოგები კი აცხადებენ, რომ კრიტიკა ჯანმრთელობისთვის იმაზე მეტად დამღუპველია, ვიდრე ჩვენ გვგონია: თუ მიგაჩნია, რომ პარტნიორს ყველაფერი, რასაც ფიქრობ, ფილტრის გარეშე უნდა უთხრა, ცდები! ფსიქოლოგები კრიტიკის ნაცვლად უკუგებას გვირჩევენ და თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად რამდენიმე მაგალითიც მოჰყავთ:
1. კრიტიკა მოვლენის უარყოფით მხარეს უსვამს ხაზს, უკუგება კი პრობლემის გამოსწორებისკენაა მიმართული. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ პარტნიორს უთხრა: „რატომ არ აქცევ ყურადღებას კომუნალურ გადასახადებს?“ შეგიძლია სთხოვო: „მოდი, კომუნალურებს ერთად გადავხედოთ“.
2. კრიტიკა ადამიანის უკიდურესად უარყოფით თვისებებს უსვამს ხაზს, უკუგება კი უშუალოდ ქცევას ეხება და არა პიროვნებას. იმის მაგივრად, რომ პარტნიორს უთხრა: „ზარმაცი და ჯიუტი ხარ“, სთხოვე: „შეგვიძლია, გადასახადები ქრონოლოგიურად დავალაგოთ“.
3. კრიტიკა ადამიანს ამცირებს, უკუგება კი ამხნევებს. ფრაზის: „საკმარისი გამჭრიახობა არ გყოფნის, ეს რომ გააკეთო“ ნაცვლად, უთხარი: „ვიცი, ბევრი საქმე გაქვს, მაგრამ ერთად შევძლებთ, ქვითრები მალე დავახარისხოთ“.
4. კრიტიკა დანაშაულის გრძნობას აჩენს, უკუგება კი მომავალზეა ორიენტირებული. ნუ ეტყვი პარტნიორს: „შენი ბრალია, ფინანსურ არეულობაში რომ აღმოვჩნდით“; ამის ნაცვლად შეგიძლია, გაამხნევო და მოქმედებისკენ უბიძგო: „თუ ცოტა დროს ორივე გამოვნახავთ, არეულობას მალე დავალაგებთ “.
საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ერთად ის წყვილები რჩებიან, რომლებიც ერთმანეთს არ აკრიტიკებენ, აბუჩად არ იგდებენ და, პირიქით, ყველა სიტუაციაში თანადგომას უცხადებენ. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული: თუ პარტნიორში დადებითი თვისებების აღმოჩენას ვეცდებით, ის ამ თვისებებს აუცილებლად გამოავლენს.

მეცნიერები გვიხსნიან, რატომ ტოვებენ მამაკაცები საყვარელ ქალებს



<a href="http://www.businessinsider.de/scientific-reasons-why-men-leave-the-women-they-love-2016-11?IR=T&amp;utm_content=buffer9e846&amp;utm_medium=social&amp;utm_source=facebook.com&amp;utm_campaign=buffer">www.businessinsider.de</a>