LIFE

რა ხდება როდესაც „ფეისბუქის“ განუწყვეტლივ „სქროლვას“ წყვეტთ? - 10 რამ, რაც ცხოვრებაში იცვლება

რა ხდება როდესაც „ფეისბუქის“ განუწყვეტლივ „სქროლვას“ წყვეტთ? - 10 რამ, რაც ცხოვრებაში იცვლება

სოციალური მედია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს, ის გვეხმარება შევინარჩუნოთ ურთიერთობები ადამიანებთან, შევიძინოთ ახალი მეგობრები, გამოვთქვათ საკუთარი აზრი, ვიყოთ ინფორმირებულები, თუმცა ეს ყოველივე იმდენად გვიტაცებს, რომ ყველაზე მეტს დროს „ფეისბუქის“ სქროლვაში ვატარებთ.

ადამიანების დიდი ნაწილი პოსტებს აქვეყნებს იმისთვის, რომ შემდეგ მოწონებები დაითვალოს, ნახოს, რას აკეთებენ, რას ჭამენ, სად დადიან სხვები. შესაძლოა, თავადაც ასე იქცევით, ან იცნობთ ადამიანებს თვენ გარშემო, რომელთათვისაც „ფეისბუქს“ მხოლოდდამხოლოდ სხვების თვალთვალის დანიშნულება აქვს.

რეალურად კი, თუ „ფეისბუქის“ განუწყვეტლივ შემოწმებას, მის განუწყვეტლივ სქროლვას შეწყვეტთ, ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებთ:

1. გონებრივად უფრო ჯანსაღები იქნებით, გექნებათ უკეთესი მეხსიერება და საღად აზროვნების უნარი - მეცნიერები ამბობენ, რომ „ფეისბუქის“ გამუდმებული, გაუაზრებელი სქროლვა „ტვინს კლავს“. ადამიანი ვირტუალურ სამყაროშია და ვერ ხედავს იმას, რაც მის გარშემო, რეალურ სამყაროში ხდება. შესაძლოა გადაადგილდებით, დადიხართ სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ ტელეფონიდან თავს არ წევთ და ვერ ხედავთ, ვერ აღიქვამთ გარემოს სილამაზეს, ვერ იღებთ ახალ შთაბეჭდილებებს. ვერ ამჩნევთ გარშემომყოფ ადამიანებს, რომლებსაც, შესაძლოა, თქვენი დახმარება სჭირდებათ, ან უბრალოდ სურთ, რომ ბედნიერება გაგიზიარონ.

2. თუ „ფეისბუქის“ განუწყვეტელ შემოწმებას თავს დაანებებთ, უფრო მეტი საქმის გაკეთებას მოასწრებთ და აღარ გექნებათ მოსაგვარებელი საქმეების გრძელი სია - გაიზრდება თქვენი პროდუქტიულობა, ნახავთ, რომ ყველაფრის მოსწრებას შეძლებთ.

რა ხდება როდესაც „ფეისბუქის“ განუწყვეტლივ „სქროლვას“ წყვეტთ? - 10 რამ, რაც ცხოვრებაში იცვლება

3. კონცენტრირებას შეძლებთ სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე - „ფეისბუქის“ სქროლვა დიდ დროს გვაკარგვინებს და უმეტეს შემთხვევაში, ვერ ვიგებთ, როგორ გადის დრო. თუ „ფეისბუქში“ დიდ დროს არ გაატარებთ, ნახავთ, რომ ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ, რომლის გამოყენებასაც სხვა საინტერესო საქმეებისთვის შეძლებთ.

შეძლებთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანს და ურთიერთობა უფრო გაამყაროთ, შეძლებთ უფრო მეტი დრო გაატაროთ მეგობრების წრეში, წახვიდეთ საყიდლებზე, ისეირნოთ. ნახავთ, რომ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ და ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდება.

4. შეძლებთ დაინახოთ, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები - ვირტუალურ სივრცეში მეგობრობა მარტივია. მსგავსი მეგობრობა ფოტოების მოწონებითა და ფოტოებზე, სხვადასხვა პოსტებზე კომენტარებით ყალიბდება, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები არ არიან ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ და დარდობენ თქვენზე.

მაშინვე, როცა „ფეისბუქიდან“ გამოხვალთ, ნახავთ, რომ ეს ადამიანები გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. თქვენ გარშემო კი, ნამდვილი მეგობრები იქნებიან, რომლებთანაც ბევრი საინტერესო მოგონება, თავგადასავალი გაკავშირებთ და არა „ლაიქები“ და კომენტარები.„ფეისბუქიდან“გასვლა დაგეხმარებათ, რომ თვალი გაუსწოროთ სინამდვილეს და მკაფიოდ დაინახოთ ნამდვილი ადამიანები თქვენ გარშემო.

5. მიხვდებით, რომ სიტყვას „მოწონება“ მნიშვნელობა დაკარგული აქვს- ადამიანების უმეტესობა „ფეისბუქში“ მოწონების ღილაკს აბსოლუტურად გაუაზრებლად იყენებს და რეალურად, საერთოდ არ ადარდებთ ის საკითხები, რომლებსაც „ალაიქებენ“, ან საერთოდ არ მოსწონთ ის ფოტოები, რომლებსაც იწონებენ.

შესაძლოა, საკუთარი თავიც შეგიმჩნევიათ, რომ „ფეისბუქის“ სქროლვის დროს აბსოლუტურად გაუაზრებლად მოგიწონებიათ პოსტები. ის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მოწონების ღილაკს გაუაზრებლად იყენებს, შეგვიძლია კიდევ ერთი ფაქტით დავამტკიცოთ - ვინმეს გარდაცვალების შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, როგორც წესი, არაერთი მოწონება აქვს ხოლმე.

6. გექნებათ განცდა, რომ ყველა საქმე შეასრულეთ - როცა განუწყვეტლივ „ფეისბუქში“ ხართ, გტანჯავთ განცდა, რომ საქმეები ბოლომდე გაქვთ მისაყვანი, თუმცა „ფეისბუქს“ თავს მაინც ვერ ანებებთ. თუ შეძლებთ და შეწყვეტთ განუწყვეტლივ სოციალური ქსელის „ნიუსფიდის“ შემოწმებას, შეძლებთ დაასრულოთ წიგნი, რომლის წაკითხვაც ერთი თვის წინ დაიწყეთ, ან მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გაქვთ. გექნებათ განცდა, რომ ყველა საქმე შესრულებულია და ეს ახალი საქმეების წამოსაწყებად მოტივაციას და საკუთარი თავის რწმენას შეგმატებთ.

რა ხდება როდესაც „ფეისბუქის“ განუწყვეტლივ „სქროლვას“ წყვეტთ? - 10 რამ, რაც ცხოვრებაში იცვლება

7. თავიდან მოიშორებთ ადამიანებს, რომლებიც „ფეისბუქის“ საშუალებით მუდამ გაკვირდებიან, მომაბეზრებელ თაყვანისმცემლებს - ადამიანები აკვირდებიან თქვენს ფოტოებს, თქვენს სტატუსებს, იგებენ ყველანაირ ინფორმაციას თქვენ შესახებ და მათ შორის ისინიც, ვინც არ მოგწონთ და ვისთან მეგობრობაც არ გსურთ. გარკვეულწილად დაუცველობის განცდა გიჩნდებათ.

შესაძლოა, ვინმე თავს გაბეზრებთ, განუწყვეტლივ შეტყობინებებს გწერთ და როცა სადმე, რომელიმე კაფეში „დაჩექინდებით“, იქაც მოვიდეს. თუ მსგავსი დამოკიდებულებები არ მოგწონთ და თუ გინდათ, რომ თქვენი თითოეული ნაბიჯის შესახებ მთელმა სამყარომ არ იცოდეს, იცხოვროთ მშვიდად, წყნარად, ზედმეტი შფოთვის გარეშე, უნდა დაანებოთ თავი „ფეისბუქში“ აქტიურობას.

8. თუ შეძლებთ სოციალური ქსელებისგან თავის დაღწევას, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ - კვლევის თანახმად „ფეისბუქი“ ადამიანების ნაწილს თავს ცუდად აგრძნობინებს და თვითრწმენას უკარგავს და ამის არაერთი მიზეზი არსებობს. როცა წერთ სტატუსს და არავინ „ალაიქებს“, ფიქრობთ, რომ სულელი ხართ, თვლით, რომ სხვებიც სულელად გთვლიან და სულელური აზრები გაწუხებთ. როცა აქვეყნებთ ფოტოს და საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არ ალაიქებენ და არ წერენ, რომ მომხიბვლელი ხართ, თავს მახინჯად გრძნობთ.

რა ხდება როდესაც „ფეისბუქის“ განუწყვეტლივ „სქროლვას“ წყვეტთ? - 10 რამ, რაც ცხოვრებაში იცვლება

განუწყვეტლივ უყურებთ სხვებს, რომლებსაც ბევრი კომენტარები და მოწონებები აქვთ და თქვენზე უფრო ბედნიერად გამოიყურებიან, ადარებთ საკუთარ ცხოვრებასა და მათ ცხოვრებას და ეს განგრევთ, განადგურებთ ფსიქოლოგიურად, იწვევს შფოთვასა და დეპრესიას. რატომ უნდა დაიტანჯოთ, რატომ უნდა შეადაროთ სხვებს საკუთარი თავი?! არსებობს მარტივი გამოსავალი, უბრალოდ შეწყვიტეთ „ფეისბუქის“ განუწყვეტელი „სქროლვა“, სხვებისთვის საკუთარი თავის შედარება და იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით, იყავით ბედნიერი.

9. იგრძნობთ, რომ ბედნიერი ხართ იმით, რაც გაქვთ - გერმანიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ფეისბუქი“ ადამიანებს უფრო ეჭვიანებად და შურიანებად აყალიბებს. შესაძლოა, ვინმემ გამოაქვეყნოს თავისი ახალი ტელეფონის, მანქანის, სახლის, ან სხვა რაიმის ფოტო, ამ ფოტოებს ხედავენ სხვა ადამიანები და ეჭვითა და შურით ივსებიან, რადგანაც თვლიან, რომ თავად არ არიან ისეთი ბედნიერები. თუ „ფეისბუქს“ თავს დააღწევთ, მიხვდებით, რომ თქვენც ბევრი რამ გაქვთ ბედიერებისთვის, უფრო მეტად დააფასებთ ოჯახის წევრებს, ადამიანებთან რეალურ ურთიერთობებს.

10. გაანალიზებთ, რომ „ფეისბუქისთვის“ ერთი ძალიან პატარა ნაწილი ხართ, ადამიანი, რომლის აქტივობასაც სხვადასხვა კვლევებისთვის, სხვადასხვა მონაცემების შესაგროვებლად იყენებენ - ეჭვი არავის ეპარება რომ „ფეისბუქი“ საერთოდ არ დარდობს თქვენ შესახებ. მარკ ცუკერბერგისთვის და მისი გუნდისთვის „ფეისბუქის“ ძალიან მცირე ნაწილი ხართ, რომლის აქტივობასაც სხვადასხვა მიზნით იყენებენ.

შესაძლოა „ფეისბუქ“ თამაშებისთვის ფულს იხდით, თქვენი „ლაიქებით“, კომენტარებით კი, იგებენ იმას, თუ რა არის თქვენი ინტერესის სფერო, როგორია თქვენი პოლიტიკური შეხედულებები და ძალაუნებურად, სხვადასხვა კვლევების ნაწილი ხდებით. გარდა ამისა, ადამიანებს თქვენი თვალთვალის, თქვენი ცხოვრების პირადი დეტალების ნახვის და ზოგჯერ კონტროლის შესაძლებლობასაც აძლევთ.



<a href="https://www.lifehack.org">https://www.lifehack.org</a>