რჩევები მოზარდების მშობლებს - როგორ უნდა მოექცეთ შვილს ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში
- 03.05.2018
მოზარდობის, ე.წ თინეიჯერობის პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ასეთ დროს მშობლების გვერდით დგომას და სწორად მოქცევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მოზარდობის პერიოდი დაკავშირებულია შფოთვასთან, დეპრესიასთან და სხვა სირთულეებთან. ზოგჯერ ის იღვიძებს გაბრაზებული, თუმცა არ იცის, რის გამო ღელავს, არ იცის რა აწუხებს, რატომ არის დეპრესიაში.
ამ ასაკში ადამიანები გადაჭარბებული მგრძნობელობით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ, მშობლებს,მათთან ურთიერთობისას, დიდი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო რთულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ.
თინეიჯერობის პერიოდში მყოფ ადამიანს, როგორც წესი, შინაგანი ნეგატიური ხმები ჩაესმის. ეს არ ეხება ყველა მოზარდს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში, ასეა.
ვნახოთ, რა სურთ ამ დროს შვილებს მშობლებისგან, როგორ უნდა მოიქცეთ იმისთვის, რომ დაეხმაროთ რთული პერიოდის გადალახვაში. გთავაზობთ ფსიქოლოგების 7 რჩევას:
1. მიეცით მას უფრო მეტი თავისუფალი სივრცე - ნუ შეხვალთ ყოველ წამს მის ოთახში. ნუ მოაბეზრებთ თავს კითხვებით. მას დიდი ალბათობით საერთოდ არ აქვს პასუხები თქვენს კითხვებზე და არ იცის, რა აწუხებს რეალურად. მას მარტო დარჩენა სურს, უნდა, რომ საკუთარი სივრცე ჰქონდეს და ნუ დაურღვევთ მყუდროებას.
2. ნუ უყვირებთ - იცოდეთ, რომ ყვირილით ვერაფერს შეცვლით. პირიქით, ამით უფრო ცუდად აგრძნობინებთ თავს. როცა უყვირით, თავს გაცილებით ცუდად გრძნობს და მიიჩნევს, რომ ის თქვენი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა.
3. გამოართვით ციფრული მოწყობილობები - მას არ შეუძლია ხელიდან გაუშვას ტელეფონი, ცდილობს, მაგრამ უბრალოდ არ შეუძლია. იცის, რომ მნიშვნელოვან დროს ტელეფონში, სოციალურ ქსელებში უაზროდ კარგავს, მაგრამ ვერ წყვეტს ფეისბუქის სქროლვას. მას თქვენი დახმარება სჭირდება. დაუწესეთ ლიმიტი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. შესაძლოა, გეჩხუბოთ ამის გამო, გაბრაზდეს, მაგრამ ეს ის არის, რაც ნამდვილად სჭირდება. უბრალოდ, ხანდახან ჩამოართვით ტელეფონი.
4. წაიყვანეთ სადმე წყნარ ადგილას - შესაძლოა გითხრათ, რომ თქვენთან ერთად არსად წასვლა არ სურს, მაგრამ თუ წაიყვანთ სადმე მშვიდ ადგილას, სადაც მშვიდად ისეირნებთ, ისაუბრებთ, არ იკამათებთ, ან საერთოდ არ ისაუბრებთ და უბრალოდ მზის ცქერით და ქარის ხმის მოსმენით დატკბებით, სადაც ის შეძლებს ისუნთქოს თავისუფლად და დაივიწყოს ის, რაზეც დარდობს, ეს საუკეთესო ნაბიჯი იქნება. ერთმანეთს ხმა საერთოდ რომ არც გასცეთ, თქვენი მოზარდი შვილი თავს მაინც კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობს.
5. ნუ გაათამამებთ - ნუ მისცემთ ყველაფერს, რაც მას სურს. რაც უფრო მეტ სურვილს უსრულებთ, მით უფრო მეტი ახალი სურვილი უჩნდება. ასწავლეთ, როგორ მოიპოვოს თავისით, ეს დაეხმარება, რომ უკეთ გაუგოს სამყაროს. მან უნდა ისწავლოს, როგორ დაზოგოს ფული, როგორ და რაში დახარჯოს ის. ამას ვერასოდეს ისწავლის, თუ თქვენ მზად ხართ ყველა მისი ახირება შეასრულოთ. ის თქვენზე დამოკიდებული ხდება. დაეხმარეთ, რომ გახდეს დამოუკიდებელი და ისწავლოს ცხოვრება.
6. უპოვეთ ვინმე ისეთი, ვისაც დაელაპარაკება - თქვენს შვილს სჭირდება ადამიანი ვისთანაც გულწრფელად, ღიად ისაუბრებს და ეს ადამიანი თქვენ არ ხართ. მას სჭირდება ზრდასრული ადამიანი, რომლის ცხოვრების წესიც, მისწრაფებებიც მოსწონს და რომელიც მისთვის მისაბაძია და სურს, რომ მას ჰგავდეს. ადამიანი, რომელიც გაუგებს მას. ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ნებისმიერი ვინმე, რომელიც ცხოვრების მოტივაციას და იმედს მისცემს.
7. ხშირად უთხარით, რომ გიყვართ ის - შესაძლოა, თქვენი მოზარდი შვილი თავს ისე გაჩვენებთ, რომ ფიქრობთ საერთოდ არ ადარდებს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ სინამდვილეში, მას ხშირად სურს გაიგონოს თქვენგან, თუ როგორ გიყვართ. თინეიჯერობის პერიოდი ის ეტაპია, როცა მოზარდებს არ უყვართ საკუთარი თავი და სურთ, რომ გვერდით ის ადამიანები ჰყავდეთ, რომლებიც გულწრფელ სიყვარულს უჩვენებენ.
თემები: დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, თინეიჯერი
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია