სხვების კრიტიკა გიყვარს? გაითვალისწინე 11 რჩევა და შეცვალე შენი ხასიათი!
- 06.12.2016
ბევრი ადამიანი უჩივის, რომ ამა თუ იმ სოციალურ წრეში არ იღებენ და მიზეზად იმ წრის წარმომადგენელთა ქედმაღლობას ასახელებს, თუმცა ხშირად პრობლემა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. დაუკვირდი გარშემომყოფების რეაქციას შენს ქმედებებზე და თუ აღმოაჩენ, რომ ზედმეტად კრიტიკული ხარ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინე:
11. აქციე ნეგატივი პოზიტივად
როდესაც ადამიანის საქციელში რამე დანაშაულს ხედავ, შეეცადე, ამ მოვლენას სხვა კუთხიდანაც შეხედო. მაგალითად, იმის მაგივრად, გამვლელი თინეიჯერების უცნაურ ჩაცმულობაზე დაიჯღანო, მათი თავდაჯერებულობა და ინდივიდუალიზმი დააფასე. ან მაგალითად, თუ რესტორანში მეზობელ მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი ხმამაღლა იცინის, მის მიმართ მტრულად ნუ განეწყობი – დაფიქრდი, როგორი მხიარული მეგობრები ჰყოლია, ასეთ კარგ დროს რომ ატარებინებენ.
10. დღეში 10 პოზიტიურ მოვლენაზე გაამახვილე ყურადღება
სხვა ადამიანებში აქტიურად დაიწყე პოზიტიური შტრიხების ძებნა. მიზნად დაისახე, დღეში, სულ მცირე, 10 ქათინაური წარმოთქვა და ნელ-ნელა ოპტიმისტად იქცევი.
9. გაიაზრე, როგორ გინდა, რომ სხვები აღგიქვამდნენ
თუ კარგი რეპუტაციის შექმნაზე მუშაობ, სხვების კრიტიკას უნდა შეეშვა. გინდა, ისეთ ადამიანად დაგიმახსოვრონ, რომელიც სხვებს ზემოდან არ უყურებს? – მაშინ ადამიანების მიმართ მეტი თანაგრძნობა გამოიჩინე და ნახავ, რომ საზოგადოებაც მეტად დაგაფასებს.
8. სხვათა საეჭვო ქმედებებში დადებითი მიზეზები ეძებე
ხშირად ადამიანების ქცევას ვერაფრით ვხსნით და ტვინს ვიჭყლეტთ, როგორმე ამოვიცნოთ, რა მოტივები ამოძრავებთ მათ გადაწყვეტილებების მიღებისას. შეეცადე, ასეთ დროს ყველაფერს ახსნა მოუძებნო: მაგალითად, წარმოიდგინე, რომ მანქანის მძღოლი, რომელმაც გზა გადაგიჭრა, ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად მიიჩქაროდა, რადგან სამსახურიდან მხოლოდ 15 წუთით გაათავისუფლეს, ან მეზობლის ბავშვი უძილობის გამო ტირის და არა იმიტომ, რომ მშობლები სცემენ.
7. ჩაუღრმავდი კომპლექსებს
ხშირად ადამიანები, რომლებიც სხვებს აკრიტიკებენ, თავს დაუცველად გრძნობენ და სხვების დამცირებით საკუთარი უპირატესობების დამტკიცება სურთ. როდესაც ვინმეს გაკრიტიკებას დააპირებ, დაფიქრდი, მისი ცოტათი ხომ არ გშურს? თუ შენი თავი ამაში მართლაც გამოიჭირე, მაშინ გააანალიზე, კონკრეტულად იმ ადამიანის რა თვისებაზე/ნივთზე გწყდება გული და მათ საკუთარი უპირატესობები დაუპირისპირე.
6. ნაკლები იჭორავე
რთულია, ჭორაობას ბოლომდე თავი აარიდო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი ხარ :) თუმცა, როდესაც ატყობ, რომ ამა თუ იმ წრეში საუბარი ვინმეს გაჭორვისკენ მიდის, ეცადე, თემა შეცვალო, ან გასაჭორი ობიექტის კარგ თვისებებზე გაამახვილო ყურადღება. და, ზოგადად, ეცადე, ისეთი ადამიანების წრეში იტრიალო, რომლებიც ნაკლებს ჭორაობენ – ასეთი ხალხი, როგორც წესი, უფრო წარმატებულია!
5. დაადანაშაულე ქმედება და არა ადამიანი
შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მთავარია, მათი ინტერპრეტაცია არასწორი ქმედების ჭრილში შეძლო და ადამიანის ბოროტ ბუნებას არ დააბრალო – დარწმუნებული იყავი, საკუთარი გასაჭირიც ჰყოფნის, რადგან თავს უკვე დამნაშავედ გრძნობს; თანაც, სხვების მსგავსად, დადებითი თვისებებიც აქვს.
4. ეცადე, ხმამაღლა იფიქრო
ეს საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ შენი თავი სხვების ადგილზე წარმოიდგინო. რა რეაქცია გექნებოდა, შენზეც იგივეს რომ ლაპარაკობდნენ, ან რა არგუმენტებით შეძლებდი თავის გამართლებას?
3. საკუთარი მავნე ჩვევებიც გახსოვდეს
დიახ, შენც უამრავი ისეთი თვისება გაქვს (როგორც ყოველ ჩვენგანს), რომლებიც სხვებს აღიზიანებთ. მაგალითად, რა მოხდა, თუკი წვიმიან დღეს შარვალი ოდნავ დაგესვარა, ან ისეთი მუსიკალური ჯგუფი მოგწონს, რომელიც სხვებს „გოიმობად“ მიაჩნიათ? სანამ სხვებს დასცინებ, სწორედ ამ თვისებებზე იფიქრე.
2. გახსოვდეს, ყველაფერს თავისი სახელი აქვს
თუ საკუთარ თავში რომელიმე ადამიანის/მისი მოქმედების შესახებ ნეგატიურ ფიქრებს აღმოაჩენ, შეეცადე, ფიქრებადვე დატოვო და იმ ადამიანის უარყოფით შეფასებაში არ გადაგეზარდოს. საკუთარ თავს ჰკითხე, რატომ მოგივიდა აზრად ნეგატიური ფიქრები და ყურადღება სხვა მოვლენაზე გადაიტანე.
1. დაისახე მიზნად თანაგრძნობის გამოხატვა
ნებისმიერი ცუდი ჩვევის დაძლევის მსგავსად, ძალისხმევა ამ შემთხვევაშიც დადებით შედეგს მოგიტანს: ის ადამიანი წარმოიდგინე, ვისაც ხშირად აკრიტიკებ და გაიაზრე, რა სახის კომუნიკაციას ამყარებ ხოლმე მასთან. ამის შემდეგ, ეცადე, შენი უარყოფითი კომუნიკაცია მზრუნველობით ჩაანაცვლო და პატივისცემით მოექცე.
თემები: რჩევები, თანაგრძნობა, კრიტიკა
წყარო: <a href="http://www.bounty.com/getting-pregnant/getting-pregnant-naturally/before-you-begin/increase-your-chances" target="_blank">www.bounty.com</a>