ქალების ნაწილს ზაფხული არ უყვართ იმის გამო, რომ სხეულის გამოჩენის, საცურაო კოსტიუმის ჩაცმის კომპლექსი აქვთ. მათ არ მოსწონთ საკუთარი სხეულის ფორმები, თავს არასრულფასოვნებად თვლიან და ამის გამო ფერადი, ცხელი და მხიარული ზაფხულის მიმართ უარყოფითად არიან განწყობილები.

ზოგიერთ ქალს სწორედ აღნიშნულის გამო აშინებს ზაფხული - მეგობრები ზღვაზე წასვლას ერთად გეგმავენ, მისთვის კი, ეს მტკივნეული თემაა, რადგანაც არ სურს საცურაო კოსტიუმის ჩაცმა, თვლის, რომ მისი სხეული ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებაში არსებულ სტანდარტებს.

დაფიქრდით, ზაფხულის რამდენი მხიარული დღე გელოდებათ წინ, თუ საკუთარ თავში კომპლექსებს დაამარცხებთ, თუ გააცნობიერებთ, რომ არანაირი სტანდარტები არ არსებობს, რომ სტანდარტებს თავად ქმნით.

თქვენ არ ხართ მოდელი, აბსოლუტურად სხვა პროფესია გაქვთ და რატომ უნდა შეგრცხვეთ საკუთარი სხეულის გამო?! - ვფიქრობთ, ამის მიზეზი უბრალოდ არ არსებობს.

მთავარია, თავდაჯერებულები იყოთ და თავდაჯერებულად ატაროთ საცურაო კოსტიუმი.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი თავის რწმენის მოპოვებაში და საცურაო კოსტიუმის თავდაჯერებულად ტარებას გასწავლით:

1. პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ საცურაო კოსტიუმი - აირჩიეთ თქვენი ზომის კოსტიუმი. აუცილებელია, რომ მოგწონდეთ და მასში თავს კომფორტულად გრძნობდეთ. მაღალწელიან საცურაო კოსტიუმში თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ? - მაშინ სწორედ ასეთი უნდა შეარჩიოთ, ერთიანი, მუცელზე დაფარული საცურაო კოსტიუმი მოგწონთ? - სწორედ ასეთზე შეაჩერეთ არჩევანი.

მოიზომეთ რამდენიმე განსხვავებული საცურაო კოსტიუმი და აირჩიეთ ის, რომელშიც თავს კომფროტულად იგრძნობთ. ყოველივე თავდაჯერებულს გაგხდით და ზღვის სანაპიროზე მორცხვად კი არ იქნებით, არამედ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

2. სანამ ზღვაზე წახვალთ, სახლში რამდენჯერმე ჩაიცვით ის და ერთგვარად პრაქტიკა გაიარეთ - შესაძლოა, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ნახავთ, რომ კომპლექსი მოგეხსნებათ. ჩაიცვით სახლში საცურაო კოსტიუმი, იტრიალეთ სარკის წინ, ფილმის ყურებისას დივანზე სწორედ საცურაო კოსტიუმით მოკალათდით, სადილის მომზადების დროსაც ნუ გაიხდით.

ამ მეთოდით შეეჩვევით საცურაო კოსტიუმს და მასში თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ. შესაძლოა, საკუთარი თავი, საკუთარი სხეული თავიდან აღმოაჩინოთ, აღმოაჩინოთ, რომ მომხიბვლელი უკანალი გაქვთ და სულ ტყუილად ფიქრობდით, რომ ზღვის სანაპიროზე, ან აუზზე გამოსაჩენი სხეული არ გაქვთ.

3. იყავით იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც ყოველთვის მხარს გიჭერენ - გამხნევებენ, გამშვიდებენ, როდესაც ნერვიულობთ. მეგობრებთან ერთად ზღვაზე წასვლა კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ნუ გაატარებთ დროს იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც თავიანთ სხეულს გამუდმებით ადარებენ სხვებს, წუწუნებენ ფორმების გამო, ან სხვებს განსჯიან იმის გამო, რომ მოდელებს არ ჰგვანან. რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი ასეთებისგან.

4. ნუ იტყვით უარს ზღვაზე წასვლაზე იმის გამო, რომ არ მოგწონთ თქვენი ბიკინის ზონა - იკვებეთ ჯანსაღად და დაკავდით სხვადასხვა აქტივობებით. ამაზე დარდისთვის დროს რატომ კარგავთ?! ჩაიცვით თქვენი საცურაო კოსტიუმი, გვერწმუნეთ, ის ძალიან გიხდებათ და უბრალოდ, გაერთეთ.

5. არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმზე ჩასაცმელი მოსასხამისა და აქსესუარების ყიდვა - ყველაზე არაკომფორტულად თავს მაშინ გრძნობთ, როცა მანქანიდან გადმოდიხართ და სანაპიროზე მიდიხართ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ მოსასხამს. ყურადღებით შეარჩიეთ ის და იყიდეთ ისეთი სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად და მომხიბვლელად იგრძნობთ. აუცილებლად დაგჭირდებათ შესაბამისი ჩანთა და ზღვისთვის განკუთვნილი კომფორტული ფეხსაცმელი.