ავეჯის, განათების, ფერებისა და აქსესუარების დახმარებით, შენს მისაღებ ოთახს რემონტის გარეშე განაახლებ და, ტენდენციურთან ერთად, მეტად კომფორტულს გახდი.
14. შეიძინე „სწორი ზომის“ ნოხი
როდესაც საქმე ეხება მისაღების ნოხს, უმჯობესია, დიდი ზომის იყოს: აუცილებელია, სულ მცირე, ავეჯის წინა ფეხები მაინც თავსდებოდეს ნოხზე.
13. მოაწესრიგე თაროები
თაროებით გაფორმებული კედელი დიზაინის საინტერესო ნაწილია. განსაკუთრებით მომგებიანია მთელი კედლის თაროებით გაფორმება, თუმცა პატარა ფართობის შემთხვევაში, სივრცითი ილუზიის შექმნის მიზნით, ერთი დიდი თაროს სწორ ადგილას განთავსება უფრო გონივრულია.
დამატებითი რჩევა: თუ თაროების სისტემა კედელში ჩაშენებული არაა, შეეცადე, კარგად დაამაგრო, რომ არ გადმოყირავდეს; ასევე, სასურველია, ღია და დახურული თაროების კომბინაციას მიმართო – დახურულ თაროებში ნაკლებად მიმზიდველ ნივთებს განათავსებ.
12. ჩამოკიდე გრძელი სანათი
დაბალი მაგიდის თავზე განსაკუთრებულად მომგებიანია გრძელი აბაჟურის/სანათის ჩამოკიდება, ამ გზით ოთახში განსაკუთრებულად თბილი ატმოსფერო იქმნება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უადგილოა იმ შემთხვევაში, თუკი მისაღებში ხშირად გიწევს ავეჯის გადაადგილება.
11. გააფორმე ავეჯის ზედაპირი
თაროების ან დაბალი და მაღალი მაგიდების გადასახალისებლად, წიგნების ბანალური დეკორის ნაცვლად, ბრტყელი, ვერტიკალური და ორგანული ობიექტები გამოიყენე.
„ბრტყელი“ ობიექტები შეიძლება იყოს: წიგნები, საფერფლე, ხის თეფშები ან ფირფიტები, ქსოვილები.
„ვერტიკალური“ ელემენტები – ჩარჩოში ჩასმული ნახატები, ლარნაკები, სკულპტურები.
„ორგანული“ ელემენტები – ყვავილები, მცენარეები, ქვები, ნიჟარები, ხის ტოტები.
10. შეიძინე განსხვავებული ფორმის დივანი
ინგლისური სტილის, დალიანდაგებული ნაკერებით გაფორმებული მოცულობითი დივანი მეტად ფორმალურ ატმოსფეროს ქმნის, შედარებით სადა ფორმები კი შენს მისაღებში მეტ სიმყუდროვეს შემოიტანს. დაბალი დივანი იდეალურია ლაუნჯის ტიპის ატმოსფეროსთვის, თანაც თუ ის რამდენიმე ნაწილისგან შედგება, სასურველი აქტივობების მიხედვით სხვადასხვაგვარად შეგიძლია, განალაგო: ფილმის ყურებისას – ერთმანეთის მიყოლებით, მეგობრული შეკრებისას კი – წრეზე.
9. განაახლე ძველი დივანი
თუ არსებული დივანი მოგბეზრდა და ახლის ყიდვის საშუალება ჯერ არ გაქვს, შეგიძლია, სრულიად განსხვავებული ქსოვილი გადააკვრევინო ან სულაც გადააფარო. იდეალურია მაროკოული ან ინდური, ბუნებრივი ტილოს ფაქტურები.
8. იატაკის სივრცე განათებებით გაზარდე
კედლის სანათები სივრცითი ილუზიის მიღების საუკეთესო გზაა, თანაც სპეციალურ წვეულებაზე განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად შუქებს კონკრეტული მიმართულებით მიმართავ.
7. დახვეწე ფერების პალიტრა
საწყის ეტაპზე შენს მისაღებს ფოტო გადაუღე. შემდეგ კარგად დააკვირდი, რა ფერები სჭარბობს და რა ფერებს ისურვებდი, რომლებიც ყოველდღიურად არ გაგაღიზიანებდა. ფონად ნეიტრალური ტონალობა აირჩიე, 1 დომინანტური ფერი გამოყავი, შედარებით მცირე აქცენტებისთვის კი – ინტენსიური ფერები შეარჩიე.
6. გააფორმე კედელზე მიდგმული მაგიდა
ზოგადად, თუ ინტერიერი ამის საშუალებას იძლევა, კედლის მაგიდა ეფექტური დეტალია, თუმცა მისი გადახალისება პატარა სკამებით, თაროებით, კედელზე ჩამოკიდებული ნახატებითა და სანათებით შეგიძლია.
დამატებითი რჩევა: თუ მისაღები შესასვლელ კართან მდებარეობს, კედლის მაგიდა დერეფანთან ახლოს განათავსე და ყუთები მიუდგი, რომლებსაც ფეხსაცმლის შესანახად ან ჩამოსაჯდომად გამოიყენებ.
5. გადააკეთე სასმელების საგორაო მაგიდა
მხოლოდ იმიტომ, რომ სასმელების საგორაო ჰქვია, აუცილებელი არაა, მასზე მხოლოდ სასმელები გეწყოს: ლამპარი, არტობიექტები, ვინილები და წიგნები მას დამატებით ელფერს შესძენს და შენი მისაღების საინტერესო აქცენტად აქცევს.
4. გამოიყენე „ბნელი მხარის ეფექტი“
თუ ოთახის მოცულობა საშუალებას გაძლევს, კედელი, რომელზეც ტელევიზორი კიდია, მუქად შეღებე, მის წინ კი კონტრასტული ფერის – ღია ავეჯი განათავსე.
3. შემოიტანე ტექსტურები
თუ შენი მისაღები მაინც „დაუსრულებლის“ ეფექტს იძლევა, ტექსტურებით ითამაშე: ერთმანეთს შეუხამე ნაქსოვი პუფი, ქაშმირის პლედი, დივნის მოხერის გადასაფარებელი, ხავერდის ბალიშები და ხელოვნური ბეწვის ნოხი; დამატებითი ორნამენტების დანიშნულება ხის ტოტებს, ქვებს, ხელნაკეთ კერამიკას, გამომწვარ და სხვადასხვა ფაქტურის ხეს მიანიჭე; კომპოზიციის დეტალებად კი მბრწყინავი ობიექტები – ლარნაკები, სარკეები და მეტალის ფაქტურა გამოიყენე.
2. გაზარდე სივრცე მასიური სარკით
ამ ხრიკს კოკო შანელი მიმართავდა – თავის მისაღებში სივრცითი ილუზიის მისაღებად დიდ სარკეებს ერთმანეთის პირისპირ ათავსებდა. ოთახში დამატებითი მოცულობის შესაქმნელად სარკის წინ მცენარის ან სანათის დადგმაც შეგიძლია.
1. ტელევიზორის ნაცვლად, აქცენტი სხვა კუთხეზე გადაიტანე
თუ მისაღებში ლამაზი ბუხარი გაქვს, სწორედ ის აქციე ოთახის ფრონტალურ აქცენტად. იმ შემთხვევაში, როდესაც ტელევიზორის დადგმა, მისაღების გარდა, არსად შეგიძლია, ის ბუხრისგან განცალკევებით, თავისავე სადგამზე მოათავსე და როდესაც არ უყურებ, სადმე კუთხისკენ მიაჩოჩე.
თემები: სიმყუდროვე, სახლი, დეკორაცია
წყარო: <a href="http://www.houzz.co.uk/ideabooks/75422274/list/15-decorating-ideas-to-take-your-living-room-to-the-next-level" target="_blank">www.houzz.co.uk</a>