არსებობს დღესასწაულები, რომლებსაც, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულად აღვნიშნავთ და ასეთი დღესასწაულები, ისევე, როგორც საქართველოში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიც აღინიშნება. საქმე კი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის მსგავსად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობამაც თითქმის არ იცის მათთვის გამორჩეული დღესასწაულების წარმოშობის ისტორია, კონკრეტულ დღესასწაულთან დაკავშირებული ფაქტები, რელიგიური თუ ფილოსოფიური საფუძველი და სხვ.
თანამედროვე კულტურებში ფართოდ აღნიშვნადი დღესასწაულებია, მაგალითად, დედის დღე ან „სქელი სამშაბათი“ (კათოლიკური დღესასწაულია და ინგლისში, ყოველწლიურად, კარნავალით აღინიშნება). ამ დღესასწაულებს საინტერესო ისტორიები აქვს, რაც ანტიკურ საბერძნეთსა და რომს უკავშირდება. ხოლო ისეთი დღესასწაულები, როგორიც არის ვალენტინისა და წმინდა პატრიკის დღე, რომლებსაც ხშირად მარკეტინგულ ხაფანგებად განიხილავენ, რეალურად სათავეს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იღებს.
მსოფლიო ძალიან ბევრ ისეთ დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც უცნაური და საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. გთავაზობთ რამდენიმე საყოველთაო დღესასწაულის ისტორიას:
შრომის დღე
„შრომის დღე“ 1880 წლიდან იღებს სათავეს და მას ზაფხულის მიწურულს აღნიშნავენ. ამ დღეს ნიუ-იორკში მუშათა კლასის აღლუმი იმართებოდა. სწორედ იმის გამო, რომ სექტემბრის დასაწყისში ყველა დაწესებულება იწყებს მუშაობას, შრომის დღე სექტემბრის პირველ ორშაბათს აღინიშნება. 1887 წელს კოლორადომ, ნიუ-იორკმა, ორეგონმა, მასაჩუსეტსმა და ნიუ-ჯერსიმ „შრომის დღე“ შტატის დღესასწაულად გამოაცხადეს. მოგვიანებით, 1894 წელს, კონგრესმა ეს დღე ნაციონალურ დღესასწაულად აღიარა.
„მარდი გრა“, ანუ სქელი სამშაბათი
„მარდი გრა“ ფრანგულად სქელ სამშაბათს ნიშნავს. ამ დღესასწაულის ფესვები ევროპიდან მოდის. შუა თებერვალში უძველესი რომაელები ქუჩებში ცირკის მსგავს ფესტივალს მართავდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც კათოლიკური ეკლესია გაძლიერდა, ფესტივალმა მარხვის დადგომამდე გადაიწია. ამჯერად ის აღდგომამდე 40 დღით ადრე ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ „მარდი გრა“ კათოლიკური დღესასწაულია, მას აქტიურად აღნიშნავენ შეერთებულ შტატებშიც. მაგალითად, ნიუ-ორლეანში ეს ფესტივალი საფრანგეთთან დაკავშირებულ ისტორიას ეძღვნება.
ხსოვნის დღე
ხსოვნის დღე ძალიან ჰგავს შრომის დღეს, განსაკუთრებით იმით, რომ ამ დღეს თითოეული ამერიკელი აღნიშნავს. თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი ისტორიისა და წარმომავლობის შესახებ. ეს დღე იმ ჯარისკაცთა ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა, რომლებიც სამოქალაქო ომში იბრძოდნენ. დღესდღეობით კი ის ყველა ჯარისკაცის ხსოვნის დღედ მიიჩნევა, ვინც მსახურობდა და დაიღუპა ან იღუპება სხვადასხვა ომში. ხსოვნის დღე ზაფხულის დასაწყისის არაოფიციალური მანიშნებელია, რადგან ამ დღეს ადამიანთა უმრავლესობა აწყობს პიკნიკს, ასევე, იმართება აღლუმები. პირველი ხსოვნის დღე 1865 წელს დიდი ზეიმით აღინიშნა და სწორედ ამ დღეს გაათავისუფლეს ტყვეები ფედერაციული ბანაკებიდან.
დედის დღე
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ამ დღესასწაულის საკუთარი ვერსია. ასევე, თითოეული ქვეყანა განსხვავებულ დროს აღნიშნავს მას. როგორც ცნობილია, დღესასწაული ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ბერძნებში დედის თაყვანისცემა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო, რაც უდიდესი, დედების ღმერთის სახელის მქონე დღესასწაულის, სიბელეს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. სიბელე იყო ღვთაება, უფრო სწორად, დედების ღმერთი. რომაელებსაც ჰქონდათ მსგავსი დღესასწაულის პრაქტიკა, რომელსაც მატრონალიას უწოდებდნენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, დედების დღეს ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ზოგან მას რელიგიურ დღესასწაულად მიიჩნევენ, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც უბრალო, კულტურულ და ტრადიციულ დღედ ითვლება, როცა შვილები დედებს საჩუქრებს უკეთებენ.
დივალი
დივალი ანტიკურ ინდოეთში გავრცელებული ფესტივალი იყო და ის დღემდე აღინიშნება. ფესტივალს საფუძვლად უდევს რელიგიური ახსნა. კერძოდ, ღმერთში ორმაგი ბუნების, ღვთაებრივისა და დემონურის არსებობის აღიარება. ეს ფესტივალი „სინათლის ფესტივალის“ სახელითაცაა ცნობილი. მისი აღნიშვნის ერთ-ერთ მიზეზად ინდურ კულტურაში ლორდ რამასა და მისი მეუღლის, სიტას 14-წლიანი გადასახლების შემდგომ დაბრუნებასაც მიიჩნევენ. დღესასწაულს ძალიან ბევრი რიტუალი და სამზადისი ახლავს და ის ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ჩამონათვალში ერთ-ერთი უძველესია.
ვალენტინის დღე
ვალენტინის დღე ერთ-ერთი იმ დღესასწაულთაგანია, რომელსაც საკმაოდ გაუფუჭდა რეპუტაცია და რომელსაც, ძირითადად, სამომხმარებლო და მარკეტინგზე გათვლილ დღესასწაულად მიიჩნევენ. თუმცა, ღირს იმის აღნიშვნა, რომ ამ დღესასწაულსაც აქვს თავისი ისტორიული საფუძველი. დღესასწაულს ქრისტიანი მოწამის, ვალენტინის სახელი ეწოდება. დღესასწაულმა პოპულარობა და საზოგადოების აღიარება შუა საუკუნეებში მოიპოვა და მას შემდეგ დამკვიდრდა, როგორც ფაქიზი სიყვარულის დღე. ძალიან ბევრი მკვლევარის მტკიცებით, დღესასწაული დაკავშირებულია ბერძნულ და რომაულ კულტურასთან, რომელშიც, ასევე, აღინიშნებოდა სიყვარულისა და ნაყოფიერების დღეები. თუმცა, პირდაპირ კავშირს ამ კულტურებსა და მოწამე ვალენტინს შორის მკვლევარები ჯერ ვერ ამტკიცებენ.
წმინდა პატრიკის დღე
ეს დღე ირლანდიის მფარველი წმინდანის პატივსაცემად აღინიშნება და მარხვის პერიოდს ემთხვევა. დღესასწაული 17 მარტსაა, ეს დღე კი წმინდა პატრიკის გარდაცვალების დღეა. კათოლიკური სამყარო ამ დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას სწავლულ ლუკ ვედინგს უმადლის. წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, რათა წმინდა კვირაში და ბზობის დღესასწაულზე კონფლიქტები თავიდან აეცილებინათ.
ჰანუკაჰი
ჰანუკაჰი მნიშვნელოვანი ებრაული დღესასწაულია, რომელზეც ებრაელები სპეციალურ თამაშს თამაშობენ, მიირთმევენ კარტოფილის ღვეზელებს და ანთებენ სანთლებს. დღესასწაულის ტრადიცია ჩვენი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით თარიღდება და გასხივოსნებული იერუსალიმის ხსოვნას ემსახურება. ის სხვადასხვა საზოგადოებრივ რიტუალს მოიცავს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ადამიანებმა ჰანუკაჰის დღესასწაულის შესახებ უნდა იცოდნენ, ის არის, რომ სანთლები არა სახლში, არამედ გარეთ უნდა აანთონ, რაც მათ დღესასწაულის სასწაულებრივობას შეახსენებთ.
შობა
ქრისტეს დაბადებას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. უნდა ითქვას, რომ დღესასწაულის რიტუალებში ბევრი წარმართული დეტალი შეინიშნება. შობა ზამთრის პერიოდში აღინიშნება და თითქმის სრულიად მსოფლიო და ყველა ქრისტიანული რელიგია აღნიშნავს მას. წარმართულ რიტუალებსა და ტრადიციებს მიეკუთვნება ისეთი დეტალები, როგორიც არის ნაძვის ხის მორთვა. აღნიშნული ტრადიცია რაღაც პერიოდის განმავლობაში იკრძალებოდა. არსებობს მოსაზრებაც, რომ სადღესასწაულო ფერებიც, წითელი და თეთრი, წარმართული შინაარსისაა.
თემები: დღესასწაულები, ისტორია, მნიშვნელოვანი დღეები
წყარო: <a href="http://allday.com/post/7622-the-strange-surprising-and-violent-origins-behind-15-popular-holidays/pages/5/" target="_blank">allday.com</a>