10 რჩევა ამერიკელი ეპიდემიოლოგებისგან - როგორ დავიცვათ თავი კარანტინის მოხსნის შემდეგ
- 29.05.2020
„ამერიკის ხმის“ ქართველი ჟურნალისტი მაია ქვარცხავა, სოციალურ ქსელში 10 საიტერესო რჩევას აქვეყნებს, რომლებიც კარანტინის დასრულების შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ.
თავდაცვა კარანტინის მოხსნის შემდეგ - ამერიკელი ეპიდემიოლოგების 10 რჩევა შეგიკრიბეთ რამდენიმე სანდო წყაროდან.
1. ეცადეთ ადამიანებს შეხვდეთ ჰაერზე და არა დახურულ სივრცეში. შენობაში მეტი რისკია. ხმამაღლა მოსაუბრე ადამიანი (მაგალითად ბარში, სადაც მუსიკა უკრავს, ან ეკლესიაში, გალობის დროს) პირიდან 1 წუთში 1000-მდე უხილავ მიკროწვეთს აფრქვევს, რომელიც ჰაერში 5 მეტრამდე შეიძლება გავრცელდეს. ნიღაბი და დისტანცია რისკებს ამცირებს, მაგრამ ბოლომდე არ გვიცავს. რაც უფრო ახლოს და რაც უფრო დიდხანს ვართ ინფიცირებულთან, დაავადების რისკი იზრდება. რაც მეტ ადამიანთან გვაქვს კონტაქტი, ინფიცირების რისკებიც შესაბამისად მრავლდება.
2. კაფეში/რესტორანში შეკვეთილი საჭმელი გადაიტანეთ სახლის ჭურჭელში და სულ ცოტა, 30 წამით მაინც მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ. საერთოდ მოერიდეთ საზიარო ჭურჭელს, საკვებს, სასმელს. ამიტომ რესტორანი და კაფე ჯერჯერობით სარისკოდ რჩება.
3. ეცადეთ ზომიერად მიიღოთ მზის სხივები, D ვიტამინი აუცილებლად გვჭირდება ბევრი რამისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში იმუნიტეტისთვის, ასევე - იმისთვის რომ ფილტვებში მიკროფაგებმა რესპირატორული ინფექციებისგან დაგვიცვან.
4. ცურვის დროს წყალი არ ითვლება საფრთხედ, თუმცა სოციალური დისტანცირების დაცვა წყალში უმეტესად არარეალურია.
5. პიკნიკებზე და პლაჟებზე ერთ-ერთი მთავარი რისკი ბავშვია, როგორც ინფექციის გადამტანი: ის სხვებთან მიდის, თამაშობს, შემდეგ კი თქვენთან ბრუნდება.
6. გარეთ, ჰაერზე ვარჯიში დისტანციის დაცვით იდეალურია, რისკი მინიმალური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
7. ძალიან სარისკოდ ითვლება საზოგადოებრივი ტუალეტი, ბევრი მიზეზით. რაც შეეხება სახლის ტუალეტს, თუ იქ სტუმარი შევიდა, სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ ყველაფერი, უნიტაზის ჩათვლით და კიდევ ერთხელ ჩარეცხეთ. რა თქმა უნდა, ხელიც კარგად დაიბანეთ.
8. სასტუმროში ნომერი თავისთავად არ არის მაღალი რისკის მატარებელი, თუ თეთრეული ახალი გარეცხილია და თუ ყველაფერს სადეზინფექციო საშუალებით გადაწმენდთ. თუმცა, ლიფტებში და სხვა საერთო სივრცეებში, რისკი იზრდება.
9. სილამაზის სალონები მაღალი რისკის ზონად ითვლება, თუ მომსახურე პერსონალს და კლიენტს სამედიცინო ნიღბები არ უკეთიათ. ჩვეულებრივი ნაჭრის ნიღბები აქ არ დაგვიცავს, იმიტომ რომ კონტაქტი ძალიან ახლოა.
10. ღამის კლუბებში რისკი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ჯგუფური თავმოყრის, სიმჭიდროვის, ყვირილის გარდა, ყველაფერს ემატება ალკოჰოლი, რომელიც წესებისადმი დაუმორჩილებლობის რისკს ზრდის. სტადიონები და საკონცერტო დარბაზებიც მაღალი რისკის მატარებელია.
ძველი 3 ოქროს წესი არ შეცვლილა:
1. ხელი დაიბანეთ რაც შეიძლება ხშირად, საპნით, 20 წამი და სახესთან არ მიიტანოთ.
2. შენობაში ატარეთ ნიღაბი და შინ, თუ გარეთ დაიცავით სოციალური დისტანცია (მინიმუმ 1.8 მეტრი).
3. ჯანსაღი ცხოვრების წესი - რეგულარული ვარჯიში (განსაკუთრებით ჰაერზე), ვიტამინებით და ნუტრიენტებით დაბალანსებული კვება, წონის მოწესრიგება და კარგი ძილი - იმუნიტეტის გაძლიერებაში და ვირუსთან ბრძოლაში გვეხმარება.
არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი დროებითია. კი გაგვიჭიანურდა, მაგრამ სამუდამო არ არის, ჩაივლის. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას, ეს ხომ ნამდვილად ვიცით. დღეს კი მინიმუმ, ეს მოკლე ვერსია მაინც დავიმახსოვროთ: ნიღაბი გვერჩივნოს უნიღბობას, გარეთ ყოფნა - შენობას, ადამიანების მცირე ჯგუფი - დიდ ჯგუფს, დიდი სივრცე - პატარას.
თემები: თავის მოვლა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, ეპიდემია, კორონავირუსი, კარანტინი, პანდემია
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია