LIFE
„არ ვაპირებ მარტო დაგტოვო“ - როგორ გახდნენ სელმა ჰაიეკი და პენელოპე კრუსი საუკეთესო მეგობრები?
- 15.05.2022
ზოგიერთ ჩვენგანს აქვს უნარი, ადამიანში დაინახოს სიკეთე და მას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადოს, მიუხედავად იმისა, იცნობს თუ არა, ამ ადამიანს. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც, სელმა და პენელოპე დამეგობრდნენ, თანაც, სამუდამოდ.
ვარსკვლავური კარიერის დასაწყისი
ჯერ კიდევ 1990-იან წლების დასაწყისში, მსახიობი სელმა ჰაიეკი სამსახიობო კარიერას შეერთებულ შტატებში იწყებდა. ის უკვე ცნობილი იყო მექსიკაში, მის მშობლიურ ქვეყანაში, მაგრამ ჰოლივუდში, ლათინური აქცენტით ადგილის დამკვიდრება ადვილი არ იყო.პარალელურად, პენელოპე კრუსიც უკვე ცნობილი მსახიობი იყო ესპანეთში. დიდი მოთმინებისა და შრომის შემდეგ, მან საბოლოოდ შეძლო ჰოლივუდში როლის მიღება, ამიტომ 2 თვიანი ამერიკული თავგადასავლისთვის დაიწყო მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ ის არავის იცნობდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა ჰოლივუდში გზა გაეკაფა.
„შეხვედრა“
და სწორედ ამ გარდამტეხ მომენტში, ბედმა მსახიობები ერთმანეთს შეახვედრა. თუმცა ამ შემთხვევაში, სიტყვა „შეხვედრა“ ზუსტად არ გამოხატავს მათ გაცნობას - მსახიობებმა მხოლოდ ტელეფონზე ისაუბრეს. როდესაც ჰაიეკმა გაიგო, რომ კრუსი ლოს-ანჯელესში მიდიოდა, დაუფიქრებლად გადაწყვიტა დახმარებოდა. მექსიკელ მსახიობს კარგად ესმოდა, რამდენად რთული იყო ჰოლივუდში ცხოვრების დაწყება.
როდესაც პენელოპე ლოს-ანჯელესში ჩავიდა, სასტუმროში დარჩენას გეგმავდა, მაგრამ სელმა, არა მხოლოდ აეროპორტში დახვდა მომავალ მეგობარს, არამედ სახლში დარჩენა შესთავაზა:
„შენ სასტუმროში არ დარჩები. შენ ჩემს სახლში მოდიხარ, რადგან თავიდან, ძალიან რთულია აქ ცხოვრება და თავს ძალიან მარტოდ იგრძნობ“.
პენელოპე იხსენებს, რომ როდესაც სელმას სახლში ცხოვრობდა, იმდენად შეშინებული იყო, ღამ-ღამობით სელმას ხელს ჰკიდებდა.
დები
ასე გაიცნეს მსახიობებმა ერთმანეთი და ამის შემდეგ, ისინი ერთმანეთის ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. დატვირთული გრაფიკისა და პირადი ცხოვრების მიუხედავად, მათი ურთიერთობა უცვლელია. უფრო მეტიც, ისინი თვლიან, რომ დები არიან.„იცით, როგორი გასაოცარი იყო? ადამიანი, რომელსაც არ ვიცნობდი, სატელეფონო საუბრის შემდეგ აეროპორტში დამხვდა და საკუთარი სახლის კარი გამიღო”.
2007 წელს, როდესაც პენელოპე კრუსი ოსკარის ჯილდოს ნომინანტად დაასახელეს, ჰელმა ჰაეიკმა სიხარული ვერ დამალა და მთელს სამყაროს ნათლად უჩვენა, თუ რაოდენ ამაყობს მეგობრის წარმატებით!
თემები: მეგობრობა