წელიწადის ოთხი დროიდან ზოგს გაზაფხული უყვარს, ზოგს მცხუნვარე მზე და ზაფხული, ზოგს სულაც იისფერი თოვლის ფანტელები იტაცებს, ზოგი კი შემოდგომის ფერებზეა შეყვარებული. თუ თქვენ წელიწადის ეს უკანასკნელი დრო გამორჩეულად გიყვართ, მაშინ გირჩევთ, ეს სტატია ბოლომდე წაიკითხოთ.
ექსპერტების აზრით, შემოდგომას რაღაც ახლის და ღირსშესანიშნავის ეფექტი აქვს, ასე მაგალითად, დაბადების დღის ან ახალი წლის მსგავსად. ისინი ყველა დროებითი ღირსშესანიშნაობებია, რომლებიც ქმნიან სტრუქტურას, თუ როგორ ვხედავთ და ვიყენებთ დროს.
„დროითი ღირსშესანიშნაობები ცხოვრებას განსხვავებულ ფსიქიკურ ფაზებად ყოფს. ისინი გვაძლევენ საშუალებას წარსულში ჩავდოთ ნეგატიური გამოცდილება და გავაუმჯობესოთ მსოფლმხედველობა“, - ამბობს იასმინ საადი, ფსიქოლოგიის დოქტორი.
შემოდგომა სოციალურად დაკავშირებულია სკოლაში დაბრუნებასთან, სასექტემბრო ციებ-ცხელებასთან. ჩვენ ბავშვობიდან მოგვყვება ემოცია, რომ შემოდგომა სავსეა ახალი ადამიანებით, ადგილებითა და შესაძლებლობებით.
სხვა ფსიქოლოგიური მიზეზები, რისთვისაც გამორჩეულად გვიყვარს შემოდგომა, შეიძლება ზაფხულის შემდეგ სტაბილურ რუტინაში დაბრუნებას უკავშირდებოდეს.
შემოდგომის დაწყებისთანავე, ადამიანების უმეტესობა განაახლებს ყოველდღიურ რუტინას, ეს დრო საუკეთესოა მეგობრების მოსანახულებლად, თავს გადახდენილი საზაფხულო რომანების თუ სხვა სიგიჟეების მოსაყოლად.
შემოდგომის ამინდმა შესაძლოა გარკვეული სარგებელი მოახდინოს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შედარებით დაბალი ტემპერატურა და ფოთოლცვენა გვიბიძგებს დიდი დრო გავატაროთ ბუნებაში, რაც დაკავშირებულია ჩვენი ბედნიერების, კეთილდღეობის, ურთიერთობების გაუმჯობესებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება გარდერობში. ზაფხულის ნამზეური და ელეგანტურად ჩაცმა-გაპრანჭვა ბევრი ქალისთვის ერთგვარი გატაცებაა. ადამიანები შემოდგომაზე თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ თავიანთი სხეულისა და გარეგნობის მიმართ და საცურაო კოსტიუმებისთვის საგანგებოდ დაკლებული რამდენიმე კილოგრამის ხელახლა დაბრუნებაც თვითგვემაში არ აგდებთ. არც შემოდგომის ათასგვარ ნუგბარსა თუ ტკბილეულზე ამბობენ უარს.
შემოდგომა არის დრო, ფიზიკურად და ემოციურად მოემზადოთ გრძელი და ცივი ზამთრისთვის.
გამოდით გარეთ, ისუნთქეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაასეირნეთ თქვენი პატარები. სუფთა ჰაერით ტკბობა ტვინში ჟანგბადის დონის ამაღლების ბუნებრივი გზაა, ჟანგბადის მატება კი ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის, სეროტონინის გამოყოფას იწვევს. მოიდუღეთ ცხელი ჩაი, მოიფარეთ თბილი პლედი და დატკბით თუნდაც თქვენი აივნიდან შემოდგომის ულამაზესი ფოთოლცვენის ხილვით.
მოკლედ, შემოდგომა არის საუკეთესო სეზონი, რომ დაუთმოთ დრო იმას, რაც ძალიან გიყვართ.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია