გამომშრალი კანი - ზამთრის მთავარი პრობლემა, რომელიც ყველა ადამიანს აწუხებს
- 25.12.2023
ცივი ჰაერი, დაბალი ტენიანობა და ზამთრის ქარი თქვენს კანს აშრობს და ბზინვარებას უკარგავს. სიმშრალე შეიძლება აისახოს როგორც სახეზე, ისე სხეულის სხვადასხვა უბნებზე. კანის სიმშრალის ნიშნებია - ქერცლიანობა, სიწითლე, უხეში ტექსტურა, ქავილი, გაღიზიანებული კანი, ჩხვლეტის შეგრძნება და სხვა. თანაც, მნიშვნელობა არ აქვს როგორი კანის ტიპი გაქვთ, კანი ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გამოგიშრეთ. თუმცა, ეს პრობლემა მოგვარებადია - კანის მოვლის რუტინით და სწორი პროდუქტების გამოყენებით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ რბილი, გლუვი და დატენიანებული და კანი.
-
დატენიანება დაბანისთანავე
ბანაობის დროს თქვენ აშორებთ კანს ბუნებრივ ზეთებს. ვინაიდან ეს ზეთები ხელს უწყობს ტენიანობის შეკავებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ჩანაცვლება, ამიტომ გამოიყენეთ დამატენიანებელი დაბანისთანავე.
-
ყოველდღიურად წაისვით მზისგან დამცავი საშუალება
ზამთრის ხანმოკლე დღეებისა და მზის ნაკლები შუქის გათვალისწინებით, შეიძლება მზისგან დამცავი კრემი ამოაგდოთ დილის რუტინიდან - მაგრამ დაფიქრდით, ზამთარშიც კი, მზისგან დამცავი საცხის გამოყენება აუცილებელი პროცედურაა.
-
მოუარეთ კანს ღამე
ღამის პროცედურები შესანიშნავი საშუალებაა კანის გამოჯანმრთელების ან გამოშრობის პრევენციის მიზნით. დამარბილებელი ან მკვებავი საშუალება ღამით წაისვით. ასე კანს ექნება დრო, შეიწოვოს საცხი და შეივსოს მისთვის საჭირო ზეთებით.
-
დაარეგულირეთ კანის მოვლის რუტინა
თუ ზამთრის მშრალი ჰაერის გამო სახეზე კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, გაამარტივეთ კანის მოვლის რუტინა. დილით მხოლოდ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემი გამოიყენეთ, ხოლო ღამით ნაზი მკვებავი.
-
გამოიყენეთ ოთახის დამატენიანებელი
დამატენიანებლები ხელს უწყობს ჰაერში ტენიანობის აღდგენას, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის თვეებში. ჰაერში მეტი ტენი მოქმედებს როგორც ბუნებრივი დამატენიანებელი აგენტი, რომელმაც, შეიძლება თავიდან აგაცილოთ კანის სიმშრალე.
-
აკონტროლეთ წყლის ტემპერატურა
ცხელი შხაპი ან აბაზანა ცივი ზამთრის დღის ბოლოს განსაკუთრებით დამამშვიდებელია, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენი კანი იკვებებოდეს, გჭირდებათ ნელთბილი ტემპერატურა. ცხელ წყალს შეუძლია თქვენი კანის ბუნებრივი ზეთები უფრო სწრაფად მოაშოროს და ზიანიც მიაყენოს, ამიტომ უმჯობესია, არ იბანაოთ ზედმეტად ცხელი წყლით.
-
ექსფოლიანტები და სკრაბები
თუ თქვენი კანი გამომშრალი ან აქერცლილია, შეგიძლიათ აირჩიოთ ნაზი ქიმიური ექსფოლიანტი, ან მსუბუქი სკრაბი, მაგრამ თუ კანი გაღიზიანებულია, უმჯობესია ჯერ გამოვაჯანსაღოთ და შემდეგ მივმართოთ ამ პროცედურებს.
-
ოკლუზიური საშუალებები
თუ დამარბილებელი ინგრედიენტები საკმარისად არ მოქმედებენ თქვენი მშრალი კანის გასაჯანსაღებლად, შეგიძლიათ ისეთი ოკლუზიური ინგრედიენტების ჩართვა კანის მოვლის რუტინაში, როგორიცაა: შიის და კაკაოს კარაქი, ვარდის და ჟოჟობას ზეთი, ვაზელინი და აკვაფორი. გამოიყენეთ ეს პროდუქტები დღეში ერთხელ ან ორჯერ დატენიანების შემდეგ.
-
დატენიანება შიგნიდან
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თქვენი კანის სიჯანსაღის და ბრწყინვალების შესანარჩუნებლად, საკმარისი სითხის მიღებაა. გარდა ამისა, მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავებით.
-
აირჩიეთ ბუნებრივი ქსოვილები
თუ კანი ძალიან მშრალია, შეეცადეთ ატაროთ რბილი, კომფორტული და ბუნებრივი ქსოვილები, რათა შეამციროთ ზედმეტი ფიზიკური გაღიზიანების რისკი. გამოიყენეთ მგრძნობიარე კანისთვის შემუშავებული სარეცხი საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს უხეშ ქიმიკატებსა და სუნამოებს.
-
ატარეთ ხელთათმანები
თბილი ხელთათმანები არის ფიზიკური ბარიერი, გარემო ფაქტორების წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია ხელების კანის დაცვა გამოშრობისგან. ჭურჭლის რეცხვის დროს კი გამოიყენეთ სილიკონის ხელთათმანი. ცხელი წყლის შეზღუდვა, დაგეხმარებათ ხელების სიგლუვის შენარჩუნებაში და დატენიანებაში.
თემები: კანი, მშრალი კანი