სილამაზე

როგორ უნდა მოუაროთ სახის კანს მოგზაურობისას - რა პროდუქტები უნდა წაიღოთ თან

როგორ უნდა მოუაროთ სახის კანს მოგზაურობისას - რა პროდუქტები უნდა წაიღოთ თან

რამდენადაც სასიამოვნო და სიახლეებით სავსეა მოგზაურობა, იმდენად მავნე და სტრესულია ის ჩვენი სახის კანისთვის. განსაკუთრებით სტრესულია საჰაერო მოგზაურობა. ფაქტია, რომ წნევის მატებასთან ერთად თვითმფრინავის სალონში ჰაერის ტენიანობა კატასტროფულად დაბალ 20%-მდე ეცემა (ნორმა 60-70%). ამის შედეგები კანზე ძალიან უსიამოვნოა: დაჭიმვის, სიწითლის, აქერცვლისა და ქავილის შეგრძნება.

ასეთი სურათის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული მოვლა გჭირდებათ კანს არა მხოლოდ ფრენის დროს, არამედ რამდენიმე დღით ადრე.

კანის რუტინა მოგზაურობამდე

ფრენამდე მოერიდეთ პილინგს და სხვა ტრავმულ პროცედურებს. შეამცირეთ მარილიანი საჭმლის, ცხარე საკვების, ყავის და ალკოჰოლის მიღება, რადგან ეს პროდუქტები აკავებს წყალს სხეულში და შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შეშუპება ფრენის დროს. ასევე, შეეცადეთ არ გამოიყენოთ "მძიმე" დეკორატიული კოსმეტიკა თვითმფრინავში ასვლამდე რამდენიმე დღით ადრე. ამის ნაცვლად, აირჩიეთ მსუბუქი დამატენიანებელი ან შრატი.

კანის მოვლა ფრენის დროს

როდესაც გამგზავრების დღე დადგება, დარწმუნდით, რომ ხელბარგში ჩაალაგეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ თვითმფრინავში: ტონერი, ბამბის ბალიშები, ტუჩის ბალზამი, ხელის კრემი, მკვებავი კრემი, დამატენიანებელი და ა.შ. არ გირჩევთ თან წაიღოთ თერმული წყალი, ის შეიცავს მარილს, რამაც შესაძლოა სახის კანი გამოგიშროთ.
ფრენისას ყოველ ორ საათში გაიწმინდეთ კანი ტონერით, რათა მოიცილოთ ცხიმოვანი სეკრეცია.



ტონერს აქვს დეტოქსიკაციის ეფექტი, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს და ქსოვილს; ასევე აღადგენს ბუნებრივ ბალანსს და დამცავ ფუნქციას. შემდეგ წაისვით მსუბუქი მკვებავი კრემი, ან გამოიყენეთ ფურცლის ნიღაბი. თუ ჯერ კიდევ გრცხვენიათ მისი საჯაროდ გამოყენება, მიბაძეთ ცნობილ მოდელს ირინა შეიკს. ის აღიარებს, რომ ფრენისას ყოველთვის თან ატარებს ნაჭრის ნიღბებს:

„თვითმფრინავის ჰაერი მშრალია, მაგრამ სახეს ნაჭრის ნიღბები შესანიშნავად ატენიანებს; პროცედურის შემდეგ სახე დასვენებული და დატენიანებულია“ - ამბობს მოდელი. ასე რომ, არ ინერვიულოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები. თქვენს კანზე ზრუნვა შემთხვევითი თანამგზავრების აზრზე მაღლა უნდა იყოს!
რა თქმა უნდა, არ დაივიწყოთ ხელის კრემი და ტუჩის ბალზამი, რადგან მხოლოდ სახის კანს არ სჭირდება მოვლა ფრენის სტრესული პირობების დროს.

კანის ადაპტაცია ახალ კლიმატში

კლიმატის, კვების და წყლის ცვლილებების დროს კანის ცვლილებების პროგნოზირება რთულია. შესაძლოა კანზე გაგიჩნდეთ გამონაყარი ან აგექერცლოთ, ეს კანის ჩვეულებრივი რეაქციაა ადაპტაციის პროცესში.



თუ გეგმავთ მზეზე დიდი დროის გატარებას, გამოიყენეთ SPF პროდუქტები მაღალი დამცავით ყოველი გასვლის წინ და გახსოვდეთ, ხელახლა წაისვათ ყოველ 2-3 საათში, რათა შეინარჩუნოთ ძლიერი ბარიერი თქვენს კანსა და მავნე UV სხივებს შორის. ასევე, თქვენი კოსმეტიკური ჩანთა უნდა შეიცავდეს მაღალი ხარისხის პროდუქტებს, რომლებსაც არ აქვს უკუჩვენება კლიმატის ცვლილების დროს.

და ბოლოს, იმისთვის, რომ მოგზაურობისას არ დაგავიწყდეთ კანის მოვლის აუცილებელი საშუალებები, უმჯობესია წინასწარ შეადგინოთ სია, ან შეიძინოთ კანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების მზა ნაკრები, რითაც დაიცავთ თავს ზედმეტი უსიამოვნებისგან.