მშობლები

დედების მეგზური - რა ნივთები დაგჭირდებათ, თუ შვებულების გატარებას ბავშვთან ერთად აპირებთ

დედების მეგზური - რა ნივთები დაგჭირდებათ, თუ შვებულების გატარებას ბავშვთან ერთად აპირებთ

თუ შვებულების გატარებას თქვენს პატარასთან ერთად გეგმავთ, ბარგის ჩალაგებისას ერთი სირთულე ჩნდება: როგორ მოვათავსოთ პატარა მოგზაურისთვის ყველა ნივთი სამგზავრო ჩემოდანში?

TREND გირჩევთ, როგორ ჩაალაგოთ ბავშვის ბარგი სწორად და რა ნივთებს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.

პირველადი დახმარების ნაკრები

მოგზაურობისას შეიძლება გაუთვალისწინებელი სიტუაციები შეგემთხვეთ და ბავშვს გადაუდებელი პირველადი დახმარება დასჭირდეს. სხვა ქვეყანაში აფთიაქებს ყოველთვის არ აქვთ საჭირო მედიკამენტები. გარდა ამისა, ისინი ხშირად მხოლოდ ექიმის რეცეპტით არის ხელმისაწვდომი, თანაც პრეპარატები შესაძლოა შეიცავდეს უცნობ კომპონენტებს და გამოიწვიოს ალერგიული უკუჩვენება, ამიტომაც უმჯობესია მოგზაურობის დროს არ ჩაატაროთ ექსპერიმენტები მედიკამენტებზე და აუცილებლად მოათავსეთ ის თქვენს სამოგზაურო ჩანთაში.

საავადმყოფოების სია

გამგზავრებამდე მშვიდად შეადგინეთ იმ ქალაქის საავადმყოფოების სია, სადაც დასასვენებლად მიდიხართ. გაარკვიეთ სად შეიძლება წახვიდეთ გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში და როგორია სამედიცინო მომსახურების გაწევის პირობები: დაზღვევა, გადაუდებელი სასწრაფო დახმარება და სხვ.

ახალი სათამაშოები გზისთვის

მანქანაში, ავტობუსში ან თვითმფრინავში ბავშვები ხშირად კაპრიზულები არიან. ახალი და უცხო სათამაშო კი მათ ყურადღების გადატანაში დაეხმარება; თუ თქვენც შეუერთდებით პატარასთან ერთად თამაშს, მაშინ გზა ორივესთვის სასიამოვნო და შეუმჩნეველი იქნება.

დასაძინებელი ნივთები

სასტუმროები უზრუნველყოფენ თეთრეულს, მაგრამ ბავშვი სახლში მიჩვეულია გარკვეულ გარემოს, ნაცნობ სუნს. ახალმა ადგილმა შეიძლება შეაწუხოს იგი. სტრესის თავიდან ასაცილებლად, თან წაიღეთ ძილისთვის რამდენიმე ნივთი: ბალიში, საფენები, საბანი. ისინი გაახსენებენ ბავშვს სახლს და დაეხმარება უფრო სწრაფად დაძინებაში.

აუცილებელი ნივთები

პატარას ბევრი ტანსაცმელი სჭირდება, ამიტომ მისი ბარგის ჩალაგებისას დაიცავით რამდენიმე წესი:
საცვალი უფრო სწრაფად ბინძურდება, ამიტომ მეტი დაგჭირდებათ;

შეგიძლიათ აიღოთ ნაკლები გარე ტანსაცმელი;
წაიღეთ მსუბუქი პიჯაკი საღამოს ან გრილი ამინდისთვის;
იზრუნეთ შიდა და გარე ფეხსაცმელზე;

გასაფერადებელი წიგნები, ახალი და ილუსტრირებული წიგნები; ასევე კალამი და ფერადი ფანქრები.
გამგზავრებამდე გაარკვიეთ, გთავაზობთ თუ არა სასტუმრო სამრეცხაო მომსახურებას. თუ კი, ამ შემთხვევაში ნაკლები ტანსაცმელი დაგჭირდებათ.

არ გამოგრჩეთ მწერების საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი საშუალებები.

ბავშვის საკვები

მანქანით მგზავრობისას რთული არ იქნება საკვების საჭირო რაოდენობის წაღება, მაგრამ მატარებელში ან თვითმფრინავში ქილების და ბოთლების ტარება უფრო რთულია, გაარკვიეთ, იმ ქალაქში სადაც ჩადიხართ, შეგიძლიათ თუ არა შეიძინოთ ბავშვის კონკრეტული საკვები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი ბარგი.

იყავით მომთმენი

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის გარკვეულ სტრესს იწვევს. იყავით ემოციურად მზად, რომ გადალახოთ სირთულეები და გაუთვალისწინებელი სიტუაციები მგზავრობისას თუ შვებულების პერიოდში.

თუ ყველა დეტალს ყურადღებით გააკონტროლებთ და გაითვალისწინებთ წვრილმან, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს, დასვენება თქვენთვის და თქვენი პატარასთვისაც ნაყოფიერი, მშვიდი და საინტერესო იქნება.