უნდა მისცეთ თუ არა მამაკაცს მეორე შანსი, თუ ის მაშინვე არ მოგეწონათ?
- 16.09.2024
(ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებით შეიძლება დაკარგოთ ბედნიერი ურთიერთობის შანსი)
თუ კოკო შანელის ფრაზას გავიხსენებთ: „პირველი შთაბეჭდილების მოხდენას მეორე შანსი არ აქვს“ - თუმცა, ზოგჯერ შეიძლება რაღაც არასწორად მოხდეს პაემანზე და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ მამაკაცზე უარი უნდა თქვათ. ასეთ შემთხვევაში, უნდა დაივიწყოთ მსოფლიო მოდის ფუძემდებლის გამონათქვამი და შეეცადოთ მისცეთ ადამიანს მეორე შანსი.
რატომ? - ამას ჩვენგან გაიგებთ.
სინამდვილეში ის სხვანაირია
ადამიანის გაგებას დრო სჭირდება. ჩვენ ხანდახან უცნაურად ვიქცევით; ამის მიზეზი წინა დღით სამსახურში მიღებული საყვედური შეიძლება იყოს, რომლის გამოც ვღელავთ და განწყობაზეც გვეტყობა.
გარდა ამისა, პირველ პაემანზე ჩვენ ვხედავთ ადამიანის ბუნების მხოლოდ მცირე ნაწილს და მიუხედავად ამისა დასკვნებს ვაკეთებთ. თუ თქვენი ახალგაცნობილი პარტნიორი ოდნავ მორცხვი ან დაძაბულია უცხო გარემოში, უფრო ახლოს გაცნობის შემდეგ, შესაძლოა ის სრულიად სხვა კუთხით დაინახოთ და გაიცნოთ.
ენერგიების შეუსაბამობა
ზოგჯერ პირველ პაემანზე ერთმანეთის ენერგიის ნაკლებობა გამოწვეულია ენერგიული ვიბრაციების შეუსაბამობით. ეს არ ნიშნავს რომ მამაკაცი ცუდია, ან შეუფერებელია. შესაძლოა, კონკრეტულ მომენტში თქვენ უბრალოდ არ იყავით ერთ ემოციურ ველზე; ასეთი რამ წყვილებს შორის საკმაოდ ხშირად ხდება - ბოლოს და ბოლოს, პირველ პაემანზე ჩვენ არაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, გარდა ყველაზე ზოგადი საკითხებისა, მაგრამ მიზიდულობა ბევრად უფრო დახვეწილი რამ არის, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამიტომ, ღირს ერთმანეთს კიდევ ერთი შანსი მისცეთ და დაინახოთ, უკეთ „ასხივებს“ თუ არა თქვენი ენერგიები სხვა გარემოებებში.
გადაჭარბებული მოლოდინი
იმედგაცრუება პირველ პაემანზე, შეიძლება გამოწვეული იყოს ძალიან მაღალი ან არარეალური მოლოდინებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალურ ცხოვრებაში იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ყველას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ადამიანზე დაუყოვნებლივ უარი თქვათ, შეეცადეთ გათავისუფლდეთ გადაჭარბებული მოლოდინებისა თუ მაღალი მოთხოვნებისგან და შეხედოთ მას სხვა კუთხით. გვერწმუნეთ, მეორე შეხვედრის დროს შეძლებთ მისი უპირატესობების დაფასებას.
დიდი მღელვარება და სასიამოვნო ურთიერთობა
პირველი შეხვედრა მღელვარებით, დაძაბულობით და კარგი შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით სავსეა. მეორე შეხვედრაზე კი შეგიძლიათ უფრო ბუნებრივი და გახსნილი იყოთ, ეს უკეთ გაგრძნობინებთ, გააგრძელოთ თუ არა შეხვედრები.
არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა მისცეთ ადამიანს მეორე შანსი, თუნდაც პირველმა პაემანმა დატოვოს ორაზროვანი შთაბეჭდილება. ბოლოს და ბოლოს, თუ უარს იტყვით გაცნობაზე, შეიძლება გამოტოვოთ შანსი შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი იდეალური მეგზური იქნება.
ზოგჯერ ჩვენ მიდრეკილნი ვართ სწრაფად მოვუღოთ ბოლო ადამიანს, ისე რომ არ მივცეთ მას გახსნის შესაძლებლობა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მეორე შეხვედრაზე - შესაძლოა, ეს სულაც მშვენიერი ურთიერთობის დასაწყისი იყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, ამიტომ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებით შეიძლება დაკარგოთ ბედნიერი ურთიერთობის შანსი.
გახსოვდეთ: პირველი პაემანი თქვენი ისტორიის მხოლოდ პირველი თავია. გაიხსენეთ, რამდენჯერ არ მოგწონებიათ წიგნის დასაწყისი და მერე რა ინტერესით წაგიკითხავთ, ან რამდენი ფილმი მოგჩვენებიათ უინტერესოდ და ბოლოს რა შთაბეჭდილების ქვეშ ყოფილხართ? ასეა რეალობაშიც, არ გამოტოვოთ თქვენი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.