
ემოციური დამოკიდებულება არის მდგომარეობა, როდესაც ერთი ადამიანი ზედმეტად ეყრდნობა მეორეს, რითაც კარგავს ინდივიდუალობას და დამოუკიდებლობას.
პარტნიორებს შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს როგორც სიხარულისა და ბედნიერების, ასევე სტრესისა და ემოციური გადაღლის მიზეზი.
როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი იწყებს ინდივიდუალობის დაკარგვას, ეს იწვევს არაჯანსაღ ემოციურ დამოკიდებულებას წყვილს შორის.
მუდმივი ფიქრი პარტნიორზე
არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულების საკმაოდ საყურადღებო ნიშანია მაგალითად, თუ არ შეგიძლიათ კონცენტრირება საკუთარ საქმეზე, რადგან გაუთავებლად ფიქრობთ პარტნიორზე და ღელავთ იმაზე, თუ როგორ ატარებს დროს თქვენს გარეშე.
საკუთარი საჭიროებების იგნორირება
თუ პარტნიორის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი კონფლიქტი და გაურკვევლობის განცდა.
ბედნიერება მხოლოდ პარტნიორშია?
თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ პარტნიორს შეუძლია გაგაბედნიეროთ, ეს არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულებაა. ასეთი ფიქრები შეიძლება გახდეს მახე.
მარტოობის შიში
დამოკიდებულების მთავარი მამოძრავებელი ძალა ხშირად მარტო ყოფნის შიშია. სიტყვიერი და ფიზიკური მუქარა, როგორიცაა: „თუ დამტოვებ, მოვკვდები“ - მიუთითებს არაჯანსაღ მიჯაჭვულობაზე. ნამდვილი სიყვარულის დროს ადამიანები ერთმანეთს განვითარების საშუალებას აძლევენ.
პარტნიორის იდეალიზაცია
თუ პარტნიორში მხოლოდ პოზიტიურს ხედავთ და უგულებელყოფთ მის ნაკლოვანებებს, ეს საშიში ილუზიაა - ასეთი აზრები ხშირად იწვევს თვითმოტყუებას და ურთიერთობებში რეალური პრობლემების ჩახშობას.
პირადი საზღვრების უგულებელყოფა
ადამიანები, რომლებიც ემოციურად არიან დამოკიდებული, ხშირად არ სცემენ პატივს ერთმანეთის პირად საზღვრებს. მაგალითად, შეტყობინებების ან ზარების მუდმივი შემოწმება კონტროლის მაჩვენებელია. სიყვარულში არის საზღვრები, რომლებიც ნათლად ასახავს თითოეული ადამიანის პირად სივრცეს.
ინტერესების დაკარგვა
თუ დროთა განმავლობაში შეწყვეტთ იმ საქმის კეთებას, რაც მოგწონთ და თქვენი სამყარო მხოლოდ თქვენი პარტნიორის გარშემო იტრიალებს, ეს არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულებაა.
დაბალი თვითშეფასება
ნეგატიური განწყობა საკუთარი თავის მიმართ და რწმენა, რომ სიყვარულის ღირსი არ ხართ, არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულებაა. ადამიანები, რომლებიც ემოციურად არიან დამოკიდებულნი პარტნიორზე და ამბობენ: „არ შემიძლია წასვლა, რადგან სხვა არავინ შემიყვარებს“ - ასეთ ილუზიას შეუძლია ცუდ ურთიერთობაში დიდხანს დაგტოვოთ.
დაშლა და შერიგება
თუ თქვენი ურთიერთობა მუდმივ წყვეტას განიცდის, ეს მიუთითებს არაჯანსაღ დინამიკაზე, რომელიც შენარჩუნებულია მხოლოდ და მხოლოდ ემოციური დამოკიდებულების ხარჯზე.
როგორ დავძლიოთ არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება?
ემოციური დამოკიდებულების დაძლევა რთული, მაგრამ შესაძლებელი პროცესია. იმუშავეთ თვითშეფასებაზე, ჩაერთეთ თვითგანვითარებაში და მოძებნეთ გზები ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. განსაზღვრეთ რა არის თქვენთვის მისაღები და რა არა ურთიერთობაში. დააწესეთ მკაფიო საზღვრები და მიჰყევით მათ, რათა შეინარჩუნოთ საკუთარი სივრცე და სუბიექტური კეთილდღეობა.
სიყვარულისა და ურთიერთობების აღქმის შეცვლა არის პროცესი, რომელსაც დრო და ძალისხმევა სჭირდება. მთავარია გავიგოთ, რომ ნამდვილი სიყვარული არ მოითხოვს მსხვერპლს და დამოკიდებულებას, არამედ ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, თავისუფლებას და მხარდაჭერას.
თემები: ქალი და მამაკაცი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია