ჯანმრთელობა

მიირთვით სიამოვნებით და თავი იგრძენით მსუბუქად: შობის დღესასწაულის ჯანსაღი ჩვევები

მიირთვით სიამოვნებით და თავი იგრძენით მსუბუქად: შობის დღესასწაულის ჯანსაღი ჩვევები

საახალწლო და საშობაო დღესასწაულები თითქმის ყოველთვის ერთნაირად გადის - საჩუქრები, კაშკაშა მორთულობა, ოჯახური შეხვედრები და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი კერძებით სავსე სუფრა. ბევრისთვის ეს პერიოდი გარდაუვალ ზედმეტ კილოგრამებთან ასოცირდება, თუმცა საქმე მხოლოდ წონაში არ არის. "კვების მარათონი" ხშირად იწვევს სიმძიმეს, ენერგიის დაკარგვასა და საერთო დისკომფორტს.

დღესასწაულებზე საკუთარი თავის მკაცრად შეზღუდვა და დიეტაზე ჯდომა ნამდვილად არ არის გამოსავალი. იმისათვის, რომ სუფრასთან ზომიერება შეინარჩუნოთ და თავი მსუბუქად იგრძნოთ, საკმარისია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:

1. დაიწყეთ დილა აქტივობით

არ გამოტოვოთ დილის მსუბუქი ვარჯიში. მცირე ფიზიკური აქტივობა ორგანიზმს "აღვიძებს" და საჭმლის მომნელებელ სისტემას ამზადებს. გადით თოვლიან ქუჩებში სასეირნოდ, გააკეთეთ იოგა ან მარტივი გამამხნევებელი ვარჯიშები.

2. არ მიუჯდეთ სუფრას მშიერი

ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. მიირთვით ცილით მდიდარი საუზმე და სრულფასოვანი სადილი. როდესაც ორგანიზმი არ არის შიმშილის პიკზე, საღამოს სუფრასთან გაცილებით ნაკლებ კერძს მიირთმევთ.

3. სვით მეტი წყალი

წყალი დაგეხმარებათ ჰიდრატაციის შენარჩუნებაში და თავიდან აგაცილებთ სიმძიმის შეგრძნებას. ეცადეთ, ტკბილი გაზიანი სასმელები და წვენები ჩვეულებრივი წყლით ჩაანაცვლოთ.

4. ნუ იჩქარებთ ჭამის დროს

მიირთვით ნელა, კარგად დაღეჭეთ თითოეული ლუკმა და გააკეთეთ პაუზები. ტვინს დაახლოებით 20 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ დანაყრების სიგნალი მიიღოს. აუჩქარებლად ჭამა საშუალებას მოგცემთ კერძის გემოთიც დატკბეთ და ზედმეტიც არ მოგივიდეთ.

5. ისეირნეთ ჭამის შემდეგ

ვახშმის შემდეგ 10-15 წუთიანი გასეირნება საუკეთესო საჩუქარია თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. გაიყვანეთ ოჯახის წევრები ან მეგობრები გარეთ, დაათვალიერეთ მორთული ქალაქი და ისუნთქეთ სუფთა ჰაერით.

6. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და არა - მასპინძელს

ნუ იგრძნობთ თავს ვალდებულად, გასინჯოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც გთავაზობენ. თუ უკვე დანაყრდით, თავაზიანად თქვით უარი "დამატებაზე". თქვენი ორგანიზმის სიგნალები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვისი დაჟინებული თხოვნა.

7. ნუ მოამზადებთ ზედმეტს

ეს ბევრისთვის "შეუსრულებელი მისიაა", თუმცა ცდად ღირს. შეამცირეთ სალათებისა და ნობათის რაოდენობა. გახსოვდეთ, რომ უგემრიელესი კერძების დაგემოვნება სტუმრადაც მოგიწევთ, ამიტომ მოამზადეთ ზუსტად იმდენი, რამდენსაც რეალურად მიირთმევთ.

იყავით ენერგიულები და ისიამოვნეთ სადღესასწაულო დღეებით!