LIFE

ბექჰემების ოჯახური იდილია დასრულდა? ბრუკლინის სკანდალური აღსარება: „წლებია ვდუმვარ, მშობლები კი ტყუილებით მანიპულირებენ“

ბექჰემების ოჯახური იდილია დასრულდა? ბრუკლინის სკანდალური აღსარება: „წლებია ვდუმვარ, მშობლები კი ტყუილებით მანიპულირებენ“

დავიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, რომელიც წლების განმავლობაში "იდეალური ოჯახის" სიმბოლოდ ითვლებოდა, საზოგადოებას შოკისმომგვრელ სიმართლეს უმხელს. ბრუკლინ პელტც-ბექჰემმა ოჯახთან კავშირი საბოლოოდ გაწყვიტა და განაცხადა, რომ მათი ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ მილიონების გამოსამუშავებლად შექმნილი "ლამაზი სურათია".

კონტროლი, შფოთვა და გაწყვეტილი კავშირი

ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ბრუკლინმა ამერიკელი მილიარდერის ქალიშვილზე, ნიკოლა პელტცზე იქორწინა. თავიდან რძალ-დედამთილის დაპირისპირება ჭორად განიხილებოდა, თუმცა დღეს რეალობა გაცილებით მძიმეა: ბრუკლინი მშობლებს აღარ ნახულობს, მამის იუბილეზეც კი არ მივიდა და მათთან ურთიერთობას მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით აწარმოებს.



ბრუკლინმა სოციალურ ქსელში 6-გვერდიანი მანიფესტი გამოაქვეყნა, სადაც მშობლების მხრიდან ტოტალურ კონტროლსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

ბრუკლინი ამბობს, რომ მას და ნიკოლას სურდათ, თავიანთ ქორწილში საპატიო ადგილას (მათსავე მაგიდასთან ან ძალიან ახლოს) დაესვათ ის ძიძები, რომლებმაც ისინი გაზარდეს. მათთვის ეს ადამიანები ოჯახის წევრებივით იყვნენ.



თუმცა, როგორც ბრუკლინი ამტკიცებს, ვიქტორია ბექჰემი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ იმიჯი გახლდათ: ვიქტორიას უნდოდა, რომ მათ მაგიდასთან მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლები, ცნობილი სახეები და მილიარდერები მსხდარიყვნენ, რათა ფოტოებში ყველაფერი "ელიტარულად" გამოჩენილიყო.

ჩაშლილი პირველი ცეკვა და "იდეალური" იმიჯი

26 წლის ბრუკლინი ადასტურებს გავრცელებულ ხმებსაც, რომ ვიქტორიამ სპეციალურად არ მოასწრო რძლის საქორწილო კაბის შეკერვა და ნიკოლა სტუმრების წინაშე დაამცირა. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მომენტი ქორწილის პირველი ცეკვა აღმოჩნდა.

ბრუკლინის თქმით, ვიქტორიამ ჩაშალა მათი წინასწარ მომზადებული რომანტიკული ნომერი და სცენაზე თავად ავიდა შვილთან საცეკვაოდ, რითაც ნიკოლა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.



„ჩემს ოჯახში სიყვარული იზომება იმით, თუ რამდენად ხშირად დებ პოსტს სოციალურ ქსელში და რამდენად სწრაფად ხარ მზად, ყველაფერი მიატოვო ერთობლივი ფოტოს გადასაღებად“, - ამბობს ის.

დაპირისპირება მამასთან: დავიდ ბექჰემის 50 წლის იუბილე

ბრუკლინმა განმარტა ისიც, თუ რატომ არ გამოჩნდა მამის გრანდიოზულ იუბილეზე ლონდონში. მიუხედავად იმისა, რომ ის სპეციალურად ჩაფრინდა ბრიტანეთში. ბრუკლინი ამბობს, რომ მთელი კვირა ელოდა მამას სასტუმროში, მაგრამ დავიდმა მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა მასთან შეხვედრას, თუ ბრუკლინი მარტო მივიდოდა, ცოლის გარეშე. ბრუკლინისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ნიკოლას გარეშე არსად მიდის.



„მამა შეხვედრაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ ეს მასშტაბური წვეულება იქნებოდა კამერების წინ. მე კი უბრალოდ მასთან დროის გატარება მინდოდა“, - აღნიშნავს ბრუკლინი.

ნიკოლა - ერთადერთი ხსნა

ბრუკლინი ამბობს, რომ სწორედ ნიკოლა გახდა მისი გადამრჩენელი ხანგრძლივი შფოთვითი აშლილობის შემდეგ. მისი სიყვარული იმდენად დიდია, რომ ბექჰემმა მეუღლის გვარიც კი მიიღო და ახლა ოფიციალურად პელტც-ბექჰემია.



„პირველად ცხოვრებაში საკუთარ უფლებებს ვიცავ. სიმართლე ყოველთვის იჩენს თავს და მე აღარ ვაპირებ მშობლების ფასადის შესანარჩუნებლად ჩემი ცხოვრება დავთმო“, - ასე ასრულებს ის თავის სკანდალურ მიმართვას.

როგორ უპასუხებენ ბექჰემები უფროსი შვილის ამ მძიმე ბრალდებებს, ჯერჯერობით უცნობია - დევიდი და ვიქტორია კვლავ დუმილს ამჯობინებენ.