ბრუკლინ ბექჰემის არჩევანი: რატომ ამჯობინა ვარსკვლავურმა მემკვიდრემ მშობლებთან განშორება და „კულისებში“ დარჩენა
- 04.03.2026
ბრუკლინ ბექჰემი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. თუმცა, წლევანდელი დაბადების დღე რადიკალურად განსხვავდება იმ წლებისგან, როდესაც ბექჰემების კლანი ერთიანობისა და იდეალური ოჯახური იდილიის ეტალონად მიიჩნეოდა.

დღეს ბრუკლინი მშობლებისგან სრულ გაუცხოებაშია და, როგორც თავად ამბობს, პირველად ცხოვრებაში იპოვა ის სიმშვიდე, რომელსაც წლების განმავლობაში ამაოდ ეძებდა.
არადა, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. ბრუკლინი ინტერვიუებში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მასზე უკეთესი მშობლები არავის ჰყავდა, ვიქტორია კი სოციალურ ქსელებში მუდმივად აზიარებდა თბილ ფოტოებს უფროს ვაჟთან ერთად.

საზოგადოება მიჩვეული იყო ბექჰემების ფუფუნებით სავსე მოგზაურობებს, კურშაველის თოვლიან ფერდობებსა თუ მაიამის მზიან სანაპიროებს, სადაც ოჯახის წევრები მუდამ მხარდამხარ პოზირებდნენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პრიალა ფოტოების მიღმა გაცილებით რთული და მტკივნეული პროცესები მიმდინარეობდა.

გარდამტეხი მომენტი ბრუკლინისა და ამერიკელი მილიარდერი მემკვიდრის, ნიკოლა პელტცის ქორწინება აღმოჩნდა. ის, რაც თავიდან უწყინარ ოჯახურ უთანხმოებად მოინათლა - მათ შორის ცნობილი დავა საქორწილო კაბის დიზაინზე - საბოლოოდ ნამდვილ ცივ ომში გადაიზარდა.
დაპირისპირების კულმინაცია ბრუკლინის სკანდალური აღსარება აღმოჩნდა, სადაც მან წლების განმავლობაში დაგროვილი წყენა საჯაროდ გამოიტანა და მშობლები ტოტალურ კონტროლში დაადანაშაულა.

ბრუკლინის თქმით, მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მუდმივი შფოთვის პირობებში გაატარა, სადაც ოჯახური „სიყვარული“ ხშირად სოციალურ ქსელებში დადებული პოსტებითა და კამერების წინ იდეალური იმიჯის შენარჩუნებით იზომებოდა.
მან გაამჟღავნა შოკისმომგვრელი დეტალები, მათ შორის ისიც, რომ მშობლები ქორწილამდე აიძულებდნენ ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლითაც საკუთარ გვარზე უფლებებს პრაქტიკულად დათმობდა. ბრუკლინმა აღნიშნა, რომ ვიქტორია და დევიდი ყველაფერს აკეთებდნენ მისი და ნიკოლას ურთიერთობის დასანგრევად, რადგან ნიკოლას „სისხლით ნათესავად“ არ მიიჩნევდნენ.

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ბრალდებები, რომლებიც უშუალოდ საქორწილო ცერემონიას ეხებოდა. ბრუკლინი იხსენებს, თუ როგორ „მიიტაცა“ ვიქტორიამ მისი პირველი საქორწილო ცეკვა, რომელიც მეუღლისთვის ჰქონდა მომზადებული, და როგორ იქცა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღე საჯარო დამცირებად.
ამ ყველაფერმა იქამდე მიიყვანა, რომ დღეს ბრუკლინი უარს ამბობს მშობლებთან შერიგებაზე. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახს ჩამოშორდა, მისი მრავალწლიანი ფსიქოლოგიური პრობლემები და შფოთვა გაქრა.
მიუხედავად იმისა, რომ დევიდი და ვიქტორია კვლავ ინარჩუნებენ „იდეალური ოჯახის“ იმიჯს დანარჩენ სამ შვილთან ერთად, ბრუკლინის არყოფნა მათ საჯარო ცხოვრებაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

ის აღარ ჩნდება მამის საიუბილეო წვეულებებზე და აღარც დედის მოდის ჩვენებებს ესწრება. უფროსმა ვაჟმა თავისი არჩევანი გააკეთა: მან ხმაურიან დიდებას, „ბრენდ ბექჰემს“ და მშობლების მიერ ნაკარნახევ წესებს პირადი თავისუფლება, მეუღლის გვერდით ყოფნა და ნანატრი სიმშვიდე ამჯობინა.
ბექჰემების ოჯახის ეს დრამა კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ყველაზე ბრწყინვალე ფასადის მიღმაც კი შეიძლება იმალებოდეს ტკივილი, რომელსაც ვერანაირი ფუფუნება ვერ გადაფარავს.
თემები:
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია