ოპტიმიზმის მინუსები და პესიმისიზმის პლუსები: რატომაა ზოგჯერ სასარგებლო "შავი სათვალე"?
- 13.04.2026
გვასწავლიან, რომ წარმატების საწინდარი პოზიტიური აზროვნება და მომავლის იმედია. გვჯერა, რომ ოპტიმიზმი გვაძლევს ენერგიას, რათა ვიმოქმედოთ და გავიმარჯვოთ. თუმცა, ფსიქოლოგები სვამენ რამდენიმე საინტერესო კითხვას: რამდენად გვეხმარება ზედმეტი თავდაჯერებულობა რეალურ ცხოვრებაში? იქნებ მომავლის ბრმა რწმენა დღევანდელ დღეზე პასუხისმგებლობას გვიმცირებს?
იმედი - მობილიზაცია თუ ილუზია?
ოპტიმიზმს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, ის გვეხმარება გავუძლოთ სირთულეებს იქ, სადაც მხოლოდ ლოდინი და მოთმინებაა საჭირო. მეორე მხრივ კი, იმედი ხშირად მიგვაჯაჭვებს არასწორ სტრატეგიას და არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ, რომ გზა, რომელსაც ვადგავართ, უფსკრულისკენ მიდის.

როდესაც ადამიანს სჯერა, რომ "ყველაფერი მაინც კარგად იქნება", ის დუნდება. პესიმისტის "ფხიზელი თვალი" კი ხშირად უფრო ეფექტურია, როცა საჭიროა ილუზიების მოშორება და რეალური მოქმედება.
როდის მარცხდებიან ოპტიმისტები?
კვლევები აჩვენებს, რომ ოპტიმისტები ბევრად წარმატებულები არიან იქ, სადაც წარსული გამოცდილება მუშაობს. ისინი ენერგიულად მიჰყვებიან ნაცად გზას და აღწევენ მიზანს.
თუმცა, ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ძველი მეთოდები აღარ ჭრის. სწორედ აქ აგებენ ოპტიმისტები - მათ უჭირთ იმის აღიარება, რომ ძველი გზა უპერსპექტივოა. პესიმისტები კი, რაკი ისედაც ეჭვის თვალით უყურებენ ყველაფერს, უფრო ადვილად ამბობენ უარს ჩვეულ სქემებზე, ეძებენ ალტერნატივებს და ხშირად გამოსავალს უფრო სწრაფადაც პოულობენ.

პროფესიული არჩევანი: სად სჯობია პესიმიზმი?
საინტერესოა, რომ პროფესიული წარმატებაც ხშირად ჩვენს განწყობაზეა დამოკიდებული:
-
ოპტიმისტები შეუცვლელები არიან მარკეტინგში, რეკლამასა და გაყიდვებში - იქ, სადაც მოგება დიდია, ხოლო შეცდომა არ არის კატასტროფული.
-
პესიმისტები საუკეთესო შედეგებს დებენ ბუღალტერიაში, ანალიტიკასა და ექსპერტიზაში - იქ, სადაც მთავარია არ შეცდე და დეტალებს არ გამოეპარო.
ოპტიმიზმი და პესიმიზმი ჩვენს შიგნითაა
ამერიკელი ფსიქოლოგი მარტინ სელიგმანი ამტკიცებდა, რომ ეს ორი მდგომარეობა მხოლოდ ფაქტების ინტერპრეტაციაა და მეტი არაფერი:
-
ოპტიმისტი თვლის, რომ კარგი მოვლენები კანონზომიერია, ხოლო ცუდი - შემთხვევითი.
-
პესიმისტი კი პირიქით - წარმატებას შემთხვევითობად მიიჩნევს, მარცხს კი გარდაუვალ კანონზომიერებად.

ოქროს შუალედი
სინამდვილეში, თავგამოდებულ ოპტიმისტებსა და პესიმისტებს ერთი საერთო თვისება აქვთ: ორივემ "ზუსტად იცის", რა მოხდება მომავალში. თუმცა, მომავლის წინასწარმეტყველება მხოლოდ ღმერთის პრეროგატივაა.
ყველაზე სწორი გზა რეალიზმია: საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობის აღიარება და მზადყოფნა როგორც წარმატებისთვის, ისე წარუმატებლობისთვის. მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ შედეგი მაინც ჩვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ "ვარსკვლავების განლაგებაზე".
თემები: ოპტიმისტი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია