გაზაფხულის პირველი თვე, გარდა იმისა, რომ სამყარო გამოცოცხლებასა და ნაცრისფერი საბნიდან თავისი მშვენიერების აფიშირებას იწყებს, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მარტი ქალების ერთ-ერთი, დიდი დღესასწაულის თვეა.
ქალების საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 8 მარტს აღინიშნება. ეს არის დღე, როდესაც ქალები, განურჩევლად თავიანთი ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ფსოფლმხედველობრივი განსხვავებულობისა, თავიანთ მიღწევებს აღნიშნავენ. ქალთა საერთაშორისო დღე პირველად ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, მუშათა მოძრაობების მიერ აღინიშნა მეოცე საუკუნის მიჯნაზე. მას შემდეგ, ქალთა საერთაშორისო დღემ გლობალური განზომილებებიც მოიცვა განვითარებად ქვეყნებში მისი აღნიშვნით.
ძალიან ბევრმა არ იცის ამ დღის მნიშვნელობა, ამიტომ გეტყვით, რომ 8 მარტი არის ერთიანობის, მოქმედების დღესასწაული. ქალთა საერთაშორისო დღე უკვე საუკუნის დღესასწაულადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ და ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი მნიშვნელობა წლებთან ერთად ძლიერდება კიდეც.
ქრონოლოგია
1909 წელი - აღინიშნა ქალთა პირველი, საერთაშორისო დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში, 28 თებერვალს. ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ ეს დღე 1908 წლის მუშათა გაფიცვის საპატივცემულოდ დააწესა დღესასწაულად. 1908 წელს ქალები ნიუ იორკში მუშათა უფლებებს აპროტესტებდნენ.
1910 წელი - მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალბატონების შეხვედრა კოპენჰაგენში გაიმართა, სადაც, შეთანხმდნენ, რომ ქალთა დღეს საერთაშორისო და ყოველწლიური ხასაითი მიეღო იმ ქალების პატივისცემის ნიშნად, რომლებიც ქალთა უფლებებს იცავდნენ. ეს იდეა კლარა ცენტკინს, სოციალ-დემოკრატების ლიდერს ეკუთვნოდა.
1911 წელი - კოპენჰაგენში მიღწეული შეთანხმების შედეგად, 1911 წლის 19 მარტს პირველად აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე ავსტრალიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. დაახლოებით მილიონზე მეტი ადამიანი ესწრებოდა ამ დღეს აქციებს, რომლებიც იმართებოდა ქალთა შრომითი უფლებებისთვის და თანასწორობისთვის.
1913-1914 წელი - ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიო ომის გასაპროტესტებელ მექანიზმად იქცა.შესაბამისად, იგი მშვიდობისა და თანასწორობის სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამ წლებში, რუსმა ქალებმა პირველად აღნიშნეს ქალთა საერთაშორისო დღე თებერვლის მიწურულს. ევროპის სხვა ნაწილებში კი სწორედ 8 მარტს იმართებოდა აქციები ომის გასაპროტესტებლად და სხვა მოძრაობების მხარდასაჭერად.
1917 წელი - ომის ფონზე, რუსეთში ქალთა მოძრაობამ კვლავ პროტესტული გამოსვლები დაიწყო თებერვლის ბოლოს (ეს პერიოდი გრიგორიანული კალენდრით 8 მარტს ემთხვევა). ოთხი დღის პროტესტის შემდეგ, რუსეთის მეფე გადადგა, ხოლო დროებითმა მთავრობამ ქალებს ხმის უფლება მიანიჭა.
1975 წელი - გაერთიანებულმა ერებმა მიიღო გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნულიყო 8 მარტს.
1995 წელი - 189 სახელმწიფოს მიერ მიღებულ იქნა პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა, რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერი ქალისა და გოგონას უფლებების ხელშეუხებლობას ისეთ საკითხებში, როგორიც არის თავისუფალი ნება, პოლიტიკური ნება, განათლების მიღება, შემოსავლის უფლება, ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალ სოციუმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლება.
2014 წელი - CSW-მ (გლობალური, სამთავრობოთაშორისო ორგანო, რომელიც გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე მუშაობს) 58-ე სესია გამართა, რომელიც ძირითადად ათწლეულის გამოწვევებსა და განსახორციელებელ მიღწევებს ეხებოდა ქალთა და გოგონათა უფლებების განვითარების საკითხებში. მონაწილეობას იღებდა მსოფლიოში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს წარმომადგენლები.
ქალთა ბრძოლა თანასწორობისთვის, არ არის ერთი კონკრეტული ფემინისტის მიღწევა, არც ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ან მოძრაობის, ეს არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანი და მისი უფლებები.
თემები: ქალები, ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, ქალთა უფლებები, მუშათა უფლებები, თანასწორობა
un.org
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია